თამთა ჩაჩანიძე
27.09.2021

გერმანიის ხელისუფლების სათავეში სოციალ-დემოკრატიული პარტია მოვიდა. ქვეყნის მმართველი ბლოკი კვირას გამართულ არჩევნებზე მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. გერმანიის მომავალი კანცლერი, სავარაუდოდ, გამარჯვებული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი გახდება, რომელიც კოალიციის შექმნას „მწვანეებთან" და „თავისუფალ დემოკრატებთან" გეგმავს. რას ნიშნავს ეს ცვლილება გლობალური თვალსაზრისით, რა გავლენას მოახდენს ეს გერმანიის პოლიტიკაზე აღმოსავლეთ ევროპაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?

ანალიტიკოსები პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აქტიური მომხრეები არიან. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაც სწორედ ამ მხრივ განიცდის ცვლილებებს. მართალია, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნას არავინ პროგნოზირებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ახალი ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობას შეარბილებს.

27 სექტემბრს დილით გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა. ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ ხმების 25.7% და, შესაბამისად, ბუნდესტაგში 206 მანდატი სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს. მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირისა და ქრისტიან სოციალისტური კავშირის ბლოკი კი, ექსპერტთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ მეორე აღმოჩნდა 24.1%-ითა და 196 მანდატით.

„მწვანეები" 14.8%-ით და 118 დეპუტატით მესამე ადგილზე გავიდნენ.

„თავისუფალმა დემოკრატებმა" 11.5%-ით მეოთხე ადგილი დაიკავეს და ბუნდესტაგში 92 მანდატი ერგოთ. შემდეგ მოდის ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" 10.3%-ით, მათი მანდატების რაოდენობა კი 83-ს შეადგენს.

სოციალ დემოკრატებმა გამარჯვება ჯერ კიდევ 26 სექტემბერს საღამოსი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ბერლინში პარტიის შტაბში აღნიშნეს. დიდ შეკრებას პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა, მხარდამჭერთა უმეტესობა იმასაც ვარაუდობდა, რომ ის შესაძლოა გერმანიის შემდეგი კანცლერიც გახდეს.

შოლცი აცხადებს, რომ ის კოალიციის შექმნას „მწვანეებთან" და „თავისუფალ დემოკრატებთან" გეგმავს. მისივე თქმით, გერმანელებმა ხმა მისცეს ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის ოპოზიციაში გადანაცვლებას.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ სოციალ-დემოკრატების გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლოა რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო შერბილდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, კოალიციის პირობებში პარტიის საბაზისო პრინციპები ისეთი მოქნილი აღარ იქნება.

„გერმანელი სოციალ-დემოკრატები რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობების მომხრე იყვნენ და ახლაც ალბათ ასეა. ამიტომ შესაძლოა გერმანიის პოლიტიკა რუსეთის მიმართ კიდევ უფრო შერბილდეს, მაგრამ აქ კიდევ ერთი შეზღუდვა შემოდის - მათ არ შეეძლებათ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რადგან კოალიციის შექმნა მოუწევთ და კიდევ მინიმუმ ორი პარტია იქნება. ასეთ პირობებში კი მათი შესაძლებლობები და პოლიტიკა ისეთი მოქნილი არ იქნება, რომ რაც პარტიას აქვს საბაზო პრინციპებად, ის განახორციელონ.

„ამიტომაც მაინც ვფიქრობ, რომ გერმანიის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების წარმოდგენა ძნელია. გერმანიის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა ბოლო ხანებში ვუყურებ და ვხედავ, რომ შოლცმა თავისი პიროვნული რეიტინგითაც ყველა თავის კონკურენტს აჯობა, მაგრამ, მოუხედავად ამისა, ის ქარიზმატული არ ჩანს და ვერც მერკელისა და ვერც ჰელმუტ კოლის სიმაღლეებს ვერ აღწევს და ალბათ ვერც მიაწევს. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში მთავარი იქნება არა ლიდერის პოზიციები, არამედ პარტიის პოლიტიკა.

„მხოლოდ საქართველოზე კი არა, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატიული პარტია ყოველთვის აქტიურია, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო აქტიურია იმ მიმართულებით, რომ რუსეთთან არსებობდეს უფრო მეტად კარგი ურთიერთობები. ამ კონტექსტში კი შესაძლოა ეცადოს რუსეთთან დაკავშირებით მეტ კომპრომისს მიაღწიოს, მაგალითად, სანქციები შეარბილოს. ასევე ნატოში გაწევრიანების საკითხში კიდევ უფრო ნაკლები შანსები გვექნება რომ გერმანია დავითანხმოთ, ვიდრე ეს ქრისტიან-დემოკრატების მმართველობის პირობებში იყო.

„ალბათ კოალიციაში „მწვანეები" იქნებიან. მეორე პარტიაც იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სოციალ-დემკრატების მიდგოიმები ცოტათი მაინც შეიცვლება. ამ თვალსაზრისით მათი მმართველობის პერიოდში ნატოს გაფართოვება კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელი გახდება.

„ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასაც ეხება, მაგრამ უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მაინც არ მოხდება, რადგან თავის დროზე გერმანიის პარლამენტი ამ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იყო. თუმცა, მაგალითად, სოციალისტები „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა შეჩერებული რომ იყო, აღდგენას ყოველთვის ითხოვდნენ. მთლიანობაში კი ისინი რუსეთთან უფრო უკეთეს ურთიერთობებს ემხრობიან, ეს მათი ხელწერაა," - განაცხადა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×