რეზონანსი
06.10.2021

„ძვირფასო ვლადიმერ, გახსოვთ...“-ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ჰააგის სასამართლოს წინაშე ადამიანმა, რომლის ქალიშვილიც „მალაიზიური ბოინგის“  298 მსხვერპლთა შორის არის. მან მიმართა  არა იმ დამნაშავეებს, რომლებმაც სარაკეტო-საზენიტო დანადგარ „ბუკი“-დან 2014 წლის 17 ივლისს გაისროლეს და სამგზავრო ლაინერი იმსხვერპლეს, არამედ იმას, ვინც რუსეთის ფედერაციის სათავეშია.  მიზეზი კი ის არის, რომ მთელი მსოფლიო და დაღუპულთა ოჯახები პასუხისმგებლობას ამ საშინელ ტრაგედიაზე პირდაპირ კრემლს აკისრებენ. როგორც ცნობილია, გაერთიანებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, სწორედ რუსული სამხედრო ბაზიდან მოხდა „ბუკის“ გატანა და აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტებისთვის მისი გადაცემა. „ბუკი“ დონბასის მახლობლად სამგზავრო ლაინერს მოხვდა და  298 სხვა და სხვა ეროვნების უდანაშაულო ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა. რუსეთის ხელისუფლება კი დღემდე ცდილობს დაფაროს თავისი დანაშაული, მალავს უმნიშვნელოვანეს სიმართლეს და ცდილობს დააჯეროს ყველას, რომ არასოდეს დახმარებია სეპარატისტებს და არც უკრაინის ანექსია მოუხდენია. თუმცა, დღეს, ნიდერლანდებში  საუკუნის პროცესად წოდებული სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, რომელზეც  მთავარი ბრალდების ობიექტი კრემლია. ამიტომაც, იოს ჯიონატენმა, რომლის ქალიშვილიც „ბოინგის“ მგზავრი იყო, თქვა, რომ სურს კითხვა არა 4 ოფიციალურ ბრალდებულს, არამედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაუსვას: „ ძვირფასო ვლადიმერ,  გახსოვთ, 20 წლის წინ, 2000 წელს, როდესაც ბარენცის ზღვაში წყალქვეშა ნავი „კურსკი“ ჩაიძირა, თქვენ მათ ნათესავებთან საუბრის შემდეგ დათანხმდით ორი ჰოლანდიური კომპანიის Smit Internationale და Mammoet დახმარების მიღებაზე? მათ „კურსკი“ ფსკერიდან ამოიყვანეს. გახსოვთ, 2001 წლის 21 ოქტომბერს ჰოლანდიელებმა 118-დან 115 ცხედარი ამოიყვანეს მურმანსკის ნავსადგურში? იცით, რომ MH17-ის მსხვერპლთა ნათესავებიც სიმართლის დადგენას ისევე ველით, როგორც ამას „კურსკის“ ეკიპაჟის ნათესავები ელოდნენ?“ 

 დღეს, ჰააგაში, ბრალდებულთა სკამზე  რუსეთის სამი მოქალაქე-იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი და ასევე უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო უნდა მსხდარიყვნენ, მაგრამ მათ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვეს. რუსეთი მათ დამნაშავედ არ სცნობს და პირიქითაც, მათ სასათბურე პირობები უქმნის. თუმცა, ჰოლანდიის პროკურატურის აზრით, სწორედ თვითაღიარებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტებმა, რომლებსაც მხარს კრემლი უჭერდა,  რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე გადაიტანეს და 298 ადამიანის მკვლელობაში საკვანძო როლი ითამაშეს. 

რაც შეეხება ჰააგის პროცესის უკანასკნელ მოვლენებს, ბოლო კვირების განმავლობაში სასამართლოს წინაშე „მალაიზიური ბოინგის“ მსხვერპლთა მშობლები, მეუღლეები, შვილები და ოჯახის სხვა წევრები წარსდგნენ. ისინი  იმის შესახებ ყვებოდნენ, თუ რა გზა გაიარეს ამდენი წლის განმავლობაში და რა ტკივილი გადაიტანეს. როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოში სიტყვის თქმა დაღუპულთა 90-მა ნათესავმა გადაწყვიტა. მათმა უმრავლესობამ 2014 წელს ოჯახის წევრები  დასასვენებლად გაუშვა. MH17-ის  ბორტზე, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, 80 ბავშვი იმყოფებოდა. სასამართლოს მიმდინარეობისას, მსხვერპლთა ახლობლები  იმის თაობაზე ყვებოდნენ, რომ  ტრაგედიის შემდგომ დღეებში მათ  ოჯახის ექიმებთან მისვლა  და „მასალების“ შეგროვება მოუწიათ იმისთვის, რომ შემდეგ დაღუპულები ამოეცნოთ. პიტერ ბატსის  დახმარება 12 წლის შვილის ამოცნობაში, მხოლოდ ბავშვის სტომატოლოგმა შეძლო.

 მსხვერპლთა ცხედრები მინდორში იყო დაფანტული და ჰოლანდიაში მათ ნაწილ-ნაწილ აგზავნიდნენ. დაღუპულთა დაკრძალვა რამდენიმეჯერ უწევდათ, რადგან ცხედრების ფრაგმენტებს მთელი წლის განმავლობაში აბრუნებდნენ. მათ, ვინც ამ ავიაკატასტროფაში ახლობლები დაკარგა, დღემდე კოშმარები აწუხებთ. სასამართლოს წინაშე ისინი ყვებოდნენ, რომ ღამით უკრაინის მინდვრები და თვითმფრინავის ნამსხვრევები ესიზმრებათ.  

ის, რომ მთავარ დამნაშავედ სწორედ კრემლს მიიჩნევენ და არა უკრაინელ სეპარატისტებს, ამაზე კიდევ ერთი დაღუპულის ოჯახის წევრის რეპლიკაც მეტყველებს. ნიდერლანდების მოქალაქე რია ვან დერ სტინმა 4014 წლის 17 ივლისს ავიაკატასტროფაში ვაჟი დაკარგა. „ისინი იტყუებიან. ჩვენ ვიცით, რომ ისინი იტყუებიან და მათაც იციან ის, რომ მათი ტყუილის შესახებ ჩვენ ვიცით.“ 

 საუკუნის პროცესად წოდებული სასამართლო პროცესი კვლავ 2021 წლის ნოემბერში განახლდება, ჰოლანდიის პროკურატურა  საბრალდებო დასკვნას წარადგენს. განაჩენს ერთი წლის შემდეგ გამოიტანენ. თუმცა, ეს არ იქნება მხოლოდ 4 ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი. ეს იქნება პასუხი იმ დანაშაულზე, სისასტიკესა და სიცრუეზე, რაც რუსეთის ფედერაციის საფირმო ნიშნად იქცა. 

ლევან ცარციძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×