თამთა ჩაჩანიძე
07.10.2021

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რიგი მიზეზების გამო ამერიკა შეიძლება ჩინეთთან ომში აღმოჩნდეს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, როგორც ჩანს, ტრამპს კიდევ ერთხელ სურს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.

„იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული მმართველობა ჰყავს, ჩვენ შეიძლება ჩინეთთან ომში აღმოვჩნდეთ, რომელიც ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს. ისინი ჩვენი სატელევიზიო გენერლების „თალიბანის" წინაშე სრული ჩაბარების მოწმენი გახდნენ. ჩვენ ავღანეთში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. ერთადერთი, რაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, ეს არჩევნების გაყალბება და დანაშაულებრივი ქმედებებია. ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. ახლა სწრაფად მოქმედების დროა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ტრამპი როგორც ყოველთვის, ცოტა რადიკალია. ის ყოველთვის ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ხელს ბაიდენსა და მის გუნდს ადებდა, შესაბამისად ახლა როგორც ჩანს მას კიდევ ერთხელ უნდა რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. პრინციპში ასეც იქნება, რადგან რესპუბლიკელებს ჯერჯერობით ღირსეული კანდიდატი და ტრამპის შემცვლელი არ მოეპოვებათ.

„ახლა ბაიდენი სამხედროებთან კონფლიქტთან დაკავშირებით ახალ სკანდალში გაეხვა, რომელმაც შესაძლოა იმპიჩმენტის განვითარებაც გამოიწვიოს. ბაიდენის ადმინისტრაციას ავღანეთში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, რის საფუძველზეც ამერიკის გავლენას ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში პულსი არ ესინჯება. ამ მიმართულებით კი ჩინეთმა თავის პოზიციები საკმაოდ გააძლიერა.

„ჩინეთი ახლა აპირებს, რომ ზებგერითი ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების დატესტოს, რომელიც ამერიკას საკმაოდ სერიზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან ჩინეთს შესაძლოა ამერიკამდე დაახლოებით 20 წუთში დასავლეთ სანაპიროს ბირთვული ქობინების დაბომბის პერსპექტივა გაუჩნდეს, რომელიც ამერიკაზე ზეწოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია.

„ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ ფაზაში გადადის, ეს ტრამპმა დაიწყო და ბაიდენმა გააგრძელა. აშშ-ს ჩინეთის გაძლიერება უფრო ადარდებს, ვიდრე რუსეთის. მით უმეტეს ჩინეთი პაკისტანთან ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას ცდილობს. აქ მთელი კომბინაციებია და მაგ კუთხით საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა.

„ამერიკას ავღანეთში ტექნიკის დატოვებამ ის ზარალი მიაყენა, რომ თალიბანმა ახალი სამხედრო ტექნოლოგია ამერიკელების დაუძინებელ მტრებს ირანელებს მიჰყიდეს, ირანელებს ხელში ჩაუვარდათ ამერიკის ახალი ტექნოლოგიები და შესაბამისად ისინი ანალოგიური ტიპის ტექნიკას გამოუშვებენ, სანქციები კი ასეთ შემთხვევაში აზრს კარგავს," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×