ხატია ბერიძე
15.10.2021

რუსეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები 11%-ით გაიზარდა, მსოფლიოში ამ დრომდე ვაქცინების 6.6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, რაც მოსახლეობის 43%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა სერთო რაოდენობამ მსოფლიოში 240 მილიონს გადააჭარბა, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.89 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 217 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის კოვიდით ინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა, 45.6 მილიონი აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზე ინდოეთია, სადაც 34 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მას მოსდევს შემდეგ ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 31 299 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. გარდიცვალა 984 ადამიანი, რაც ასევე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.58%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861-მდე. გარდაიცვალა 26 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში საქართველოში 9 396 პირი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს მსოფლიოში 46 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე 10 %-ით ნაკლებია. ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი შემცირებულია ყველა რეგიონში, ევროპის გარდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამები მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება.

„ალფა" ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად" მოიხსენებენ, 195-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა", ე.წ. „სამხრეთაფრიკული" ვარიანტი - 145 ქვეყანაში, „გამა", ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - 99 ქვეყანაში. რაც შეეხება „დელტა" შტამს, რომელიც „ინდური ვარიანტის" სახელითაა ცნობილი, ამ დროისთვის ის მსოფლიოს 191 ქვეყანაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843 ადამიანი აიცრა, ქვეყანაში ჯამში 1 899 938 აცრაა ჩატარებული.

მსოფლიოში ამ დრომდე ვაქცინების 6.6 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში საშუალოდ 27.6 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 43%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე მეტი ვაქცინირებული ჩინეთშია, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.22 მილიარდს გადააჭარბა და მოსახლეობის 74.8% სრულიად აიცრა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 968 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 576 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 404 მილიონი, რაც სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 56.6%-ია. სრულად ვაქცინირებულია ევროკავშირის მოსახლეობის 65.9% .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×