თამთა ჩაჩანიძე
21.10.2021

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამიტი იმართება. მთავარი საკითხი ვარშავისა და ბრიუსელის დაპირისპირებაა, მიზეზი კი ისაა, რომ 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგიერთი ელემენტი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამ საკითხისა, ექსპერტების აზრით, სხდომაზე შეიძლება ევროკავშირი-აშშ, ნატო-რუსეთის ურთიერთობები განიხილონ, ასევე შესაძლოა საუბარი იყოს მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზეც.

როგორც გერმანიის კანცლერმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, განხილვის მთავარი თემები პოლონეთში არსებული ვითარება, ბელარუსი და კლიმატური ცვლილებები იქნება.

„ვიმსჯელებთ, რა ფორმის ეკონომიკური სანქციების დაწესება შეგვიძლია, რომ კიდევ ერთხელ ნათლად ვთქვათ - ვგმობთ ადამიანების ტრეფიკინგს, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს", - განაცხადა მერკელმა ბელარუსზე საუბრისას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სამიტის მთავარი თემა პოლონეთთან ურთიერთობა იქნება, თუმცა ასევე განსახილველია, პანდემიასთან ბრძოლისა ისეთი ტიპის საკითხები, რომლებიც ჩინეთს, რუსეთს და ნატოს შეეხება.

„პოლონეთთან და უნგრეთთან ურთიერთობაზე რომ იქნება საუბარი, ეს გასაგებია, ყველაზე რთული მოსაგვარებელი თემა მიგრაციის საკითხია, რომელიც ევროკვშირის შიგნით დაძაბულობის მიზეზი გახდა, ასევე განსახილველია კოვიდთან ბრძოლის სტრატეგია, საერთო ხედვის წარმოჩენა, რაზეც ასევე განსხვავებული მიდგომებია.

„ასევე საუბარი იქნება თავდაცაზეც, რომელიც დრის წესრიგში არაერთხელ დამდგარა - ბრიტანულ-ფრანგული და ფრანგულ-გერმანული ინიციატივები, ეს თემა რამდენად შორს წავა, ამაზე საუბარი მიჭირს, არა მგონია, რომ ევროკავშირმა ახალი ერთიანი ევროპული სამხედრო ძალების ბლოკის შექმნა გაქაჩოს, ეს უფრო ზოგადი საუბრებია, ვიდრე რეალური შინაარსის მატარებელი.

„შეიძლება ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთობაც განიხილონ, განსაკუთრებით ჩინეთის გაზრდილი როლის ფონზე, რაც ევროკავშირში განსხავებულ მიდგომებს იწვევს, ბუნებრივია საუბარი „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ზეც იქნება, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, რადგან ნატო-რუსეთის ურთიერთობა საერთოდ დაიძაბა. რუსეთმა ნატოს შტაბბინიდან თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გამოიწვია და ფაქტიურად მოსკოვში ალიანსის საინფორმაციო ცენტრი დახურა. შესაძლოა საუბარი იყოს მოლდოვა-უკრაინა-საქართველოზე თუ როგორი იქნება ევროკავშირის ურთიერთობები ამ ქვყნებთან.

„პოლონეთს და ევროკავშირს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებები აქვთ. იქ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლონეთის ეროვნული კანონები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საკანონმდებლო ბაზა, ეს სამართლებრივი დავაა. პოლონეთს თავისი ამბიციები აქვს, ყოველ დღე ძლიერდება, ის გახდა ევროკავშირის საკმაოდ გავლენიანი სახელმწიფო, რომლის ეკონომიკა გერმანიის ეკონომიკას უახლოვდება, შესაბამისად ქვეყანას უნდა, რომ ევროკავშირში თავისი პოზიცია ჰქონდეს." - განაცხადა, მან.

მისივე თქმით შესაძლოა სხდომაზე საქართველოსაც შეეხონ, ოღონ სააკაშვილის საკითხი სამიტის დონეზე განხილული არ იქნება.

„სააკაშვილის თემა ეს ნამეტანი წვრილი საკითხია, რომ ევროკავშირის დონეზე განიხილებოდეს, ცალკეული ევროპარლამენტარები ამინდს ვერ ქმნიან, შესაძლოა საქართველოზე იყოს საუბარი თუ როგორი იქნება შემდგომი უვიზო მიმოსვლის ამბავი, რადგან საქართვლოდან საკმაოდ დიდი რაოდენობით გადიან მიგრანტები, ლეგალურად თუ არალეგალურად, საქართველოს მიგრაციის თემა საკმაოდ შემაშფოთებელ ზომებს იღებს, რაც ევროპას ბევრ პრობლემას უქმნის,"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×