თეონა ვეშაგური
20.11.2021

აშშ-ს დაზვერვა ევროკავშირს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ რუსული არმია ახლო მომავალში უკრაინაში შეჭრას გეგმავს. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს. მისი აზრით, რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა და ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე დაწყებული მიგრანტთა კრიზისი ერთი გეგმის ნაწილებია და ამ გეგმაში თავისი აგრესიის ერთ-ერთ ობიექტად კრემლს შესაძლოა საქართველოც ჰყავდეს გათვალისწინებული.

უკრაინაში რუსული ჯარის გააქტიურების აღსაკვეთად ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ მოსკოვის შესაკავებლად მისაღები ზომები უნდა დაჩქარდეს, - „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ამის შესახებ ამერიკულმა დაზვერვამ ევროპის ქვეყნებში თავისი კოლეგები გააფრთხილა.

ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს უკრაინის უფრო დიდ ნაწილზე კონტროლის მოსაპოვებლად, ან ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, რათა ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც კრემლი გააფრთხილა, ახალი შეცდომა არ დაუშვას. ბლინკენის განცხადებით, რუსეთის განზრახვები გაურკვეველია, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოსკოვი მეზობლის წინააღმდეგ ახალი აგრესიის ჩადენით სერიოზულ შეცდომას დაუშვებს.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული.

16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება.

18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ვითარებას საყურადღებოსა და საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანს უწოდენს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. მისი აზრით, რუსეთი ამ თავდასხმას დიდი ხანია გეგმავს და ეს პროცესი მხოლოდ უკრაინას არ შეეხება.

„გასული წლის იანვარ-თებერვლიდან იგეგმება რუსეთის უკრაინაში შეჭრა. მათ უკვე მოამზადეს თავისი რესურსები ამ პროცესების დასაწყებად და ჰიბრიდული ომიდან დაწყებული ყველანაირ ზეწოლას ახორციელებენ.

„ამერიკული მხარე აბსოლიტურად მართალია, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. სამწუხაროდ, დრო შეზღუდულია.

„აღსანიშნავია, რომ რასაც ბელარუსი პოლონეთის მიმართ ახორციელებს, ესეც ამ გეგმის ერთგავარი ნაწილია. ჩვენ ვხედავთ რა ვითარებაა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე. ბელარუსიდან პოლონეთში მიგრაციის მიზნით არარეგალურად შეღწევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა სცადა. საზღვარზე თავმოყრილი მიგრანტები კი გაუსაძლის პირობებში არიან.

„აქედან გამომდინარე უმძიმესი სიტუაციაა. ახლა ევროპა გაერთიანებული უნდა იყოს, რათა არ გამოიწვიოს, ის პროცესები რომელიც რუსეთს სურს, რათა, განახორციელოს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკით დასახული მიზნები.

„თანაც, ეს პროცესები შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს. თუ რუსეთი უკრაინას დაარტყამს, ჩვენც არ ვიქნებით განყენებულ მდგომარეობაში. ასე რომ, აქ მხოლოდ უკრაინაზე არ არის საუბარი, ახლა საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის სუვენერიტეტის დაცვის საკითხი დგას", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×