ხატია ბერიძე
22.11.2021

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაური უკრაინაში რუსეთის შეჭრას დაახლოებით ერთ თვეში ვარაუდობს - პოლიტოლოგის შეფასებით კი მოსკოვის მთავარი გეგმა უკრაინისთვის შავი ზღვის სანაპიროს ჩამორთმევა და პრეზიდენტ ზელინსკის ხელისუფლების შეცვლაა.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს საბრძოლო დრონები. ამის შემდეგ, 10-15 სექტემბერს ჩატარდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლის დსრულების შემდეგაც რუსეთმა წვრთნებში მონაწილე 41-ე არმია ყაზარმებში დაბრუნების ნაცვლად უკრაინის საზღვრისკენ გადაისროლა.

ამჟამად ეს ნაწილები უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან. ეს შეიარაღება მოიცავს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალ არტილერიას და მათთან დაკავშირებულ დამხმარე აღჭურვილობას.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ იელნისთან, უკრაინის საზღვრიდან 250 კილომეტრში, 1000-მდე ერთეული რუსული ჯავშანტექნიკაა განლაგებული.

გარდა ამისა, ბოლო კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს რუსული ეშელონებისა და სამხედრო მანქანების კოლონების გადაადგილება. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადააქვთ სამხედრო დანადგარები და აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები და სარაკეტო დანადგარები. ეს ტექნიკა, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვრების მიმართულებით, რუსეთის დასავლეთ რეგიონებში გადაჰქონდათ.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაური კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის ან თებერვლის დასაწყისში აპირებს.

მისივე თქმით, ეს თავდასხმა ბევრად უფრო გამანადგურებელი იქნება ვიდრე 2014-ში. თავდასხმა შეიძლება მოიცავდეს საჰაერო და საარტილერიო იერიშებს, ჯავშანტექნიკას, საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესასა და მარიუპოლში და მეზობელი ბელარუსიდან მცირე მასშტაბის შეტევებს.

Washington Post-თან უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლესკი რეზინკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია რუსეთის გეგმა პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა თუ არა, მაგრამ, ცხადია, რომ რუსეთი ზრდის სამხედროების რიცხვს და შეიარაღებას ოკუპირებულ ყირიმში, ასევე, საზღვრებთან მოკლე მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს ამონტაჟებენ.

ბუდანოვი ამბობს, რომ ასეთი თავდასხმებით რუსეთი უკრაინის შიგნიდან დესტაბილიზაციას შეეცდება.

,,არ ვიცით პუტინის გეგმა, მაგრამ მათი ქმედებები ჩვენს ყურადღებას იქცევს. ვფიქრობ, მათ ქვეყანაში უფრო რთული და სახიფათო სიტუაციის შექმნა სურთ, როგორიცაა - მთავრობის შეცვლა, თუ ამას ვერ მოახერხებენ, შემდეგ სამხედროები მიხედავენ საქმეს", - ამბობს ბუდანოვი.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ, პირველად აშშ-სგან შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემაც გამოიყენა.

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას რუსეთ-უკრაინის საზღვართან არსებულ დაძაბულობას აფასებს და მოსალოდნელ სავარაუდო მოვლენების განვითარებას აღწერს. მისი შეფასებით, ამჟამად პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტთა კრიზისიც მოსკოვის პროვოცირებულია და იგი პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში ვითარების დაძაბვას.

„რუსეთმა უკვე დაიწყო სამხედრო მუქარა და მისი ძალების დემონსტრირება რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთმა პოლონეთზე ჰიბრული შეტევა განახორციელა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და ამ ქმედებით პუტინმა ღიად თქვა, რომ მე გადავედი ვა-ბანკზე, რაც კიდევ უფრო სახიფათოა უკრაინისთვის. სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარე წამსვლელია ვა-ბანკზე.

,,სიტუაცია იმდენად მძიმეა, შესაძლოა ომი ყოველ წამს დაიწყოს. საომარი მოქმედებების განახლდება მე ვფიქრობ იანვრის ბოლოსა. რუსეთის მთავრი მიზანია კიევი აიძულოს შეცვალოს გეოსტრატეგიული გეგმა. გამორიცხული არ არის მთლიანი უკრაინული სანაპიროს დაკავება და მისი უკრაინისთვის გამოყენების შეზღუდვა. რუსეთი ასევე შეეცდება ზელენსკის ხელისუფლების შეცვლას და უკრაინის სამხედრო ნაწილების ალყაში მოქცევას.

"პუტინს არ მოსწონს ზელინსკის რეჟიმი და მისი მთავარი მიზანია უკრაინაში ჩამოაყალიბოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კრემლის პოლიტიკას სრულად მიემხრობა და გაიზიარებს. საფრთხე იმდენად ახლოსაა, რომ უკრაინა უკვე დეტალურად აწვდის დასავლეთს ინფორმაციას, რათა ისინი მობილიზდნენ", -განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×