თამთა ჩაჩანიძე
01.11.2022

8 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდება. წინასაარჩევნო კვლევებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რესპუბლიკელები ლიდერობენ და დიდია ალბათობა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მიიღონ. აშშ-ში ბევრი, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ დემოკრატთა დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარება შემცირდეს, რადგან, როგორც ამერიკული მედია წერს, რესპუბლიკელთა ბანაკში იზოლაციონისტური განწყობების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

თუმცა ანალიტიკოსთა და დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ში ორპერტიულია და რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის როლი არ შემცირდება.

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინის დახმარების შემცირება მისაღები არაა, რადგან ეს ნიშნავს სიტუაციის დაძაბვას, გართულებას, უკრაინაში კი საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას. მისივე თქმით, რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაშიც ნაკლებ სავარაუდოა ამ მხრივ აშშ-ის პოლიტიკა შეიცვალოს, რადგან ოპოზიციურ ფრთაში მნიშვნელოვანი ნაწილიც უკრაინის დახმარების მომხრეა.

ვინ რას ფიქრობს დასავლეთში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები გავლენას არ მოახდენს ქვეყნის პოზიციაზე უკრაინის მიმართ და რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაშიც ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში და სენატში იქნება მკაფიო უმრავლესობა, რომელიც უკრაინის მასშტაბურ მხარდაჭერას განაგრძობს", - თქვა სტოლტენბერგმა.

მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკელმა, მისი თქმით: „მომავლის წინასწარმეტყველება ვერავინ შეძლებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვნახეთ, მხარდაჭერა ურყევი და ორპარტიულია".

რამდენიმე დღის წინ კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ.

„დიახ, შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო, რადგან მათ თქვეს, რომ დახმარებას შეწყვეტენ", - განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში ვიზიტის დროს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო.

რას ამბობენ რესპუბლიკელთა რიგებში

აშშ-ში ტრადიციულად ლურჯ ფერს დემოკრატები წარმოადგენენ, წითელს კი რესპუბლიკელები, როგორც „ბიბისის" რუსული სამსახური წერს, ბოლო გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, რომ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ და მომავალ კვირას ამერიკას შესაძლოა „წითელმა ტალღამ" გადაუაროს. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი იურიდიულად 2023 წლის პირველ იანვარს დაიწყებს მუშაობას.

რას შეიძლება ელოდოს უკრაინა, თუ რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ? - ამერიკული პრესა უკვე წერს რესპუბლიკელთა რიგებში იზოლაციონისტური ტენდენციების შესახებ, რომლებიც ცდილობენ განზე გადგნენ მიმდინარე საერთაშორისო პროცესებისაგან. მაგალითად, მაისში, როცა აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას, წარმომადგენელთა პალატაში პრაქტიკულად ყველა დემოკრატმა და რესპუბლიკელების უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 57 რესპუბლიკელი იყო.

დახმარების მომხრე 139 რესპუბლიკელი იყო, მაგრამ მედია წერდა, რომ ოპოზიციურ ბანაკში იზოლაციონისტური განწყობების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

18 ოქტომბერს „ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რომ უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ, მომავალ წელს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების სავარაუდო სპიკერმა და ნენსი პელოსის სავარაუდო შემცვლელმა, განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია პალატაში შუალედური არჩევნების შედეგად უმრავლესობას მოიპოვებს, მათ, შესაძლოა, უკრაინას ისეთივე დახმარება არ გაუწიონ, როგორსაც აშშ ახლა უწევს ომში მყოფ ქვეყანას.

„ჩემი აზრით, იმ დროს, როცა ჩვენი ეკონომიკა კრიზისშია, უკრაინისთვის ჩეკის გამოწერას არავინ დათანხმდება. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებას დემოკრატები არ ცდილობენ. ხალხი ამას ხედავს და გრძნობს. დიახ, უკრაინის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რითაც დაკავებული უნდა ვიყოთ", - განაცხადა კევინ მაკარტნიმ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი უკრაინის დახმარების წინააღმდეგ არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს საკუთარი საზღვრის დაცვაზე და შემდეგ უკრაინაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკული იმიგრაციის რეფორმირებისათვის" აცხადებს, ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის საზღვარი უკანონოდ, არალეგალურად თითქმის 5,5 მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა.

ისინი, ვინც უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი კატასტროფულად მატულობს და 30 ტრილიონ დოლარს აღემატება. ისინი მიიჩნევენ, რომ კიევმა ვაშინგტონს ანგარიში თითოეული ცენტის დახარჯვაზე უნდა ჩააბაროს. ამას ამბობდნენ ის დეპუტატები, რომოლებმაც მაისში უკრაინის დახმარებას მხარი არ დაუჭირეს.

კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელების უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, თუმცა, როგორც „ბიბისის" რუსული გამოცემა წერს, არიან ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა სიტუაციას სხვანაირად ხედავდეს. წყარო სენსაციურს უწოდებს ინვესტორისა და წიგნის „სოფლის ელეგიის" ავტორის ჯეიმს ვენსის განცხადებას, რომელსაც, გამოკითხვების მიხედვით, ოჰაიოს შტატში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. ვენსის პირვლი განცხადების თანახმად, მას არ აინტერესებდა უკრაინის ბედი, შემდეგ კი მან უკრაინას წარმატება უსურვა, მაგრამ არა აშშ-ს დახმარების ხარჯზე.

„ვფიქრობ, ჩვენ მივედით იმ დონემდე, რომ უნდა უკრაინისთვის ფულის ონკანი უნდა გადავკეტოთ, ჩვენ გრძელვადიან შეიარაღებულ კონფლიქტს ვერ დავაფინანსებთ", - განაცხადა ვენსმა.

ვენსი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ევროპელები, განსაკუთრებით კი ბრიტანელები, უკრაინას დიდ დახმარებას უწევენ, მაგრამ ამერიკულის მოცულობა რამდენჯერმე მეტია და მათი შეფასებით, როცა ამერიკა უკრაინას დახმარებას აღარ გაუწევს, იქნებ ევროპამაც გაუზარდოს და „ხელი გაანძრიოს".

სექტემბერში ორგანიზაცია „პოლიტიკური მოქმედების კონსერვატიულმა კონფერენციამ" „ტვიტი" გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია იყო, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა საკმარისი იყო. ამას კრიტიკოსები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ კრემლის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. მოგვიანებით „ტვიტი" წაიშალა და ავტორებმა განაცხადეს, რომ ისინი კრემლის მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ამერიკელები, რომლებიც გადასახადს იხდიან, „ვალდებული არ არიან, ხარჯები მუდმივად გასწიონ".

რა შეიცვლება რესპუბლიკელების გამარჯვებით

ანალიტიკოსი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაშიც უკრაინის დახმარება არ შემცირდება.

„ის სცენარი, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის დახმარების შემცირებაას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა მისაღები არაა, რადგან ეს ნიშნავს სიტუაციის დაძაბვას, გართულებას, უკრაინაში საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას და ა.შ. ამ პროცესებში აშშ-ის როლის შემცირება კარგს არაფერს მოასწავებს, მაგრამ მე პირადად არ მგონია, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, მხედველობაში მაქვს არა ის, რომ რესპუბლიკელების წარმატება შეუძლებელია, არა. მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ რესპუბლიკელების ფრთის გაძლიერებამ უკრაინისადმი დახმარების პროცესზე ნეგატიურად იმოქმედოს.

„რესპუბლიკელთა ისტებლიშმენტში უმრავლესობა იმგვარი პოლიტიკური მოღვაწეა, რომლებსაც რუსეთთან ბევრად უფრო დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ისინი საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს აუცილებლად გაუწევენ და ამერიკაში კი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის დახმარების მომხრეა. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ამ არჩევნებმა კონგრესის პოლიტიკურ განწყობებში ცვლილება გამოიწვიოს და აშშ-ის როლი შეამციროს უკრაინაში რუსული აგრესიის აღკვეთის საქმეში.

„ეჭვი მეპარება, რომ რესპუბლიკური პარტიის თუნდაც სერიოზულმა წარმატებამ უკრაინის დახმარების პროცესზე სერიოზულად უარყოფითად იმოქმედოს", - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×