თეონა ვეშაგური
06.11.2022

რუსეთი შეიარაღებას არა მხოლოდ ირანისგან, არამედ უკვე ჩრდილოეთ კორეისგანაც იღებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, სამხედრო ექსპერტის თქმით, მისი სამხედრო წარმოება არ აღმოჩნდა მზად ამ ტიპისა და ხანგრძლივობის ომისთვის, რის გამოც არ ჰყოფნის შეიარაღება და მათ დამზადების ნაცვლად, დროისა და საკმარისი გამოცდილების ნაკლებობის გამო, ურჩევნია ის მოკავშირე ქვეყნებისგან შეისყიდოს.

2 ნოემბერს, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად აწვდის რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ომისთვის, ვრცელდება სატელიტის ფოტოები და ინფორმაცია, რომ 4 ნოემბერს, თანამგზავრმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მიმავალი მატარებელი დააფიქსირა.

სატელიტის მიერ დაფიქსირებული მატარებელი კი ერთ-ერთი პირველია წლების განმავლობაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა.

აღნიშნულზე ინფორმაციას „38 ნორზ" ავრცელებს და აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა მატარებლის ტვირთისა და რეისის დანიშნულების დადგენა:

„მატარებლის მიზნის დადგენა სურათებიდან შეუძლებელია, მაგრამ გადაკვეთა ხდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიყიდვის შესახებ ცნობებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის აღდგენის ზოგადი მოლოდინის ფონზე".

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პირველი მატარებელი, რომელიც დაფიქსირდა სატელიტურ სურათებზე, არ ნიშნავს რომ ის ერთადერთი მატარებელია, რომელიც გადაკვეთა საზღვარი ბოლო თვეების განმავლობაში".

ბევრი უარყოფის შემდეგ, შაბათს ირანმაც აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.

მისივე ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების „მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. ირანელი მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას ამჟამადაც განაგრძობს.

„ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ წამოიწყო აურზაური იმის შესახებ, რომ ირანი უკრაინაში მიმდინარე ომში დასახმარებლად რუსეთს რაკეტებსა და დრონებს აწვდის. რაკეტების ნაწილში ეს განცხადება სრულიად მცდარია. დრონების ნაწილში მართალია და მათი მცირე ნაწილი რუსეთს ომის დაწყებამდე თვეებით ადრე მივაწოდეთ", - ამბობს ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ თეირანი და კიევი ამ ბრალდებების განხილვისთვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის წარმომადგენელი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მინისტრის სიტყვებით, თეირანი „გულგრილი არ დარჩება", თუ დადასტურდება, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული დრონები გამოიყენა.

ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ირანული დრონების უკრაინაში გამოყენებას გამოეხმაურა.

„ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობაზე. ქვეყანა, რომელიც ავიწროებს საკუთარ ხალხს, ახლა რუს მონსტრებს ევროპის გულში მასობრივი მკვლელობებისთვის იარაღს აძლევს. სწორედ ამას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმეები და ტოტალიტარიზმთან დათმობაზე წასვლა. ეს ის შემთხვევა, როცა სანქციები არ არის საკმარისი", - დაწერა მან „ტვიტერზე".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთს ურჩევნია დროის მოგების მიზნით იარაღი მოკავშირეებისგან შეისყიდოს.

„რუსეთი არ მოელოდა ამ ტიპისა და ასეთი ხანგრძლივობის ომში ჩართვას. მას სირიის სამხედრო კამპანიის პერიოდიდან გააჩნია საბრძლო მოქმედებების ძალიან მცირე გამოცდილება. რუსეთი უკრაინის სამხედრო კომფლიქტისთვის სხვა გათვლებით ემზადებოდა, თუმცა ეს კონფლიქტი გაჭიანურდა, ამიტომ სამხედრო ოპერაციებში ახალი ელემენტების ჩართვა მოუწიათ, რისთვისაც ამ ეტაპზე მზად არ იყვნენ.

„რუსეთი იმ ქვეყნების იმედზე დარჩა, რომელთაც მეტი სამხედრო გამოცდილება აქვთ ამ შეიარაღებების დამზადების მხრივ. ძირითადად საუბარია საბრძოლო დრონებსა და ყუმბარებზე, ასევე მცირე და საშუალო მანძილის ბალისტიკურ სარაკეტო კომპლექსებზე. ბუნებრივია, რუსეთსაც შეუძლია მათი წარმოება, მაგრამ ფართო მასშტაბით არ ამზადებდა ამ ტიპის იარაღს, რადგან არ ელოდა ომის ასე განვითარებას. რა თქმა უნდა, დამზადებას, მის წარმოებაში ჩაშვებას, გამოცდასა და ყველა იმ პროცესის გავლას, რაც ფრონტის ხაზზე იარაღის გაგზავნამდეა ჩასატარებელი, ურჩევნია მზა შეიარაღება შეიძინოს და უფრო სწრაფად მოახდინოს საბრძოლო ოპერაციების წარმოება", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×