ნაზი ბერიძე
24.01.2023

ფინეთი არ გამორიცხავს, რომ ნატო-ში შვედეთისგან დამოუკიდევბლად შევიდეს. -ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა. სტოკჰოლმსა და ანკარას დაძაბული ვითარების გამო, შვედეთის ნატოში გაწერვიანება კითხვის ქვეშაა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია, ფინეთი და შვედეთი ერთად შეუერთდნენ ალიანსს, თუმცა თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდი ხნით გადაიდება, ფინეთი დამოუკიდებლად მოქმედების სცენარს განიხილავს.

პეკა ჰაავისტოს ინფორმაციით, ფინეთი, შვედეთი და თურქეთი ცდილობენ, გაზაფხულის დასაწყისში სამმხრივი შეხვედრა დაგეგმონ, სადაც ვითარება შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში შვედეთში რამდენიმე ანტითურქული საპროტესტო გამოსვლა გაიმართა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის შვედეთი თურქეთის მხარდაჭერას არ უნდა მოელოდეს.

13 იანვარს სტოკჰოლმის ეთნიკურმა ქურთებმა საპროტესტო აქციაზე თვდაყირა დაკიდეს თოჯინა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ჰგავდა. ქურთების პროტესტმა დაძაბულობა გამოიწვია თურქეთსა და შვედეთს შორის. ამის საპასუხოდ, თურქეთის მთავრობამ შვედეთის პარლამენტის სპიკერის ანდრეას ნორლენის ანკარაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. შვედეთის გზა ნატოსკენ, რომელსაც თურქეთი თვეების განმავლობაში ბლოკავდა, ახლა კიდევ უფრო ჩიხში მოექცა.

ამას ორი დღის წინ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა შვედეთში, სადაც ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი. ამან მთელს მაჰმადიანურ სამყაროში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, სადაც შვედეთის მთავრობას სთხოვს დაგმოს და მიიღოს აუცილებელი ზომები შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ქმედების წინააღმდეგ, რადგან თურქეთი უმრავლესობით მუსულმანური ქვეყანაა და ყურანი ქვეყნის წმინდა წიგნია.

ნეიტრალური სტატუსის მქონე შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევიანების გადაწყვეტილება 2022 წლის მაისში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე მიიღეს. თუმცა, პროცესი ამჟამად კვლავ ჩაკეტილია თურქეთის პოზიციის გამო. ანკარა შვედეთს განსაკუთრებით იმაში ადანაშაულებს, რომ გადამწყვეტი ზომები არ მიიღო იმ ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა „ტერორისტებს" უწოდებს და თურქეთისთვის გადაცემას მოითხოვს.

ნატოს მომავალი სამიტი 2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება. ლიდერები განიხილავენ რუსეთისა და უკრაინის მოსაზღვრე ნატოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის გზებს და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე იქნება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×