რეზონანსი
27.03.2023

ცივილიზებულმა მსოფლიომ ომი წელს უნდა დაასრულოს, ასე მიმართა მსოფლიოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ომის დასრულებაში წვლილი უნდა შეიტანოს ისეთმა სტრუქტურამ, როგორიც მედიაა და ზოგადად მსოფლიოს ყველა მოქალაქემ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ მედიის როლი ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა, არანაკლებ გავლენიანია ისეთი ქვეყნების პოზიცია, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და დანარჩენი მსოფლიოს ერთიანობა რუსეთიის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მოქალაქეები გონებრივად შორს არ უნდა იყვნენ ომისგან, თუმცა, უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით, ნამდვილი ბრძოლა ბევრი მოქალაქისთვის გეოგრაფიულად ძალიან შორს მიმდინარეობს.

„ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია სიმართლის გავრცელება აგრესიის შესახებ. ვისაც შეუძლია, შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელებზე, რომლებმაც გაიარეს ოკუპაცია, დანაკარგები, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის, როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ყველა ერისთვის, რომელსაც ემუქრება რუსული ტირანია. უნდა გავიგოთ, რომ ომის დასრულება წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა" - თქვა ზელენსკიმ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, „რეზონანსთან" ამბობს, რომ ომი უკრაინაში სწორად წარმართული საინფორმაციო კამპანიით, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური ცენტრების გავლენების გაძლიერებით და ერთიანობით დასრულდება, თუმცა, წლის ბოლოს ამას არ უნდა ველოდოთ.

„არა მგონია ომი წლის ბოლომდე დასრულდეს, კიდევ დიდი პერიოდის სამწუხარო რეალობაა. ცივილიზებულ სამყაროში შეიძლება ზელენსკიმ იგულისხმა, კოლექტიური დასავლეთი, რომელიც დღეს უკვე კარგავს ერთგვარ მონოლითობას. სხვადასხვა მიმართულებით ხდება მათი მხრიდან ნაბიჯების გადადგმა, რადგან თვითონ კოლექტიურ დასავლეთშიც შეინიშნება რღვევის ნიშნები.

„ცივილიზებულ სამყაროში, რომელშიც შეიძლება ისეთი ქვეყნებიც მოიაზრონ, რომლებიც დიდი პოლიტიკური გავლენის ცენტრს წარმოადგენენ, მაგალითად ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც ახორციელებენ ცოტა განსხვავებულ მიდგომას და სხვანაირად უყურებენ უკრაინაში მიმდინარე ომს.

„ვფიქრობ, რომ ერთიანი ფრონტი ვერ შედგა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას გაართიანებდა და როგორც ჩანს ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებამაც კი ვერ შეძლო ამ პრეცენდენტის შექმნა.

„სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ბევრი სახელმწიფო, რომლებიც მიერთებულები არიან რომის ტატუტზე, ისინიც კი თავს შეიკავებენ ამ გადაწყვეტილების რეალიზაციაზე.

„მედიასაინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ეფექტის ინსტრუმენტი გახდა, მისი მოვალეობაა რომ გააშუქოს სწორად ის სიტუაცია, აგრესია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ზოგჯერ კი მედია ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. მნიშვნელოვანია ის, რომ მედია როგორ ფონს შექმნის მშვიდობის პირობების დასამყარებლად, მათი მიდგომები ბევრ რამეზე მეტყველებს. მედია უნდა იყოს ერთიანი, რომ გაარჩიოს სად არის ბოროტება და სად არის სიკეთე, ალბათ ამაზე გააკეთა კონცენტრაცია, ეს იგულისხმა ზელენსკიმ" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×