სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    18.12.2013

    აზერბაიჯანში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელმაც 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ნეგატიურად შეაფასა და არჩევნებზე საკმაოდ ბევრი, სერიოზული კანონდარღვევა დააფიქსირა.

    ა/ო "საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სასწავლო ცენტრის" ხელმძღვანელს, ანარ მამედლის აზერბაიჯანული ხელისუფლება უკანონო ბიზნესსაქმიანობას, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით ეროვნულ დეკლარაციაში შემოსავლებისა და ხარჯების შეგნებულად ცრუ მონაცემების ასახვასა და უფლებამოსილების გადამეტებას სდებს ბრალად.

    ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ორშაბათს კი მამედლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საკუთარ ადვოკატთან ხელმისაწვდომობის უფლება ჩამოერთვა და სახელმწიფო ადვოკატი დაენიშნა.

    ა/ო "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბურობა მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვდა და მის დაკავებას სწორედ ამ საქმიანობას უკავშირებს.

    "ეს ფაქტობრივად ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც არჩევნების მონიტრინგზე მუშაობს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. მას ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს და ის ბრალდებები, რასაც აზერბაიჯანული ხელისუფლება მას უყენებს, მეც და ყველას პოლიტიკურ დევნად მიგვაჩნია,"- ამბობს ლომჯარია.

    მამედლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩმა გააპროტესტა. რიჩარდ მორნინგსტარის განცხადებით, ბრალდების დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია და აშშ შეშფოთებას გამოთქვამს მამედლისთვის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო.

    ნინო ლომჯარიას თქმით, დაახლოებით 2008 წელს ამ ორგანიზაციას აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რეგისტარცია გააუქმა და, შესაბამისად, ის, როგორც არარეგისტირებული კავშირი, ისე საქმიანობდა. მათ ამის შემდეგ არაერთი პრობლემა ჰქონდათ, ძირითადად ცენტრის წევრების მიმართ ხდებოდა წნეხი. ახლა, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ორგანიზაციამ საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. დიდი რაოდენობის დარღვევა დააფიქსირა. ფაქტობრივად, მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბურობა მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა. არჩევნების შემდეგ ორგანიზაციის ფინანსური დოკუმენტების შესწავდა დაიწყო და მისი ყველა ანგარიში დაყადაღდა. ნოემბრის ბოლოს ორგანიზაციის ოთხ წევრს ქვეყნის დატოვება აეკრძალა, ორშაბათს კი მამედლი დააპატიმრეს.

    "მამედლი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ორგანიზაციის სახეა. სამწუხაროდ, ადვოკატს არ ეძლევა საშუალება, მასთან მივიდეს, ის არც სასამართლო პროცესზე დაუშვეს და ამიტომაც ჩვენ, მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ მწირი ონფორმაცია გვაქვს. არ ვიცით, ახლა როგორ მდგომარეობაშია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს წმინდა პოლიტიკური ნიშნით დევნაა. ბრალი უკანონო ბიზნესსაქმიანობაში, გადასახადების გადაუხდელობასა და უფლებამოსილების გადაჭარებაში ედება. დაფინანსების სქემა არ ვიცი, თუმცა ვიცი, ისე იყო აწყობილი, რომ აზერბაიჯანულ კანონს არ არღვევდა,"- ამბობს ლომჯარია.

    საერთოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ბაქოში ბევრი პოლიტიკურად აქტიური ოპოზიციონერი დააკავეს. ყველა, ვინც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს გამოხატავდა, რეალურად საფრთხის წინაშე იდგა - მას ან ნარკოტიკული დანაშაულის ან მკვლელობის მცდელობისთვის აკავებდნენ.

    "მამედლი ამბობდა, რომ ნარკოტიკები და მკვლელობის ბრალდება გავრცელებული პრაქტიკა იყო, მაგრამ თავად მოვლენების ასე განვითარებას არ ელოდა, იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე მსგავსი დევნა არ ყოფილა, ძირითადად ორგანიზაციის აქტივისტებსა და დამკვირვებლებზე მიმდინარეობდა წნეხი და მუქარა," - აღნიშნავს ლომჯარია და დასძენს, რომ უახლოეს დღეებში "სამართლიანი არჩევნები" განცხადების გავრცელებას აპირებს: " ვაპირებთ, მივმართოთ ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს. ასევე, საქართველოშიც გარკვეულ აქტივობას განვახორციელებთ, არასამთავრობო სექტორის მობილიზებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე მამედლის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ველოდებით და შემდეგ აქტიურ კამპანიას დავიწყებთ."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×