სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სოჭში ტერორისტული უსაფრთხოების კუთხით ახლა ყვითელი ფერის საშიშროებაა"
    სალომე აბულაძე
    24.01.2014

     "სოჭი გარშემორტყმულია მთიან-ტყიანი ზონებით, სადაც მცირე დივერსიული ჯგუფების განლაგებაა შესაძლებელი და საჭირო დროს და საჭირო მომენტში დივერსიული შეტევების განხორციელებაც", - ქართველი კავკასიოლოგები შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ბოლო დროს ისლამური დაჯგუფებების გააქტიურების ფონზე რუსეთმა ოლიმპიადაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.

    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, უსაფრთხოების გარანტიები ყველა ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს თანაბრად ეგზავნება, თუმცა სრული გარანტიის მიცემა იმასთან დაკავშირებით, რომ საშიშროება არ არსებობს, გამორიცხულია.

    რა სახეს მიიღებს ზამთრის ოლიმპიადა და რამდენად უსაფრთხო იქნება ის, ამ თემაზე "რეზონანსთან" კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე საუბრობს. მისი თქმით, სოჭის გეოგრაფიული მდებარეობის გამო უსაფრთხოების 100%-იან გარანტიაზე საუბარი ძნელია.

    "სოჭი გეოგრაფიულად გარშემორტყმულია უდიდესი მთიან-ტყიანი ზონებით, სადაც მცირე დივერსიული ჯგუფების განლაგებაა შესაძლებელი, ასევე მათი დიდი ხნის განმავლობაში დამალვა და საჭირო დროს და საჭირო მომენტში დივერსიული შეტევების განხორციელებაც. სოჭის ოლიმპიადა, როგორც რუსეთის ნებისმიერი ტერიტორია, დივერსიული და ტერორისტული შეტევებისაგან დაცული არ არის. ეს კარგად გვიჩვენა ვოლგოგრადის აფეთქებებმაც, უფრო ადრე კი მოსკოვში განხორციელებულმა სხვა ტერაქტებმა."ჩვენ ვნახეთ, რომ არათუ რუსეთში, არამედ ისეთ დაცულ სახელმწიფოში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ტერაქტები მომხდარა, მაგალითად, ბოსტონის ტერაქტი. ასეთი ტიპის შეტევებისგან რუსეთი, რომელიც კორუმპირებული ქვეყანაა, დაცული არაა.

    "ასეთ არასტაბილურ პირობებში ძალიან ადვილია სხვადასხვა რეგიონიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა. მართალია, სოჭის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა გააძლიერა კონტროლი და იქ ფედერალური უშიშროების სამსახურის დამატებითი ძალები ძალიან დიდი რაოდენობით გადაისროლა, თუმცა 100%-იანი გარანტია, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს იქ არაფერი მოხდება, არ გვაქვს", - ამბობს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

    როგორც საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ხელმძრვანელმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" აღნიშნა, საშიშროება კრიტიკული არ არის, მაგრამ ძალიან რეალურია.

    "ფაქტობრივად, სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული უსაფრთხოების კუთხით, სავარაუდოდ, ახლა ყვითელი ფერის საშიშროებაა. ტერორისტული ორგანიზაციების აქტიურობის კუთხით არსებობს სამი დონის - მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის საშიშროება. მწვანე უსაფრთხო გარემოს ნიშნავს, ყვითელი საკმაოდ მაღალი დონის საშიშროებაზე მეტყველებს, წითელი კი ძალიან საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებს.

    "სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვერ იძლევა, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებს საკმაოდ კარგად ორგანიზებული ისლამისტური ორიენტაციის ტერორისტული ჯგუფის ქსელი, რომელიც "ალ ქაიდას" მოდელის მიხედვითაა აგებული. ეს არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეული ქსელური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედებენ.

    "ვინაიდან მათ განსაკუთრებული ურთიერთკავშირი გააჩნიათ, საკმაოდ ძნელია ამ ჯგუფების გამოვლენა და მათ მიმართ რამე რეპრესიული ღონისძიებების გატარება. საინტერესოა, რომ ახლახან მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ასე ვთქვათ, კავკასიურ ანონიმურ ჯგუფთან დაკავშირებით, რომლებიც ტერორისტები არიან და ახორციელებენ შეტევებს ინტერნეტის და სხვა ქსელურ კომუნიკაციურ ობიეტებზე.

    "აქ არის საუბარი ვირტუალური და ტერორისტული კოოპერაციის დროსა და სივრცეში გატარებაზე და როცა უცხო ქვეყნის ხელმძღანელები ღებულობენ ასეთი ტიპის გაფრთხილებებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასიაში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებთან ერთად საერთაშორისო "ალ ქაიდას" ქსელიც არის ჩართული.

    "მათ გაგზავნეს შეტყობინებები სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ძალიან ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ. მუქარის წერილები კი იმას ნიშნავს, რომ მათ უარი უნდა თქვან ამ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე", - განაცხადა მაისაიამ.

    რამდენიმე დღის წინ გერმანიის, უნგრეთის, სლოვენიისა და იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ტერორისტული მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. წერილი, სადაც მუქარა ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებისა და მათი ოჯახის მისამართით იყო, ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.

    "მიღებული წერილები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და რუსულ მხარეს გადავუგზავნეთ. წერილების ანალიზის შედეგად, ორივე მხარემ ოფიციალურად განგვიცხადა, რომ მუქარა არ არის საფრთხის შემცველი და წერილის ავტორი მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს ოლიმპიური ოჯახის უამრავ წევრს უგზავნის", - განაცხადა უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ზიგმუნდ ნაგიმ.

    რამდენიმე კვირის წინ კი ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ანსარ ალ-სუნამ" ვიდეო გაავრცელა, სადაც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების განხორციელებით იმუქრებოდა. ასევე რამდენიმე ხნის წინ ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქება კიდევ უფრო ამყარებს ისლამისტი ბოევიკების ოლიმპიურ ობიექტებზე თავდასხმის საფრთხეს. მით უმეტეს, როცა ვოლგოგრადი სოჭიდან სულ რაღაც 690 კილომეტრშია.

    ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ სოჭის გარშემო რამდენიმე დამცავი ზღუდე შექმნა, სოჭში განთავსებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, იმ შემთხვევისთვის, თუკი კამიკაძე-ტერორისტები უპილოტო საფრენი აპარატებით ან მსუბუქი თვითმფრინავებით ეცდებიან ოლიმპიურ სოფელზე თავდასხმას. ზღვიდან სოჭის სანაპიროს შავი ზღვის ფლოტისა და მესაზღვრეების კატარღები იცავენ. სოჭში ათასობით სამოქალაქოტანსაცმლიანი სპეცსამსახურის აგენტია გაბნეული, რომლებიც ამოწმებენ ყველაფერს, რაც საეჭვოდ მოეჩვენებათ.

    შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების დაცვის შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. ამერიკამ მოსკოვს დახმარება შესთავაზა სოჭში უსაფრთხოების ზომების დასაცავად. მათი თქმით, რუსებს არ სურთ აღიარონ, რომ სიტუაციის სრული კონტროლის პრობლემა აქვთ და შესაძლოა სხვისი დახმარება ესაჭიროებოდეთ.

    "ისინი თვლიან, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სამარცხვინო სიტუაციაა... ეს არასწორი პოზიციაა, როცა საუბარია საერთაშორისო ღონისძიებაზე," - ამბობს წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი "ამერიკის ხმის" ინფორმაციით.

    ორ ქვეყანას შორის დიალოგი იმ მოვლენების ფონზე შედგა, როცა რუსეთის უშიშროების ძალები სამ ქალს უშედეგოდ ეძებენ, რომლებიც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტები არიან და მათ უსაფრთხოების პერიმეტრის გარღვევა მოახერხეს.

    რიგით ყყ|| ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-დან 23 თებერვლამდე სოჭში გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×