სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურებზე დაცვას აძლიერებენ, არეულობა დედაქალაქიდან რეგიონებსაც მოედო
    ეკა ბასილაია
    25.01.2014

     უკრაინული მაიდანი მხოლოდ პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის სანაცვლოდ დაიშლება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო, რომელიც ორი დღის წინათ მომიტინგეებმა უკრაინის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადეს, მხოლოდ იანუკოვიჩის გადადგომას აყენებს მაიდანის დაშლის მთავარ პირობად.

    გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში საგანგებოდ ჩასულ ევროკომისართან, გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ და გაანონსა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები და 2013 წლის 30 ნოემბერს მომიტინგეების დარბევაში დამნაშავეების დასჯის პირობაც დადო. ამას პლუს ის, რომ რადას უახლოეს სესიაზე 16 იანვარს მიღებული მიტინგის ამკრძალავი კანონის გადახედვაც დაიგეგმა.

    შტეფან ფულე იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერს, კლიჩკოსაც შეხვდა. არც ერთი შეხვედრის დეტალი არ საჯაროვდება.

    ერთადერთი, რაც გაცხადდა, ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლება კრიზისის დასარეგულირებლად საერთაშორისო შუამავლების - ეროკავშირისა და ეუთოს ჩართვის საკითხს განიხილავს.

    გუშინ დილითვე ერთი სამთავრობო ცვლილება უკვე განხორციელოდა - იანუკოვიჩმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების საბჭოს მდივანი კლიუვი და ის საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გადაიყვანა.

    ჯერჯერობით ეს არის ოპოზიციის აქტიურობის თუ დასავლეთის ჩარევის შედეგი. თუმცა ოპოზიცია ამას "შედეგად" სულაც არ მიიჩნევს და იანუკოვიჩის გადადგომას ითხოვს.

    ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, შს მინისტრი ზახარჩენკო რომ გადამდგარიყო, მაიდანი დაიშლებოდა. ორი კვირის წინ შეიძლებოდა ადამიანების დაკმაყოფილება მთავრობის გადაყენებით, მაგრამ დღეს ხალხი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს. მაიდანი იმ შემთხვევაში დაიშლება, თუკი უკრაინის პრეზიდენტი გადადგება.

    უკრაინაში ოპოზიცის მიერ საოლქო ადმინისტრაციული შენობების დაკავების ტალღა გრძელდება. მომიტინგეებმა დაიკავეს ხმელნიცკის ადმინსტარციის შენობა და ადმინისტრაციის უფროსი ერთ-ერთ კაბინეტში ჩაკეტეს. ხმელნიცკის ცეტრში ადმინისტრაციის შენობასთან 10 ათასზე მეტი მოქალაქეა შეკრებილი.

    დასავლეთ უკრაინის რეგიონების დიდ ნაწილში ამბოხებულებმა მმართველობა საკუთარ ხელში აიღეს. აქციები მიმდინარეობს ცენტრალურ უკრაინაში, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში კი მმართველი "რეგიონების პარტია" ინარჩუნებს პოზიციებს.

    ლვოვში აქტივისტებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის, "ბერკუტის" და მილიციის ბაზები აქვთ ბლოკირებული. ორი დღის წინ ლვოველმა აქტივისტებმა გუბერნატორ ოლეგ სალოს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს. აქტივისტთა განცხადებით, ისინი არ აპირებენ რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის დატოვებას. ძალოვნების ბაზასთან კი 200-მდე ადამიანია მობილიზებული.

    ლვოვის "ბერკუტის" ბატალიონის ტერიტორია 19 იანვრიდან აქტივისტებს აქვთ ბლოკირებული. აქტივისტები ბატალიონის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და "ბერკუტს" კიევისკენ წასვლის უფლებას არ აძლევენ.

    ამასთან, ადგილობრივი "ბერკუტის" რამდენიმე მებრძოლმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. "ბერკუტის" ერთ-ერთი წევრის თქმით, მას არ უნდა ძალა გამოიყენოს ხალხის წინააღმდეგ და ისეთი ხელისუფლების პირობებში მსახურობდეს, რომელიც ხალხს ესვრის.

    ასევე საპარლამენტო უმრავლესობის რიგები და მმართველი პარტია დატოვა ერთ-ერთმა დეპუტატმა პარტია, "რეგიონების" წევრმა იაროსლავ სუხოიმ. თანამდებობაზე უარი თქვა ლუქსემბურგში უკრაინის კონსულმაც.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩის მთავრობა აპირებს რუსეთის ხელისუფლების დახმარებით დაშალოს კიევში საპროტესტო აქციები. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

    თუმცა, უკრაინის შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო გარანტიას იძლევა, რომ მილიცია მომიტინგეებს მაიდანიდან არ განდევნის. ზახარჩენკომ შს სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები და მცირე პროვოკაციებზე რეაგირება არ მოახდინონ.

    ოპოზიციის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ, რომ იანუკოვიჩი შეწყვეტს ძალის გამოყენებას და გრუშევსკის ქუჩაზე დაკავებულ ყველა პირს გაათავისუფლებს.

    კიევში, მაიდანზეც და გრუშევსკის ქუჩაზე ვითარება უცვლელია. ძალოვნებისა და მომიტინგეების კორდონი ისევ ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული. მათ ერმანეთისაგან ბარიკადები ჰყოფთ. ქუჩაზე ისევ იწვის საბურავები, თუმცა ლოკალურად, შესაბამისად, კვამლი მასშტაბური არ არის. მომიტინგეები ჯავშანჟილეტებისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.

    ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე დაცვა გამკაცრდა.

    მილიციის ბრძანებით, კიევში ყველა იარაღის მაღაზია დაიკეტა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე შეტაკებები გახდა. როგორც იარაღის მფლობელთა ასოციაციაში აცხადებენ, მითითება მუშაობის შეჩერების შესახებ შს სამინისტროსგან მიიღეს.

    უკრაინელ მომიტინგეებს ღიად მხარდაჭერას უცხადებს სრულიად კიევის პატრიარქი.

    "იმ შეთხვევაში, თუ ხელისუფლება არ წავა შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს თავი დაიცვას", - ამის შესახებ სრულიად კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მისივე 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.

    უკრაინის ამბებს ეხმაურება აშშ და გერმანია.

    "უკრაინამ უნდა დაიცვას ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების სიცოცხლე, მაგრამ კიევის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ამ ეტაპზე მიუღებელია", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კი უკრაინის ხელისუფლებას დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირების დაუყოვნებელი დე-ესკალაციისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

    ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ვიზა გაუუქმა ყველა იმ უკრაინელს, რომლებიც 2013 წელს ნოემბერსა და დეკემბერში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ სანქციების გამოყენებას არც მომავალში გამორიცხავს.

    ამ ყველაფრის ფონზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის პარლამენტმა უკრაინაში "პოლიტიკური სიტუაციის შესახებ" განცხადება მიიღო და რუსეთთან კავშირის გაწყვეტას მათი ავტონომიისათვის საფრთხის შემცვლელად მიინევენ.

    ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შეფასებით, "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაცვლად მოსკოვთან შეთანხმების გაფორმების გამო ოპოზიციამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა. სინამდვილეში კი მოღალატეა ის, ვინც კიევსა და უკრაინის რეგიონებში ძალადობის ესკალაციის პროვოცირება მოახდინა".

    "ეს პოლიტიკური მარიონეტები, "ფერადი" რევოლუციების ტექნოლოგიების გამოყენებით უკრაინისა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკისთვის მომავლის წართმევას ცდილობენ. თუ ეს დანაშაულებრივი სცენარი რეალიზებული იქნება, ყირიმი და ყირიმელები აღმოჩნდებიან ძალადობრივი მაიდანიზაციის, მონაპოვარი ავტონომიისა და სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ჩვენ გვაიძულებენ, მოვწყდეთ რუსეთთან საერთო მრავალსაუკუნოვან ისტორიას, დავივიწყოთ რუსული ენა და ნაცისტური ლოზუნგის ქვეშ ვუღალატოთ ფაშიზმზე გამარჯვებული ჩვენი წინაპრების ხსოვნას.

    "ამომრჩევლისგან მონიჭებული უფლებით ვაცხადებთ, ჩვენ არ დავუთმობთ ყირიმს ექსტრემისტებს და ნეონაცისტებს, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ქვეყნის გახლეჩისა და მოქალაქეების სისხლის ფასად ცდილობენ. ყირიმელები არასოდეს მიიღებენ მონაწილეობას არალეგიტიმურ არჩევნებში და არ აღიარებენ მის შედეგებს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ისტორიულ არჩევანს, რომელიც 23 წლის წინ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენასთან დაკავშირებით საყოველთაო რეფერენდუმზე გაკეთდა", - ნათქვამია განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×