სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ შამუგია
    20.03.2014

    ჩრდილოეთ კავკასიელმა ისლამისტებმა საბოლოოდ მაინც დაადასტურეს მათი ლიდერის, კავკასიის ემირის, დოკუ უმაროვის გარდაცვალება, რაზეც ადრე უამრავი ცნობა ვრცელდებოდა.

    საერთოდ, უმაროვის დაღუპვაზე ინფორმაცია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უკვე მეთერთმეტეჯერ ვრცელდება, თუმცა ამჯერად ცნობას მისი დაღუპვის შესახებ კავკასიის იმარატის საიტი, "კავკაზცენტრი" ავრცელებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება.

    "კავკაზცენტრს", რომელიც ჩრდილოკავკასიური ისლამისტურის მოძრაობის "ოფიციალური" საიტია, უმაროვის გარდაცვალების დეტალები არ გაუვრცელებია.

    კავკასიის საემიროს ახალ ემირად 42 წლის დაღესტნელი ალი აბუ მუჰამედი, იგივე მაგომედ სულეიმანოვი, აირჩიეს. ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში 18 მარტს გავრცელდა, სულეიმანოვი ადასტურებს დოკუ უმაროვის გარდაცვალებას. ამბობს, რომ არ სურდა ასეთი დიდი პასუხისმგებლობის აღება, თუმცა თანამებრძოლების თხოვნას ანგარიში გაუწია. აღსანიშნავია, რომ ახალი ემირი შეიხ საიდ ეფენდი აცაევის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილია. შეიხი 2012 წელს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმამ იმსხვერპლა.

    კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე მიიჩნევს, რომ დოკუ უმაროვის გარდაცვალების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიელ მოჯაჰედთა წინააღმდეგობის ძირითადი ცენტრი ჩეჩნეთიდან დაღესტნისაკენ გადაინაცვლებს.

    "ალი აბუ მუჰამედი წარმოშობით დაღესტნელია, ამასთან ბოლო წლებში რუს სამხედროებზე თავდასხმა ძირითადად ამ რესპუბლიკაში ხდება. ამიტომაც ალბათ კავკასიის იმარატის მედროშეობას დაღესტნელები გადაიბარებენ."

    დოკუ უმაროვი 1964 წლის 13 აპრილს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიბადა. 1980-იან წლებში დაამთავრა გროზნოს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. 1988 წელს იგი გაასამართლეს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის გამო. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობდა. 1994 წელს კი ჩეჩნეთში დაბრუნდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში, სადაც რუსლან გელაევის დაქვემდებარებაში მყოფ სპეცრაზმ "ბორზში" იბრძოდა. 2000 წლის იანვარში მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში ის პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, რის შემდეგაც ისევ ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდა და განაგრძო ბრძოლა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ.

    2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის იმარატი. ემირად დოკუ უმაროვი იქნა არჩეული.

    მის სახელს უკავშირდება ბოლო წლების ისეთი გახმაურებული ტერაქტები, როგორიც არის აფეთქებები მოსკოვის მეტროსა და დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში, რომელთა შედეგადაც საერთო ჯამში 78 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა. რუსეთის პროკურატურა მას ბრალს სდებდა ადამიანებით ვაჭრობაში, განზრახ მკვლელობაში, სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასა და რელიგიურ ექსტრემიზმში.

    2011 წლის 11 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ იგი იმ ტერორისტთა რიცხვს მიაკუთვნა, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ "ალ-ყაიდასთან". იმავე წლის 26 მაისს კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა 5-მილიონიანი ჯილდო მათთვის, ვინც სპეცსამსახურებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

    დოკუ უმაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბოლოს 2014 წლის 16 იანვარს გავრცელდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, იანვრის დასაწყისში ის ერთ-ერთი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა. თუმცა ეს ცნობა მაშინ არ დადასტურდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ უმაროვი მართლაც წლის დასაწყისში დაიღუპა, თუმცა მოჯაჰედებმა ეს ფაქტი არ გაასაჯაროვეს, რადგანაც სურდათ, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას დაძაბულ ვითარებაში ჩაევლო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×