სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    25.08.2014

    ჩრდილოეთ კავკასიაში წელს უკვე მეოთხე მუსლიმი სასულიერო მოღვაწე მოკლეს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს უკვე 39-ე მკვლელობაა.

    16 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ვლადიკავკაზში საკუთარი კორპუსის სადარბაზოსთან ჩრდილოეთ ოსეთის მუფტის მოადგილე, ვლადიკავკაზის იმამი რასულ გამზატოვი მოკლეს. ამ ფაქტმა ვლადიკავკაზის მუსლიმურ თემში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც გარდაცვლილი იმამი ხალხში პატივისცემით სარგებლობდა და თანაც, მისი წინამორბედი იმამიც, ჩრდილოეთ ოსეთის მუფტის წინა მოადგილე იბრაჰიმ დუდაროვიც დაუდგენელმა პირებმა მოკლეს 2012 წლის 27 დეკემბერს, ისიც მაშინ, როდესაც სახლში მიდიოდა და ის მკვლელობაც ამ დრომდე არ არის გახსნილი.

    რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან უცნობმა ადამიანებმა ესროლეს, მინიმუმ შვიდჯერ, რის შედეგადაც 33 წლის იმამი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ადგილზე რვა მასრა და სხვა ნივთმტკიცებები აღმოაჩინა. იმის გათვალისწინებით, რომ მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ, სავარაუდოდ იმამს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს.

    ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა ვერ მოხერხდა. მკვლელები გაურკვეველი მიმართულებით უსაფრთხოდ მიიმალნენ. გამომძიებლებმა ასევე ვერ შეძლეს სავარაუდო მკვლელების აღწერის მიღება.

    გამზათოვი ჩრდილოეთ ოსეთის კიროვის რაიონის სოფელ ელხოტოვოში დაკრძალეს. მას ხუთი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

    რესპუბლიკის მეთაურმა თაიმურაზ მამსუროვმა სამართალდამცველ ორგანოებს მკვლელის დაუყოვნებლივ პოვნა მოსთხოვა.

    "ინტერფაქსთან" ინტერვიუში იგი ვარაუდობს, რომ ინციდენტი წარმოადგენს რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას, სურვილს ხელოვნურად შეიქმნას კონფლიქტი ტრადიციული რელიგიებს - ისლამსა და ქრისტიანობას შორის.

    ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაული შეიძლება მუფტის მოადგილის პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს დაკავშირებული.

    რესპუბლიკის მუფტმა ჰაჯიმურატ გაცალოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამზატოვის მკვლელობას შესაძლოა იგივე დამკვეთები ჰყავდეს, რომელთა მეშვეობითაც ვლადიკავკაზის მეჩეთის წინა იმამი იბრაჰიმ დუდაროვი მოკლეს.

    "დამკვეთები შეიძლება იყვნენ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებმაც იბრაჰიმ დუდაროვი მოაკვლევინეს. რატომ არ ხდება წინა იმამის მკვლელობის გამოძიება? ვისთვის არის ხელსაყრელი მართლმორწმუნე მუსლიმანების მოკვლა? ეს გააკეთეს ადამიანებმა, ვისაც რესპუბლიკაში უთანხმოების დათესვა სურთ. ჩვენთან "ბოევიკები" არ არიან, ჩვენთან უცხო არავინ მოდის," - განუცხადა "ინტერფაქსს" გაცალოვმა.

    მისი თქმით, დაახლოებით შუაღამისას გარდაცვლილი სახლში ბრუნდებოდა. როდესაც მან მანქანა გააჩერა, გადმოსვლის დროს კი კილერებმა სროლა დაიწყეს. მისივე ვარაუდით ცეცხლი ორმა კილერმა გახსნა.

    ამასთან გაცალოვი აღნიშნავს იმასაც, რომ გარდაცვლილს მანამდე არავინ დამუქრებია.

    "ისინი არ იმუქრებიან, მაგრამ მოდიან და კლავენ. მათთვის საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი რელიგია, რომლისაც სატანის მსახურთ ეშინიათ," - ემოციურად დასძენს გაცალოვი.

    გამზატოვი იყო ვლადიკავკაზის სუნიტური მეჩეთის იმამი. ის გახდა მეოთხე მუსლიმი სასულიერო მოღვაწე, რომელიც 2014 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში მოკლეს და 39-ე მოკლული 2009 წლიდან, - ამ ინფორმაციას "კავკაზსკი უზელი" ავრცელებს.

    ყველა ამ ტრაგიკულ შემთხვევაში მკვლელობის ძირითადი ვერსია სასულიერო პირების პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

    გამზატოვმა პრესტიჟული რელიგიური განათლება საუდის არაბეთის ქალაქ მედინას უნივერსიტეტში მიიღო. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაცია აცხადებს, რაულ გამზატოვი მისი მკვლელობის წინა დღეს და სხვა დროსაც ქადაგებებში მკაცრად აკრიტიკებდა "ისლამისაგან შორს მდგარ" ვაჰაბიზმს, იგივე სალაფიზმს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ოსეთში პირველი ისლამური ოფიციალური გაზეთის, "ისლამის ხმის" მომზადებაში, სადაც საკუთარი ქადაგებების შესახებ სტატიაც დაწერა.

    სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში ისლამის რელიგიის მიმდინარეობებს შორის ხელოვნურად დაპირისპირებელი პოლიტიკური დაჯგუფებები არიან. რელიგიის სახელით, პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ყურანს და შარიათს ეყრდნობიან, სინამდვილეში ყურანის კანონებს კი არ იცავენ ცუდი განზრახვების და ბინძური პოლიტიკის გამტარებლები არიან."

    მისივე თქმით, ბოლო წლებში, მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაში სასულიერო პირების და კონკრეტულად რასულ გამზატოვის მკვლელობა ერთმნიშვნელოვნად არასასიამოვნო ფაქტია და ეს რელიგიის მიმართ უპატივცემულობაა, თუმცა რადგანაც ის ამ მკვლელობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს, არ მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევა ისლამურ მიმდინარეობებს შორის დაპირისპირების შედეგი იყოს.

    ა/ო "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" ხელმძღვანელი ალი ბაბაევი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიტები და ტრადიციული ისლამის მიმდევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს დაპირისპირება ზოგჯერ მკვლელობითაც სრულდება. მისი ვადაუდით, სწორედ ამ დაპირისპირების შედეგი შეიძლება იყოს სუნიტი იმამის მკვლელობაც.

    ალი ბაბაევი: "ჩეჩნეთის ომის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, უმეტესად კი დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ვაჰაბიტები მომრავლდნენ. ვაჰაბიზმი სუნიტური ისლამის განშტოებაა და ეს დაპირისპირება სუნიტებში არსებობს. ჩრდილოეთ ოსეთში ვაჰაბიტები ნაკლებადაა, იქ უმეტესად ტრადიციული ისლამია, თუმცა რაღაც ტიპის პროცესი იქაც მიმდინარეობს. საკუთარი იდეოლოგიის გატარების პროცესში კი ორივე მხარე ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ემტერება. ჩრდილოეთ კავკასიაში როდესაც ერთი მხარე სისხლს დაღვრის, მას ასევე სისხლისღვრით პასუხობენ, ამიტომაც მკვლელობები ხშირია. არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგალითად შარშან აფხაზეთშიც კი მოკლეს ერთი სუნიტი სასულიერო პირი. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ რომ რელიგია სკუთარი პოლიტიკისათვის გამოიყენონ, რადგან რელიგიას დიდი ძალა აქვს და მისი მეშვეობით ხალხის მართვა მომგებიანია.

    "ძალიან მინდა ეს პროცესი საქართველოში არ გადმოვიდეს, თუმცა ამის საშიშროება, რაღაც რელიგიური პროცესების განვითარების ხიფათი არსებობს. ჩვენთან ახლაც არის შემთხვევები, როდესაც ვაჰაბიტები ტრადიციული ისლამის მიმდევრებს მეჩეთში არ უშვებენ. ტრადიციული ისლამი უფრო ცივილიზებულია და ამიტომაც მთელი საზოგადოება და სამართალდამცველები დიდი გულისყურით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×