სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მალხაზ გაგუა
    25.08.2014

     გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობის 23-ე წლისთავი დონბასში საბრძოლო მოქმედებების არნახული გააქტიურებით აღინიშნა. კიევში სამხედრო აღლუმის პარალელურად დონეცკის სამხრეთით და ლუგანსკის ჩრდილოეთით სეპარატისტებმა უკრაინის ჯარის პოზიციებზე იერიში მიიტანეს.

    უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ სეპარატისტების იერიშებს სასაზღვრო რაიონებში აქტიურად უწყობდა ხელს რუსეთის არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები.

    ამ დროს კი კიევში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებზე ვლადიმირ პუტინთან შეხვედრიდან ორი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 2017 წლამდე ქვეყნის სამხედრო ხარჯები 3 მილიარდი დოლარით გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 1,5 მილიარდი დოლარია, რაც, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აშკარად არასაკმარისია.

    დონბასში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გუშინ პოროშენკო უაღრესად მკაცრი იყო და მრავალი ხისტი განცხადებაც გააკეთა. თქვა, რომ ბოლო 100 წლის მანძილზე უკრაინა უკვე მეორეჯერ ხდება საკუთარი პაციფიზმის მსხვერპლი, პირველად 1910-20-იანებში, როდესაც ქვეყანა ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში და შემდეგ 1990-იანებში, როდესაც კიევმა, ტერიტორიული ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ, საკუთარი ნებით თქვა უარი საკმაოდ შთამბეჭდავ ბირთვულ არსენალზე, რაც დღეს ქვეყანას ბუმერანგივით უკან უბრუნდება.

    "...მაგრამ, ისევე როგორც წინათ, ახლაც ომი იმავე მხრიდან მოვიდა და თანაც მაშინ, როცა მას არ ველოდით," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

    თუმცა, ბევრმა მიმომხილველმა გუშინდელი სამხედრო აღლუმი საბჭოთა ანალოგებთან მსგავსების გამო გააკრიტიკა. ერთი დეტალი: ისევე როგორც 1941 წლის 7 ნოემბრის აღლუმიდან ტანკები წითელი მოედნიდან პირდაპირ მოჟაისკის მიმართულებით გერმანულ ნაწილებთან საბრძოლველად გაემართნენ, ასევე პოროშენკომ გუშინ აღლუმზე თქვა, რომ კიევის ცენტრიდან სამხედრო ტექნიკა და საჯარისო დანაყოფები პირდაპირ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად გაემართებიან.

    მოგვიანებით პოროშენკომ ოდესაში გადაინაცვლა, სადაც სამხედრო საზღვაო ძალების აღლუმი ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში ძირითადად ყირიმიდან გამოყვანილი სამხედრო ხომალდები მონაწილეობდნენ, რომლებიც რუსეთის ჯარს გადაურჩნენ.

    შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე, იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, სადაც უკრაინის სამხედრო ფლოტი იყო ბაზირებული (რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან ერთად). მაშინ რუსებმა უკრაინისთვის ფლოტის წართმევა სცადეს და ბევრი გემი მართლაც ხელში ჩაიგდეს, თუმცა უკრაინელებმა რამდენიმე ხომალდის გადარჩენა მოახერხეს და ოდესაში გადაიყვანეს.გუშინ პარალელური აღლუმი დონეცკის ცენტრშიც გაიმართა, სადაც ჯერ უკრაინის ჯარის განადგურებული ჯავშანტექნიკა გამოფინეს, შემდეგ კი ბადრაგის თანხლებით ჩამოატარეს დატყვევებული უკრაინელი სამხედროები, სულ 78 ადამიანი. ეს აქტი 1944 წელს მოსკოვის ცენტრში ათეულ ათასობით გერმანელი ტყვის ჩამოტარების არც თუ პროფესიონალურად შესრულებულ იმიტაციას წარმოადგენდა და მთელ მსოფლიოში არნახული აღშფოთება გამოიწვია.

    დონბასის ბრძოლები

    გუშინ დონეცკის ცენტრში გამართულ კონტრაღლუმზე გამოსულმა ალექსანდრ ზახარჩენკომ, ადგილობრივი სეპარატისტების ლიდერმა, განაცხადა, რომ "აპალჩენცები" კონტრშეტევაზე გადავიდნენ და საღამომდე მათი შენაერთები შავ ზღვაზე, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს საპორტო ქალაქ ნოვოაზოვსკს აიღებენ.

    მისივე თქმით, გუშინ სეპარატისტებმა დონეცკის სამხრეთით, ქალაქ ილოვაისკსა და სოფელ საურ-მოგილას შორის ალყაში მოაქციეს უკრაინის ჯარის 4-ათასკაციანი დაჯგუფება, სადაც შედიან მოხალისეთა ბატალიონები "აიდარი" და "დონბასი", რომლებიც უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ყველაზე ბრძოლისუნარიან და აქტიურ შენაერთებს წარმოადგენს.

    უკრაინა ამ ინფორმაცია სრულ სიცრუეს უწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ამ მიდამოებში სეპარატისტების აქტივობა გუშინ შეინიშნებოდა.

    საერთოდ, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან აბსოლუტურად განსხვავებული ცნობები მოდის, რაც რეალურ სიტუაციაში გარკვევას უკიდურესად ართულებს.

    მაშინ, როდესაც სეპარატისტები მასშტაბური შეტევის შესახებ იუწყებიან, უკრაინელები აცხადებენ, რომ სასტიკი დარტყმა მიაყენეს სეპარატისტებისა და რუსეთის რეგულარულ საჯარისო შენაერთებს ილოვაისკთან.

    უნდა აღინიშნოს, რომ ეს პატარა ქალაქი - ილოვაისკი - ბოლო ერთი კვირის მანძილზე დონბასში მიმდინარე ომის ეპიცენტრად გადაიქცა და უკვე ბევრი მიმომხილველი აცხადებს, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი მხარისთვის ნამდვილ "სტალინგრადად" იქცეს. ორივე მხარეს აქ ჩართული ჰყავს ყველაზე მობილური და ბრძოლისუნარიანი ნაწილები.

    მაშინ, როცა უკრაინის მხრიდან აქ, არმიის მოტორიზებულ შენაერთებთან ერთად, "დონბასის", "აზოვისა" და "დნეპრის" მოხალისეთა ბატალიონები იბრძვიან, სეპარატისტების რაზმებს სათავეში უდგას საველე მეთაური მეტსახელად "მოტოროლა". სეპარატისტების ცნობით, მათ 1500-კაციან კონტინგენტს უკრაინელების 4000-კაციანი ჯარი ებრძვის.

    ილოვაისკი თითქმის ყოველდღე ერთიდან მეორე ხელში გადადის. ვინ აკონტროლებს ახლა ამ დასახლებას, უცნობია, რადგან ორივე მხარე ირწმუნება, რომ ქალაქში მისი ნაწილები დგანან და მოწინააღმდეგისგან მის გაწმენდას ახორციელებენ.

    თუმცა ფაქტია, რომ დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სულ უფრო იღებს სრულმასშტაბიანი ომის ფორმას, რაზეც მსხვერპლის რაოდენობაც მეტყველებს. ოფიციალური კიევის მონაცემებით, უკრაინის სამხედრო შენაერთებმა მოკლულების სახით 722 ადამიანი დაკარგეს, აქედან დაახლოებით ნახევარი ბოლო ერთი თვის მანძილზე დაიღუპა (დაჭრილია 2625 ჯარისკაცი). ამ მაჩვენებლით, დონბასის ომმა დაღუპულების რაოდენობის დინამიკით ავღანეთის ომსაც კი გადააჭარბა. ეს უკანასკნელი დაახლოებით 9 წელი გრძელდებოდა და საბჭოთა კავშირმა იქ 15 - ათასამდე სამხედრო დაკარგა.

    მსხვერპლის რაოდენობა სეპარატისტების მხრიდან უცნობია, გაეროს მონაცემებით კი დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხრიდან, პლუს მშვიდობიანი მოქალაქეები 2000-ს გადააჭარბა.

    უკრაინელები ირწმუნებიან, რომ სეპარატისტებს აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის რეგულარული ჯარის არტილერია, რომელიც მათ პოზიციებს რუსეთის სიღრმიდან ბომბავს, სამიზნეების ამოცნობაში კი აქტიურად არის ჩართულ რუსული თანამგზავრები და განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატები.

    გარდა ამისა, საზღვრის 100-კილომეტრიან მონაკვეთში, რომელსაც კიევი ვერ აკონტროლებს მუდმივად მიმდინარეობს სეპარატისტები მომარაგება ტექნიკითა და ცოცხალი ძალით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved