სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უკრაინა დიდი საპორტო ქალაქის დასაცავად ემზადება
    მალხაზ გაგუა
    28.08.2014

     ეთო გაბაშვილი

    გუშინ უკრაინის არმიამ და ნაციონალურმა გვარდიამ დონბასის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქი ნოვოაზოვსკი, ფაქტობრივად უბრძოლველად დატოვეს. უმალ ქალაქში "ნოვოროსიის შეიარაღებული ძალები" შევიდნენ.

    უკრაინული წყაროების ცნობით, ქალაქი დაიკავა 30-მა რუსულმა ტანკმა და 500-მდე სამხედრომ.

    ნოვოაზოვსკის გარდა, რუსებმა და სეპარატისტებმა ბოლო სამი დღის მანძილზე კონტროლი დააწესეს დონეცკის ოლქის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე - დონეცკიდან აზოვის ზღვამდე, რასაც წინ უძღოდა მესამე ფრონტის გახსნა ნოვოაზოვსკთან (პირველი და მეორე ფრონტი - დონეცკი და ლუგანსკი).

    ოფიციალური კიევი, ისევე როგორც ნატო და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, ირწმუნებიან, რომ ქალაქი რუსეთის ტერიტორიიდან შემოსულმა რეგულარულმა ჯარმა აიღო, რომელიც შეტევას დასავლეთით, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით ახორციელებს.

    ამ მოსაზრებას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ნოვოაზოვსკი, რომელიც აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარეობს, დონეცკის მიდამოებში მდებარე ფრონტის ხაზიდან, არც მეტი არც ნაკლები, 100 კილომეტრით არის დაშორებული. ამ ტერიტორიაზე კი რაიმე სამხედრო აქტივობა არ დაფიქსირებულა.

    ნოვოაზოვსკის პორტი, მართალია, დონეცკიდან დაშორებულია, მაგრამ ფრიად ახლოსაა რუსეთის საზღვართან, რომელიც სულ რაღაც 8-10 კილომეტრში მდებარეობს.

    უკრაინელები ირწმუნებიან, რომ ახლად შექმნილ სამხრეთის ფრონტზე მოქმედებენ რუსეთის არმიის 76-ე საიერიშო-სადესანტო და 98-ე საჰაერო-სადესანტო პოლკების ნაწილები, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ბრიგადა და 3 საარტელერიო ქვედანაყოფი, რომლებიც ჯერ ზუსტად არ არიან იდენტიფიცირებულნი.

    რუსეთისა და მათი მოკავშირე სეპარატისტების მიზანი, კიევის მოსაზრებით, არის ნახევარმილიონიანი ქალაქ მარიუპოლის აღება, რომელიც დონეცკის ოლქის სიდიდით მეორე ქალაქია (თავად დონეცკის შემდეგ), რაც რუსეთს აზოვის ზღვის თითქმის სრულად გაკონტროლების საშუალებას მისცემს, ხოლო თუ (პრო)რუსულმა ნაწილებმა შეტევა განავითარეს, მათ შეუძლიათ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის აღების შემდეგ ანექსირებულ ყირიმთან პირდაპირი სახმელეთო გზა გაჭრან, რაც აგრერიგად ესაჭიროება მოსკოვს. თუმცა, თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ომი დონბასს გასცდება და უკვე ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

    ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში სეპარატისტებსა და რუსულ ჯარს, პირველ რიგში, ქალაქ მარიუპოლის აღება მოუწევს, რაც მარტივი საქმე სულაც არ არის, რადგან მას უკრაინის არმიის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული შენაერთები იცავენ.

    გუშინ მთელი დღის მანძილზე მარიუპოლში უკრაინული ნაწილები თავდაცვით ზღუდეებს აგებდნენ და ქალაქის დასაცავად ემზადებოდნენ.

    ამის პარალელურად არანაკლებ დრამატული და, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენები ვითარდება ჩრდილოეთით, დონეცკთან მდებარე ქალაქ ილოვაისკის გარშემო, სადაც სეპარატისტებს რამდენიმეათასიანი უკრაინული საჯარისო კონტინგენტი ალყაში ჰყავთ მოქცეული.

    გუშინ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაურმა სემენ სემენჩენკომ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა, კერძოდ ფსკოვისა და კურსკის საჰაერო დესანტის დივიზიების თითო-თითო პოლკმა უკრაინულ შენაერთებს ორმაგი ალყა შემოარტყეს, სადაც ტანკები და მძიმე არტილერიაა განლაგებული.

    სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ ალყაში 7 ათას კაცამდეა მოქცეული (უკრაინული წყაროების ინფორმაცია ალყაშემორტყმულების რაოდენობის შესახებ გუშინ მიუწვდომელი იყო).

    მანამდე სემენჩენკო, რომელიც უკრაინაში უაღრესად პოპულარული ფიგურაა და ბევრი მას ცოცხალ ეროვნულ გმირადაც მიიჩნევს, თავდაცვის სამინისტროსა და ანტიტერორისტული ოპერაციის (ატო) ხელმძღვანელობას დანაშაულებრივ უმოქმედობაში სდებდა ბრალს და დაუყოვნებლივ ითხოვდა დახმარებას.

    გუშინ მან დაპოსტა, რომ არავითარი დახმარება არ მიუღია, თუმცა მის ხელთ არსებული მონაცემებით, დამხმარე კოლონები გზაში იყვნენ.

    ამის პარალელურად გუშინვე კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩატარდა პატარა აქცია, სადაც ილოვაისკთან ალყაშემორტყმული მებრძოლებისთვის სასწრაფოდ დახმარების გაგზავნა მოითხოვეს.

    მოგვიანებით აქციის მონაწილეების საორგანიზაციო კომიტეტს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეხვდა და ყოველგვარი დახმარება აღუთქვა.

    მისი ბრძანებით მობილიზებულია ყველა სამხედრო რესურსი ილოვაისკის ფრონტსა და სამხრეთის ფრონტზე (მარიუპოლი) სიტუაციის სტაბილიზაციისათვის.

    ამის პარალელურად სეპარატისტთა წყაროები იუწყებიან, რომ ასეულობით უკრაინელმა სამხედრომ უკვე დაყარა იარაღი და დანებდა. ამას უკრაინელები არ ადასტურებენ.

    ამ ფონზე სულ უფრო გარკვევით ისმის საუბრები იმაზე, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომში უკვე ღიად არის ჩაბმული და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომ მოსკოვი ამ ომთან არავითარ კავშირში არ არის, სულ უფრო ცოტას სჯერა.

    აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის რეგულარული ნაწილების ყოფნას ადასტურებს პოლონეთის საიდუმლო სამსახურიც. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ფლობს ნატოც.

    "სერიოზულად ვერავინ მიიღებს, რომ უკრაინაში სეპარატისტები იბრძვიან. გვაქვს ბოლო საათებში დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან. ჩვენ უკრაინის დახმარებას მაშინ შევძლებთ, როდესაც ევროკავშირს დავარწმუნებთ, რომ მოქმედების დრო დადგა," - აღნიშნავს დონალდ ტუსკი.

    დღესვე გადაწყდა, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო ბაზების განლაგებას გეგმავს. განცხადება ნატოს გენმდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.

    სწორედ ნატოს და დასავლეთის იმედი აქვს ოფიციალურ კიევს.

    გუშინწინ კი, პუტინისა და პოროშენკოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთისა და უკრაინის გენშტაბების ხელმძღვანელები კონსულტაციებს გამართავენ. ამ შეთანხმებას მინსკში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

    ვლადიმერ პუტინისა და პეტრე პოროშენკოს პირველი შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. მათ დახურულ კარს მიღმა განიხილეს აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებული მდგომარეობა.

    პუტინი უკრაინელებს სეპარატისტებთან დიალოგში დახმარებას დაჰპირდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის ევროინტეგრაციაში, რადგან ეს რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური ზარალის მომტანი იქნება.

    პეტრე პოროშენკომ კი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ბრძოლების შესაჩერებლად უკრაინა საგზაო რუკის მომზადებას იწყებს.

    ამაზე პუტინმა განაცხადა, რომ დონბასის ომი უკრაინის შიდა საქმეა და ამ ამბებიდან დემონსტრაციულად მოახდინა დისტანცირება.

    უკვე ყველასათვის ცხადია, რომ სეპარატისტების სამხედრო წარუმატებლობების შემდეგ, რუსეთმა მათი მომარაგება გააძლიერა და ბრძოლაში პირდაპირ ჩართო რეგულარული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ელიტარული ნაწილები. ამ გარემოებამ გავლენა მოახდინა საომარ მოქმედებებზე, სადაც უკრაინა ნელ-ნელა კარგავს სტრატეგიულ უპირატესობას და თავდაცვით ბრძოლებზე გადადის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×