
რუსეთის მიერ კურსკის ოლქში წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად, უკრაინულ ნაწილებს ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებათ. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება და უკრაინული წყაროებიც ადასტურებენ. „ნიუ იორკ პოსტი" იმასაც კი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქი შეიძლება ორ კვირაში დატოვონ. ეს სერიოზული დარტყმაა კიევისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამ ოლქს მოსკოვთან მოლაპარაკებებში „სავაჭროდ" გამოიყენებდა.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის ლოჯისტიკა კურსკის ოლქში თითქმის განადგურდა, ხოლო უკრაინელთა 10-ათასიანი დაჯგუფება ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშაა. რუსებმა მთლიანად დაიკავეს ქალაქი სუჯაც, რომელის ნაწილიც უკრაინელთა კონტროლის ქვეშ იყო.
რატომ არის კურსკი მნიშვნელოვანი
კურსკის ოლქი რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. გასული წლის აგვისტოში უკრაინელებმა აქ მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრნენ და დაახლოებით 900 კვადრატული კილონეტრის ტერიტორია დაიკავეს.
ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გამო როგორც უკრიანისთვის, ასევე რუსეთისთვის. კიევისთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსკის ოლქში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენდეს მუდმივ საფრთხეს უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის სტაბილურობისთვის. გარდა ამისა, ამ ტერიტორიას დამატებით მნიშვნელობაც აქვს დაზვერვითი შესაძლებლობების თვალსაზრისით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციას პირველ რიგში პოლიტიკური მნიშნელობა აქვს და ეს გამოყენებული იქნება რუსეთთან მოლაპარაკებისას. კონკრეტულად კი, კრემლი იძულებული იქნებოდა დაეთმო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინის მიერ კურსკიდან თავისი ჯარების გაყვანის სანაცვლოდ. ბოლო მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურმა კიევმა კურსკის ფრონტზე წარუმატებლობის გამო, შესაძლოა, ეს კოზირი დაკარგოს.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, კურსკის ოლქი წარმოადგენს „გრავიტაციულ ცენტრს" რუსეთ-უკრაინის ომში, რომელზეც სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი წყდება:
„მე ვიტყოდი, რომ კურსკი დღეს საბრძოლო მოქმედებების მთავარი გრავიტაციული ცენტრია. ამაზე მართლაც წყდება სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი".
ბოლო ცნობები ფრონტიდან
ჩრდილო კორეელი ქვედანაყოფებისა და უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით რუსეთმა დაიბრუნა კურსკის ოლქში გასულ ზაფხულს უკრაინის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაახლოებით 2/3, თუმცა დიდი დანაკარგის ფასად.
ადგილობრივი „ტელეგრამ" არხებიდან ვიგებთ, რომ სუჯის მიმდებარედ ყველა ხიდი განადგურდა, უკრაინელ სამხედროებს კი საბრძოლო მასალისა და საწვავის მარაგის შევსება ურთულდებათ.
რუსეთის მხარდამჭერი ტელეგრამარხი ვრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ჯარებმა ბოლო დღეების განმავლობაში წინ წაიწიეს და ფრონტისს ზოგიერთი მონაკვეთი უკრაინა-რუსეთის ოფიციალური საზღვრიდან მხოლოდ 4 კილომეტრითაა დაშორებული.
უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში არიან მობილიზებულები, სადაც ცდილობენ ალყაში მოქცევას.
„ახლა ალყაში მოქცევამდე ბევრი აღარაფერი რჩება, ან უკრაინელები იძულებული გახდებიან უკან დაიხიონ. თუმცა ტერიტორიის დატოვება ნიშნავს მუდმივ ზეწოლას რუსების მხრიდან, რადგან იქნება მუდმივი მუქარა რუსული თვითმფრინავებისა და არტილერიის გამოყენებით", - აცხადებს ფინელი სამხედრო ანალიტიკოსი პასი პაროინენი.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ პარასკევს განაცხადა, რომ კურსკში „რთული ბრძოლები" მიმდინარეობს - რუსული ქვედანაყოფები ცდილობენ კონტროლი მოიპოვონ სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტარლზე, რომელიც უკრაინის სუმის ოლქის იუნაკივკას კურსკის ოლქში მდებარე სუჯასთან აკავშირებს.
„უკრაინული ქვედანაყოფები, მათ შორის 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა, 115-ე მოტომექანიზირებული ბრიგადა და მე-8 ცალკეული სპეციალური დანიშნულების პოლკი, იბრძვიან მზარდი კონტრშეტევის ფონზე საკუთარი ტერიტორიების შესანარჩუნებლად. ახლა ისინი იმყოფებიან მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ უპილოტო თვითმფრინავების ინტენსიური დარტყმების გამო", - წერენ ადგილობრივი გამოცემები.
უკრაინული ძალები სასტიკი თავდასხმის ქვეშ არიან. მეთაურებს მალე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - გაიყვანონ სამხედრო დანაყოფები, თუ გააგრძელონ ბრძოლა. ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამარხზე სამხედრო ანალიტიკოსმა იან მატვეევმა დაწერა.
„უკრაინის სარდლობა დიდი გამოწვევის წინაშეა. მათ უნდა მიიღონ საკვანძო გადაწყვეტილება: დატოვონ კურსკის რეგიონი, დაასრულონ სამხედრო ოპერაცია და შეინარჩუნონ სამხედრო დანაყოფები, თუ დარჩნენ ადგილზე და გარისკონ სიცოცხლით.
„კურსკის შენარჩუნების ერთ-ერთი რეალური მიზეზი ის არის, რომ ეს ოლქი ვაჭრობის საშუალებად გამოიყენონ მომავალ მოლაპარაკებებში. თუმცა, გამოცდილი ჯარისკაცებისა და მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დაკარგვამ თავდაცვაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეასუსტოს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები სხვა რეგიონებშიც", - აღნიშნავს მატვეევი.
დასავლურ გამოცემებსაც პესიმისტური პროგნოზი აქვთ.
ბრიტანული „ტელეგრაფის" ცნობით, რუსულმა ძალებმა კურსკის ფრონტი ორ ადგილას გაარღვიეს და სახიფათოდ მიუახლოვდნენ უკრაინული ძალების მომარაგების მთავარ ხაზს, რომელსაც უკრაინული ძალებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამავე წყაროს ცნობით, კურსკში მყოფი უკრაინული ნაწილელები ჯერჯერობით ახერხებენ კავშირის შენარჩუნებას ძირითად ძალებთან მეტად ვიწრო კორიდორით, რომლის სიგრძეც 1 კმ და სიგანე 500 მეტრია.
უკრაინული რესურს Deepstate-ს მიერ გავრცელებული რუკის თანახმად, კურსკშ გამლაგებული უკრაინული ნაწილების ¾ უკე თითქმის მთლიანად ალყაში არიან მოქცეული, მათ განლაგებაში სოლივით შეჭრილმა რუსულმა ძალებმა კი შესაძლოა ისინი ორ ნაწილად გაყონ.
„ტელეგრაფი" ანონიმ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ უკრაინული სარდლობა კურსკიდან ჯარების საერთოდ გაყვანასაც განიხილავს.
ამერიკული „ნიუ იორკ პოსტი" ასევე უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები დაახლოებით ორ კვირაში გავლენ კურსკის ოლქიდან.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კურსკში უკრაინელებისჩავარდნას იმით ხსნის, რომ რუსებმა ამ მიმართულებაზე თავისი ყველაზე ბრძლისუნარიანი ნაწილები გადაისროლეს და აქვე ჰყავთ მობილიზებული ჩრდილო კორეული ნაწილებიც.
„ისინი მხოლოდ იმიტომ ტოვებენ ამ ტერიტორიას, რომ რუსებმა მთავარი ძალები გადაისროლეს ამ ოლქში. მაღალი ბრძოლისუნარიანი რაზმები, ფაქტობრივად, კურსკის ოლქშია. შექმნილია ოპერატიული დაჯგუფება „ჩრდილოეთი", თუნდაც საზღვაო ქვეითთა 850-ე ბრიგადა იქაა.
„თუმცა, უკრაინელები ბოლომდე არ დათმობენ კურსკის ოლქს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სამხრეთი მხარე ოპერატიულ ალყაში მოექცეს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
კურსკის ოლქი და სამშვიდობო მოლაპარაკება
ვახტანგ მაისაიას თქმით, სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მოსკოვი უკრაინის ოთხივე ოლქს ითხოვს. საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე, რომელიც ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე კრემლმა რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. ამასთან, რუსულ ნაწილებს ეს ტერიტორიები სრულად არც აქვთ დაკავებული.
„კურსკში მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუ უკრაინელებს კურსკის დატოვება მოუწევთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი კოზირის დაკარგვა. თუმცა, ვფიქრობ, სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მაინც ვერ მოხერხდება, რადგან რუსეთი ოთხივე რეგიონს ითხოვს, უკრაინელებისთვის კი ეს მიუღებელია. ამიტომ ამ ეტაპზე ზავის დადებაზე საუბარი ნაადრევია.
„კურსკზე წყდება სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი. თუმცა, როგორც გითხარით, არ ვფიქრობ, რომ რუსებმა და უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, რადგან ორივე მხარეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები აქვს და ფაქტობრივად, ვერცერთმა ვერ შეასრულა თავისი დასახული ამოცანები. ამიტომ, ჯერჯერობით, ამ მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია - ერთია სურვილი და მეორე რეალობა.
„პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ კურსკი დაიბრუნოს და უკვე შემდეგ დაიწყოს ოთხი რეგიონის ოკუპაცია. ალბათ მთავარი დარტყმის მიმართულება ისევ ზაპოროჟიე იქნება, რადგან აქედან რუსებს შეუძლიათ გავიდნენ ოდესის მიმართულებით. შესაძლოა, ეს ყველაზე რთული და დრამატული მომენტი გახდეს, თუმცა ჯერ ჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა მაისაიამ.