როგორ ეხმარებიან დონორები შუააზიურ ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
მალხაზ გაგუა
25.05.2015

 "საზოგადოება დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ საკუთარი მთავრობა გააკონტროლოს, მათ შორის სიღატაკის აღმოფხვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც," - ამბობს დევიდ ლეინი, აშშ-ს ელჩი რომში განთავსებულ გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში, რომელიც მაისის შუა რიცხვებში გაეროს პროგრამების ნაყოფიერების შესაფასებლად პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ტაჯიკეთს სტუმრობდა.

ამ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 1990 წლიდან 50%-ით გაიზარდა, 5,5-დან 8,3 მილიონამდე, ყოველი მეოცე ბავშვი 1 წლის ასაკამდე იღუპება, მოსახლეობის 70%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია ჩართული და 1,5 მილიონი საზღვარგარეთაა გადახვეწილი, ძირითადად რუსეთში.

გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციები - მსოფლიო სასურსათო პროგრამა (ცაზ), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (აფწ) და სოფლის მეორნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (შაფვ), ისევე როგორც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (გთფშვ), ძალიან აქტიურად მუშაობენ ტაჯიკეთში სასურსათო უსაფრთხოების, სოფლის მეორნეობაში მოწინავე ტექნოლოგიების დამკვიდრებისა და სამოქალაქო გაერთიანებების მხარდაჭერის კუთხით.

"საკვების უსაფრთხოება ბარაკ ობამამ გაპრეზიდენტებისთანავე თავის მთავარ პრიორიტეტად დასახა. რაც შეეხება ტაჯიკეთს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, აქ მთავარი პრობლემა ხშირად არის არა თანხების უკმარისობა, არამედ ცოდნისა და ტექნოლოგიების დეფიციტი," - ამბობს ელჩი დევიდ ლეინი.

სწორედ მისი და გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში ამერიკის წარმომადგენლობის მიწვევით თითო-თითო ჟურნალისტი სომხეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან, მათ შორის "რეზონანსიდან", ტაჯიკეთში იმყოფებოდა, რათა უკეთ გასცნობოდნენ იმ ძალისხმევას, რასაც ჰუმანიტარული ორგანიზაციები ამ ქვეყანაში ახორციელებენ.

"ძალიან გთხოვთ, ჩემთან მიმართებაში ნუ დაიცავთ დისტანციას. მინდა, რომ ამ მოგზაურობისას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს," - უთხრა ლეინმა ტაჯიკეთის რეგიონებში გასვლის წინ ჟურნალისტებსა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა და მისმა თანმხლებმა ჯგუფმა, დედაქალაქ დუშანბეს გარდა, ტაჯიკეთის კიდევ ორი დიდი ქალაქი, ყურღან-ტეპე და კულობი, მოიარა, ისევე როგორც მრავალი პატარა სოფელი და დასახლება, მათ შორის ძნელად მისასვლელ მთიან ადგილებში.

ვიზიტი დედაქალაქითა და ხატლონის პროვინციით შემოიფარგლა, რადგან სწორედ ამ პროვინციაში ხორციელდება გაეროს პროექტების უდიდესი ნაწილი. კითხვაზე, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს პროვინცია, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ, ერთი მხრივ, ეს არის რეგიონი ყველაზე დიდი მოსახლეობითა და სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. ამას გარდა, ამ რეგიონს სასოფლო-სამეურნეო განვითარების ყველაზე მაღალი პოტენციალი გააჩნია.

თუმცა აქ კიდევ ერთი ფაქტორია. სწორელ ხატლონი წარმოადგენდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სასტიკი სამოქალაქო ომის ეპიცენტრს, რამაც 50-დან 100 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1,2 მილიონი კი ლტოლვილად აქცია.

"ვოვჩიკების" და "იურჩიკების" ომი

ყურღან-ტეპე ხატლონის დედაქალაქია - წყნარი, მეტიც - ერთგვარად დეპრესიული ქალაქი დაახლოებით 150-ათასიანი მოსახლეობით. 1990-იანი წლების დასაწყისში ეს ქალაქი სამოქალაქო ომით ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან ოპოზიციის - დემოკრატიული და ისლამისტური ძალების ჭრელი გაერთიანების - ბასტიონს წარმოადგენდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მხარე, ანუ მთავრობა, ამ გაერთიანებას ვაჰაბიზმში სდებდა ბრალს, ოპოზიციას ხუმრობით "ვოვჩიკებს" ეძახდნენ. სამოქალაქო ომი 5 წელი გაგრძელდა და "ვოვჩიკების" დამარცხებით დასრულდა.

გამარჯვებულმა სამთავრობო ძალებმა, რუსეთისა და მეზობელი უზბეკეთის მხარდაჭერით, აიღეს მეამბოხე რეგიონები, მათ შორის მათი მთავარი ქალაქი ყურღან-ტეპე და სასტიკი სასაკლაო მოაწყვეს (სრული ჭეშმარიტებისთვის უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე მეტ-ნაკლებად თანაბარი სისასტიკით გამოირჩეოდა და გარდამავალი წარმატებისას "ვოვჩიკები" არანაკლებ დანაშაულს სჩადიოდნენ).

სწორედ იმ გარემოების გამო, რომ სამთავრობო ძალებს რუსი სამხედროები ეხმარებოდნენ, მათ "იურჩიკები" დაარქვეს.

ეს "ვოვჩიკ-იურჩიკული" ტერმინოლოგია ტაჯიკეთში ახლაც ცოცხლობს, ისევე როგორც სამოქალაქო ომისგან მიყენებული ტკივილი.

ყურღან-ტეპედან მხოლოდ 150 კილომეტრით არის დაშორებული ხატლონის პროვინციის კიდევ ერთი დიდი ქალაქი კულობი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს "იურჩიკების" ბასტიონს წარმოადგენდა. წყნარი ყურღან-ტეპეს ფონზე თვალში გეცემათ ხმაური კულობის ქუჩებში, რომელიც გვიან ღამემდე გრძელდება. ეს ქალაქი უფრო ცოცხალია და, ასე ვთქვათ, მაჟორული ტონებით გაჯერებული.

ეს არცაა გასაკვირი, სამოქალაქო ომიდან კულობი გამარჯვებული გამოვიდა და რესპუბლიკაში წამყვან პოზიციებს სწორედ ამ ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი იკავებენ.

თუმცა ეს ტრენდი ნელ-ნელა იცვლება, რადგან პრეზიდენტი იმომალი რახმონ(ოვ)ი კულობელებს თავისი თანამემამულეებით ანაცვლებს - ქალაქ დანღარას მკვიდრებით.

"კულობელები უკვე ხვდებიან, რომ რახმონოვმა გადააგდო," - გვეუბნება ადგილობრივი თარჯიმანი.

"მამაჩემი და ჩემი ძმა "იურჩიკებმა" მოკლეს," - ამბობს ჩვენი მძღოლი, საშუალო ასაკის სიტყვაძუნწი ტაჯიკი, რომელიც არც მალავს თავის, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურ დამოკიდებულებას ქალაქ კულობის მცხოვრებლების მიმართ.

თარჯიმანი კი გვეუბნება, რომ კულობელები არც სხვა რეგიონებში მოსწონთ, რადგან "ყველგან ისე იქცევიან, როგორც ომში გამარჯვებულები."

"კი მაგრამ უკვე 20 წელი გავიდა. ახლაც?" - ვეკითხებით.

"კი, ახლაც, თუმცა ნაკლებად."

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი

ეს ცენტრი კულობის შემოგარენში მდებარეობს და როცა მივედით, იქ რამდენიმე ათეული ქალი იმყოფებოდა თოთო ბავშვებით. ეს ცენტრი გაეროს სასურსათო პროგრამის მიერ არის შექმნილი და აქ ბავშვთა "ზომიერი", ანუ ქრონიკული შიმშილობის აღმოფხვრაზე მუშაობენ (მწვავე შიმშილობის პროგრამას გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია - "იუნისეფი" ახორციელებს).

აღსანიშნავია, რომ "შიმშილობა" სულაც არ გულისხმობს საკვების საერთოდ არქონას (თუმა ასეთი პრობლემაც არსებობს). აქ უფრო საუბარია არასწორ და ერთფეროვან კვებაზე, მაგალითად როცა თოთო ბავშვს თვეების მანძილზე მხოლოდ კარტოფილს აჭმევენ ან რომელიმე ერთი სახეობის ფაფას. ეს ბავშვის მზარდ ორგანიზმში სხვადასხვა საკვები ინგრედიენტების, ყველაზე ხშირად - ცილების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების - დეფიციტს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე აისახება.

ჯანმრთელობის ცენტრში ბავშვების სკრინინგს ატარებენ, რათა გამოავლინონ ის პატარები ან მთელი ოჯახები, სადაც შიმშილობის პრობლემა არსებობს. ამის შემდეგ კი დედებს ასწავლიან, როგორ კვებონ ბავშვები სწორად, რა ხელმისაწვდომი ინგრედიენტები შეუძლიათ დაამატონ ყოვლდღიურ საკვებს (მაგალითად, სტაფილო, მწვანილი და სხვა პროდუქტი, რაც სოფლად მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია), რათა ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების შიმშილი შეწყდეს. ამას გარდა, დედებს საკვები ელემენტებით მდიდარ სპეციალურ საკვებ დანამატს აძლევენ და მის მომზადებასაც ასწავლიან.

"აქ, ჩვენი ორგანიზაციის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 20% ქრონიკულ, 10% კი მწვავე შიმშილობას განიცდის," - გვეუბნება ნიკოლა ობერლენი, ფრანგი სპეციალისტი სტრასბურგიდან, რომელიც მსოფლიო სასურსათო პროგრამის ტაჯიკეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

კითხვაზე, რატომ დაიხურა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობა თბილისში, ობერლენი პასუხობს, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში კვების უსაფრთხოების პრობლემა იმდენად შემცირდა, რომ ამ ორგანიზაციის არსებობა გამართლებული არ იყო.

"მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციას ფრიად შეზღუდული რესურსები აქვს," - ამბობს ობერლენი. "ამიტომ ჩვენ ვცილობთ, რესურსები მივმართოთ იქითკენ, სადაც მეტი საჭიროება არსებობს. საქართველოში, როგორც ვიცი, ჩვენი ოფისი 2012 წელს დაიხურა. პრინციპში, უფრო ადრეც უნდა დახურულიყო, რადგან მისი საჭიროება არ არსებობდა, მაგრამ საქართველოს მთავრობა გვთხოვდა დარჩენას და ამიტომ დავრჩით 2012-მდე."

 სასკოლო კვება

ამ პროგრამასაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა ახორციელებს და დაწყებითი კლასების მოსწავლეების სადილით უზრუნველყოფას გულისხმობს ყოველ სასკოლო დღეს. ცაზ სკოლას საჭირო ინვენტარით და პროდუქტებით ამარაგებს, ამავე დროს პროდუქტის ნაწილის მომარაგება მშობლების პასუხისმგებლობაა. ჩვენ ორ სკოლას ვესტუმრეთ, მთიან სოფელ ლანგარსა და პატარა ქალაქ ნორეკში. (შეგახსენებთ, რომ ნორეკში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰეს-ი.)

ამ უკანასკნელში სკოლის ხელმძღვანელობამ სადილზე სტუმრებიც მიგვიწვია. სადილის მთავარი კომპონენტი ორივე ადგილას იყო ბოსტნეულის სუპი, ასევე ცოცხალი ბოსტნეული და ხილი. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის რაციონს ადგენს ადგილობრივი საკვლევი ინსტიტუტი და გულისხმობს მათ მომარაგებას მზარდი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტით, იქნება ეს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები თუ ვიტამინები.

სარწყავი წყლის მომხმარებელთა ასოციაცია

ელჩი დევიდ ლეინი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტია, რაც მან ტაჯიკეთში ვიზიტისას იხილა. ამ პროექტს იუსაიდი ყურღან-ტეპეს რუმის რაიონის სოფლებში ახორციელებს და გულისხმობს ადგილობრივი დეკჰანების (ჩვენებურად - გლეხების) გაერთიანებების ხელშეწყობას, რათა სარწყავი წყლის მოხმარება უფრო ეფექტიანი იყოს.იუსაიდის დახმარებით ასოციაციამ მოახდინა ძველი სარწყავი არხების სისტემის რეაბილიტაცია და შეიძინა მისი მოვლისთვის საჭირო ტექნიკა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სარწყავი წყლის გადანაწილება აქ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული გადაულახავ პრობლემად რჩებოდა და მხოლოდ ასოცირებით და შესაბამისი წესების ერთობლივად შემუშავებით გახდა შესაძლებელი იმ კონფლიქტების თავიდან არიდება, რაც წყლის გადანაწილების დროს წარმოიწყებოდა-ხოლმე.

ამავე, რუმის რაიონში ვესტუმრეთ იუსაიდის კიდევ ერთ პროექტს, რაც გულისხმობს დეკჰანებისთვის კარტოფილის ისეთი სახეობების თესლის გადაცემას, რომელიც მოსავლის ნაყოფიერებას რამდენჯერმე ზრდის. ეს პროექტი მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის თანამონაწილეობით ხორციელდება და ფრიად მოხარული დავრჩით იმ გარემოებით, რომ მას ცენტრის რეგიონული სამეცნიერო კოორდინატორი, ჩვენი თანამემამულე რუსუდან მდივანი კურირებს.

IFAD-ისა და FAO-ს პროექტები

კულობის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის IFAD) მიერ განხოცრიელებული რამდენიმე პროექტის ადგილი მოვინახულეთ. მათ შორის, აღსანიშნავია პირუტყვისთვის სასამელი წყლის მიწოდების სისტემა და გამდიდრებული საკვების საწარმო სოფელ ტუტოში, ელექტროდენის მიწოდების სისტემა და სასილოსე თესლის გამოყვანის ობიექტები სოფელ ხანატაროშში.

ამას გარდა, მოვინახულეთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების სანერგე, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, ამავე ორგანიზაციის პატრონაჟით შექმნილი მეცხოველეობის გაუმჯობესების ცენტრი, რომელიც ადგილობრივ გლეხებს რძის გაყიდვის საშუალებას აძლევს და შინაური პირუტყვის ახალი, უფრო ნაყოფიერი ჯიშების მოშენებაში ეხმარება.

სტატისტიკა

ტაჯიკეთი არის ყველაზე მთიანი ქვეყანა დედამიწაზე ნეპალის შემდეგ. აქ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ტერიტორიის მხოლოდ 7%-ია გამოსადეგი.

ტაჯიკეთში ძალიან მაღალია ბუნებრივი ნამატი და ხშირად შეხვდებით ოჯახებს 10 და 11 შვილით. ქვეყნის მოსახლეობა 1990-დან გაიზარდა 5,5 მილიონიდან 8,3 მილიონამდე. 46% არის სიღარიბის ზვარს მიღმა. საშუალოდ ოჯახში 7 კაცია.

მოსახლეობის 72% სოფლის მეურნეობაშია ჩართული, რომელზეც მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 20%. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა 80% ქალია.

ტაჯიკეთის დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქე ემიგრაციაშია და იქიდან არჩენს ოჯახს. ესენი არიან მეტწილად ახალგაზრდა კაცები, რომლებიც ძირითადად რუსეთში ყველაზე შავ და დაბალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ, სოფლები მამაკაცებისგან დაცლილია და მიწაზე შრომის ტვირთი ქალებს აწვება მხრებზე.

უცხოეთიდან (ძირითადად - რუსეთიდან) ტაჯიკები სამშობლოში წელიწადში 4 მილიარდ დოლარამდე ფულს რიცხავენ, თუმცა რუსეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს რიცხვი შარშან მეოთხედით შემცირდა და 3 მილიარდი შეადგინა.

ტაჯიკეთის ეკონომიკა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი აქ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე სულ რაღაც 1000 დოლარია, რაც საქართველოს მაჩვენებელს დაახლოებით სამნახევარჯერ ჩამოუვარდება, რომ არაფერი ვთქვათ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებზე.

თუმცა მსყიდველუნარიანობასთან ადაპტირებით ჩამორჩენა ნაკლებია (დაახლოებით 2,5-ჯერ, საქართველოსთან შედარებით).

"აქ არაფერი არ მუშაობს. წარმოიდგინეთ, ერთი ქარხანაც კი არ მუშაობს. მთავრობას ამდენი წლის მანძილზე ერთი ქარხანაც კი არ გაუხსნია," - გვეუბნება მძღოლი სიტყვებს, რაც საქართველოშიც შეგიძლიათ ხშირად მოისმინოთ.

"მე, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ იმ როლით, რასაც აქ ქალები თამაშობენ," - პასუხობს დევიდ ლეინი კითხვას, იყო თუ არა მისი ვიზიტისას ისეთი რამ, რითაც კმაყოფილი არ არის. " - გაეროს სტატისტიკით, ტაჯიკეთი არის ქვეყანა, სადაც გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, შედრებით მაღალია, მაგრამ რაც მე ადგილზე ვნახე, ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ქალი ლიდერები მეტად უნდა იყვნენ წახალისებული."

ამასთანავე, ის სუსტ სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრობს.

"თქვენც ნახეთ, რომ სადაც კი ჩავდიოდით, ყველგან გვხვდებოდნენ გავლენიანი ადამიანები მთავრობიდან, მე ვისურვებდი, რომ მათ ადგილას ან მათთან ერთად ძლიერი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ," - ამბობს ელჩი.

"მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხედავთ, როგორი ძალისხმევით მუშაობენ ადამიანები საკუთარი პირობების გასაუბჯობესებლად," - ამბობს დევიდ ლეინი. " - (დონორების მიერ მხარდაჭერილი) პროექტების შედეგი თვალნათელია, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ წარმატებული გამოცდილების ფართოდ გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე."

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×