ეკატერინე ბასილაია
30.05.2015

 "კავკასიის იმარატს" ახალი მეთაური ჰყავს, ის შარიათის მოსამართლე, აბუ უსმან მუჰამედ გიუმრი, იგივე მოჰამედ სულეიმანოვია. "იმარატის" მხრიდან მისი არჩევის ოფიციალურად გამოცხადება ჯერ არ მომხდარა, თუმცა, რუსული მედია რამდენიმე ამბოხებულისა და თავად სულეიმანოვის ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ აბუ უსმან მუჰამედი უკვე მოქმედებს, როგორც ამირი, უახლოეს ხანში კი მისი არჩევა ოფიციალურადაც გაცხადდება.

"კავკასიის იმარატი" ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების დაჯგუფებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. "იმარატის" წინა მეთაური, ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 19 აპრილს მოკლეს.

მაშინ რუსულ მედია წერდა, რომ კებეკოვი კავკასიაში "ისლამურ სახელმწიფოს" (ისის) ტრიუმფალური სვლის შემაკავებელი ფაქტორი იყო. მისი ლიკვიდაციის შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში ისის-ის გაძლიერების შესაძლებლობები უფრო და უფრო გაიზრდებოდა და ეს კავკასიასა და რუსეთს დიდ საფრთხეს უქადდა.

დაპირისპირება კი იმის გამოა, რომ კებეკოვი კიცხავდა ისის-ის პრაქტიკას, როგორც შარიათის საწინააღმდეგოს. ის გმობდა ჯიჰადს, მსხვილ ტერორისტული აქტებს ხალხმრავალ ადგილებში და ამბოხებულების მთავარ მიზნად მხოლოდ ძალოვანების წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. მის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების რიცხვი შემცირდა. ამის გამო ძალიან ბევრი ახალგაზრდა საველე მეთაური "იმარატიდან" გავიდა და ისის-ის შეფიცული გახდა, რამაც დაჯგუფება დაასუსტა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ ახალი ლიდერი რადიკალურად ვერაფერს შეცვლის და "იმარატის" კრიზისი ისევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ "იმარატის" მებრძოლთა დიდი ნაწილი სირიაშია საბრძოლველად წასული. შენარჩუნდება ის მცირე კერები, რაც ახლა არსებობს, აქტივობის გაზრდას კი, სავარაუდოდ, არ პროგნოზირებს.

"ამ ეტაპზე ისის-ის ჩრდილო კავკასიაში შემოსვლა სავარაუდო არ არის. "ისლამურ სახელმწიფოს" მებრძოლები სირიაში მიჰყავს და ამდენად, ჩრდილო კავკასიიდან ჯიჰადში მონაწილე კადრების გადინება ხდება. რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გაცილებით უკეთესია, მათი მოწინააღმდეგე ქვეყნიდან შორს იყოს," - ამბობს კვახაძე.

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, სულეიმანოვი საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ფიგურაა და ვარაუდობს, რომ კავკასიაში ბრძოლები არ შეწყდება. უფრო მეტიც, ამბობს, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში "ისლამური სახელმწიფო" გააქტიურდეს და ისის-ი "იმარატის" გვერდითაც კი ვიხილოთ.

ვახტან მაისაია: "ისლამური ხალიფატი" და "კავკასიის იმარატი" გლობალურ დონეზე მოკავშირეები არიან. უბრალოდ მათ განსხვავებული მიდგომა აქვთ, მაგალითად, ჯიჰადის განხორციელების მეთოდებზე.

"აქ დიდ როლს თამაშობს ფინანსებიც. "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიური ჯიჰადის საწარმოებლად 70 მილიონი დოლარი გამოყო. ეს ძალიან დიდი თანხაა, თითო საველე მეთაურზე 2 მილიონი მოდის და ამან საკმაოდ გაამართლა. ისის-ისათვის კავკასია სტრატეგიულ მნიშვნელოვან არეალად გადაიქცა. მათი მიზანია "ისლამური ხალიფატის" ტერიტორიის გაფართოება.

"კავკასიელები კარგ მებრძოლებად ითვლებიან, თანაც, კავკასია რუსული კორუფციის გამო საკმაოდ მილიტარიზებულია და იარაღის შოვნა რთული არ არის. ამას პლუს კავკასიიდან შესაძლებელია 20 მილიონ მუსლიმზე გასვლა და ასევე დასავლეთ ევროპაში გასვლაც. არცთუ შორეულ პერსპექტივაზე აქვთ გათვლა.

"ისლამური ხალიფატის" ქსელებს ქმნიან. კავკასიიდან არა მარტო მიჰყვათ მებრძოლები, არამედ უკვე მოუწოდებენ, რომ ადგილზე დაიწყონ ჯიჰადი იმ ადგილებში, სადაც ძლიერი მუსლიმანური ჯამაათებია. ახალი ტაქტიკა წამოიწყეს. გამორიცხული არ არის, რომ "ხალიფატმა" და "კავკასიის იმარატმა" კავკასიაში გვერდიგვერდ იბრძოლონ. ხშირად ხდება, რომ ფიტნას (დაპირისპირებას) იგონებენ, მოწინააღმდეგეები შეცდომაში რომ შეიყვანონ. ასე რომ, გაერთიანება მიუღწეველი არ არის. ჩრდილოეთ კავკასიაში, იმ ფონზე, რაც ახლა ვითარდება, მეეჭვება, რომ სიმშვიდე ვიხილოთ."

ცნობისათვის, მართალია, "იმარატის" მეთაური კებეკოვი ერთ თვეზე მეტია მოკლეს და წესით ახალი ამირაც მალევე უნდა არჩეულიყო, მაგრამ როგორც რუსული გამოცემა "კავკაზსკი უზელი" წერს, არჩევისას სირთულეები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ორგანიზაციაში ახლა პრაქტიკულად არ არსებობს შურა - გადაწყვეტილების მიმღები სათათბირო ორგანო.

აღსანიშნავია, რომ სულეიმანოვის არჩევის პარალელურად ერთ-ერთი გავლენიანი პირი, ნადირ აბუ ხალიბი "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა და ფიცის დადების ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელა. ჩანაწერში ნადირ აბუ ხალიბი ხვდება ისის-ს წარმომადგენელ აბუ ჯიჰადს, რომელიც ომარ ალ შიშანის, იგვე თარხან ბათირაშვილის თანამებრძლია და ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერ აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცს აძლევს.

ექსპერტები თვლიან, რომ აბუ ხალიბის მიერ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ფიცის დადების მიზანი კავკასიაში ახალი მხარდამჭერების მიზიდვაა. რუსული მედიის ვარაუდით, არ არის გამორიცხული განვითარდეს პროექტი "ისლამური სახელმწიფო ჩრდილოეთ კავკასიაში", რაც ამ რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლას ბევრად გაართულებს.

"ეს მარტივად აიხსნება, რადგან ჩრდილო კავკასიაში ისეთი ახალი ძლიერი ტერორისტულ დაჯგუფების გამოჩენა, როგორც ისის-ია, რომლის წინააღმდეგაც შეიკრიბა საერთაშორისო კოალიცია - არის იმ სიტუაციის დაბრუნება, რაც 2000-იან წლებში იყო, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლა მთელ "ალ-ქაიდასთან" მიმდინარეობდა და არა მხოლოდ ადგილობივ ბოევიკებთან", - აცხადებს რუსი პოლიტოლოგი, ისლამის მცოდნე აბდულა რუნათ მუჰამედოვი.

მისი თქმით, ნადირ აბუ ხალიბის ქადაგებებს ბევრი ახალგაზრდა უსმენდა და ბევრისთვის ის ავტორიტეტია, ამდენად, მის ქადაგებებსა და იდეებს ბევრი წაჰყვება.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ ალეკო კვახაძის თქმით, სულეიმანოვი კებეკოვის თანამოაზრე და ყველაზე ახლო თანამებრძოლი იყო. ის ეთნიკურად ხუნძია, მთიან დაღესტანში მოქმედი დაჯგუფების მეთაური და სასულიერო განათლება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აქვს მიღებული. კარგად იცნობს ისლამს და შარიათის კანონებს. დიდ ხნის განმავობაში ის "კავკასიის იმარატის" შარიათის მოსამართლე იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოს" მისცეს ფიცი დაღესტნელმა ამირამ და სხვა საკვანძო ლიდერებმა, სულეიმანოვი "იმარატში" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.

კვახაძე ამბობს, რომ მას აქვს რამდენიმე ვიდეო მიმართვა, სადაც სულეიმანოვი "ისლამურ სახელმწიფოს" გმობს და ამიტომაც ყველა ვარაუდობდა, რომ კებეკოვის მემკვიდრე ის გახდებოდა. კვახაძის ვარაუდით, მისი დანიშვნის შემდეგაც "იმარატში" განხეთქილება გაგრძელდება, რაც ამ დაჯგუფებას უფრო და უფრო დაასუსტებს. მაგალითად, იგივე ნადირ აბუ ხალიბის ისის-ის რიგებში გადასვლაც ამ კრიზისზე მეტყველებს.

"ნადირ აბუ ხალიბი "კავკასიის იმარატის" წევრი იყო, მახაჩყალაში შიდა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, მოახერხა და სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ის ბრძოლებში ჩართული არ ყოფილა, სამოქალაქო პირია. ისის-ს მებრძოლების გარდა ცნობილი და ავტორიტეტული სახეები სჭირდება, რომლებიც ახალი თაობის მოზიდვას მოახერხებენ. აბუ ხალიბიც დაღესტანში ცნობილი მქადაგებელი იყო, ახალგაზრდებში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი გადასვლით ის ერთგვარი მაგალითი გახდება. "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების გათვლით, კიდევ უფრო მეტი მებრძოლის რეკრუტირება მოხდება და იდეოლოგიის ნიადაგზე მეტი ადამიანი უნდა შეუერთდეს ისის-ს," - აღნიშნავს კვახაძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×