რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ მოლდოვისაგან - ინტერვიუ ევროკავშირში მოლდოვის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელთან
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
15.06.2015

 მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების პირველ 4 თვეში მოლდოვადან ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ოფიციალური კიშინიოვის პოლიტიკა ახლა იმისკენაა მიმართული, რომ ეს შეღავათები დნესტრისპირეთში მოქმედ კომპანიებზეც გავრცელდეს.

ამის შესახებ საუბრობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ევროკავშირთან მოლდოვის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელი ეუჯენ კარასი. მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან დნესტრისპირეთის ბლოკადა აბსოლუტურად გამორიცხულია.

ელჩის ცნობით, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ და იმ შესაძლებლობებმა, რომელსაც იგი მონაწილე ქვეყნებსა და მათ შორის საქართველოს აძლევს, უკვე იქონია მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი დნესტრისპირეთის პრობლემაზე. მაგალითად, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ვიზების გაუქმების შედეგად დღეს მოლდოვის მოქალაქეობა და მოლდოვის პასპორტი დნესტრისპირეთში მცხოვრებ 75 ათასზე მეტ ადამიანს აქვს.

"მთელი კვირა": როგორ შეაფასებდით რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს, გამართლდა თუ არა მოლდოვის მოლოდინი?

ეუჯენ კარასი: პრესაში ამ სამიტის შედეგებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ვნახე. რეალურად ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოლოდინი ჰქონდათ თავად მათ, ვინც სამიტის შედეგებზე საუბრობს. ოფიციალური კიშინიოვის პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ საკმაოდ რეალისტური მოლოდინი გვქონდა, თუ რა შეიძლებოდა პერსპექტივაში მოხდარიყო, ვინაიდან საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშაო იყო ჩატარებული, მათ შორის დეკლარაციის ტექსტთან დაკავშირებითაც.

ჩვენი მოლოდინი ძალიან რეალისტური იყო და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სამიტი წარმატებული გამოდგა, ჩვენ მისი შედეგით კმაყოფილი ვართ.

თუკი დეკლარაციის ტექსტს შეხედავთ, ძალიან ბევრ პარაგრაფში მოლდოვის რესპუბლიკა დადებით კონტექსტშია მოხსენიებული, მაგალითად, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით (მოგეხსენებათ, რომ უკვე წელიწადზე მეტია ვიზალიბერალიზაციაა), ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, მათ შორის ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედების მხრივ. სხვა საკითხებიც ტექსტში საკმაოდ კარგადაა ასახული.

რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, რომელიც მე-7 პარაგრაფშია მოცემული, ვფიქრობ, რომ ეს ტექსტი არ გაუმჯობესებულა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ვიცოდით და გაგვაჩნდა, თუმცა, არც გაუარესებულა, ანუ უკან გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში მიგვაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე ნორმალური და კარგი შედეგი იყო.

"მ.კ.": ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შესახებ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს გაფართოებაზე უახლოესი 5 წლის განმავლობაში. სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისრის თანამდებობის დასახელებაც კი შეიცვალა. თქვენ როგორ შეაფასებდით მოლდოვის ევროპულ პერსპექტივეს?

ე.კ.: თქვენს შეკითხვებში რამდენიმე საკითხს შეეხეთ, მე ალბათ კონკრეტულ ასპექტზე შევჩერდები. რეალურად ახლა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის იმ აღმოსავლელი პარტნიორების მისწრაფებები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ევროპული პერსპექტივა ჰქონდეთ, ასახული იყოს ახალ სამეზობლო პოლიტიკაში.

რაც შეეხება გაფართოებას, აქ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ახალ ევროპულ კომისიაში კომისრის პორტფოლიოს დასახელება შეიცვალა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმასაც, რომ პრეზიდენტი იუნკერი ჯერ კიდევ ამ თანამდებობაზე არჩევამდე აცხადებდა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში გაფართოება არ იგეგმება.

ეს, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, რომ, მაგალითად, ბალკანეთის რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფო უკვე ევროკავშირში შესვლაზე მართავს მოლაპარაკებას, ანუ ისინი უკვე სხვა ეტაპზე არიან. ეს განცხადება და ევროკომისიის ეს პოზიცია ამ ქვეყნებსაც ეხება.

ჩვენთვის ეს განცხადება საყურადღებოა. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გარკვეული შიდა ბარიერი გაფართოების შემდეგ ტალღასთან დაკავშირებით.

არსებობს კიდევ ასეთი მოსაზრება და არგუმენტი, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა და ევროკავშირის პოლიტიკა ეს არაა გაფართოების პოლიტიკა. ესეც არგუმენტია და მასაც გააჩნია თავისი ლოგიკა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივმართავთ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს, რათა ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებს აზრი შევაცვლევინოთ და დავარწმუნოთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე იმ ქვეყნებმა, რომელთაც ასეთი მიზანი აქვთ, შესაძლოა, ერთ დღესაც ევროკავშირში შესვლაზე გააკეთონ განაცხადი და დადებითი პასუხი მიიღონ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს დროისა და პროცესის საკითხია. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც დიდ, მოცულობით პროცესს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნები ახდენენ სიღრმისეულ მოდერნიზაციას და იმის ხელახლა გააზრებას, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა, როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა, როგორ უნდა მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები, მენტალიტეტიც კი უნდა შეიცვალოს.

სწორედ ესაა მოდერნიზაციის პროცესი. ჩვენ, მოლდოვის ხელისუფლება ვიღებთ ევროკავშირის მაგალითს ქვეყნის მოდერნიზაციისათვის, რათა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და ეკონომიკა ევროკავშირის ყაიდაზე და ევროკავშირის სტანდარტებით მუშაობდეს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი გარკვეულ ვადაზეა გადანაწილებული. ესაა პროცესი, რომელსაც წლობით, აგურ-აგურ შენება სჭირდება, რათა ის მომავალი მივიღოთ, რომლისთვისაც ვისწრაფვით.

"მ.კ.": აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილეთაგან სამმა ქვეყანამ აირჩია პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზა. ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი მხოლოდ ცალკეულ სფეროებში აპირებენ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში როგორ ხედავთ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალს, რამდენად ეფექტური იქნება იგი მომავალში?

ე.კ.: დეკლარაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი არც ისე მარტივი იყო, ვინაიდან ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, ევროკავშირის პოზიციაზე, სადაც 28 სახელმწიფო შედის და კიდევ 6 პარტნიორზე. ადვილი არ იყო ბალანსის მოძებნა და ისეთი ტექსტის შემუშავება, რომელიც ყველა 34-სათვის მისაღები იქნებოდა.

რაც შეეხება პარტნიორებს, თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს 3 ქვეყანა, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმება და კიდევ სამი, რომელსაც განსხვავებული დღის წესრიგი აქვს.

შესაბამისად, ამგვარი დიფერენციაცია უკვე არსებობს და ეს ნორმალურია, მაგალითად, ევროკავშირის მოლაპარაკება მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით სხვაგვარად მომდინარეობს და სხვა პარტნიორთან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება არ აქვს - სხვაგვარად.

ყველასთვის გასაგებია, რომ შესაძლოა, სხვადასხვა პარტნიორთან განსხვავებული მიდგომა და თანამშრომლობის ფორმატი არსებობდეს. ჩვენ ამას ვეთანხმებით. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყოველი პარტნიორი ევროკავშირისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. დიფერენციაცია იმიტომაა, რომ არსებობს ეს შეთანხმებები.

ვნახოთ, ეს როგორ განვითარდება. თუ აღმოსავლეთის პარტნიორობა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, საშუალებას მისცემს, რომ ერთი მხრივ, ორმხრივ ფორმატში განავითარონ ურთიერთობები ევროკავშირთან და ამავდროულად ეს ორმხრივი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანონ, მაშინ შესაძლოა, ეს თანამშრომლობა მათთვის ერთგვარი ქოლგაც იყოს.

პრინციპში, თეორიულად შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, ხომ არ გვეთქვა უარი აღმოსავლეთის პარტნიორობაზე. მაგრამ რა იქნება პარტნიორობის ნაცვლად? რაიმე უკეთესი ფორმატი იქნება, თუ ეს უკვე არსებული ფორმატი გარკვეულ დივიდენდებს იძლევა, რომელიც მისი არარსებობის შემთხვევაში არ იქნება?

ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს პლუსებიც და მინუსებიც, რომლებიც კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. ჩემი აზრით, ახლა აღმოსავლეთის პარტნიორობაზე უარის თქმა არ ღირს, რადგან ეს პარტნიორობა უკვე არსებობს და სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობის საშუალებას იძლევა.

მაგალითად, მოლდოვამ ამ ეტაპისთვის მიიღო ის, რისი მიღებაც შეიძლებოდა - ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება. ახლა კი იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება და შემდეგ ვნახავთ, თუ ორმხრივი ურთიერთობების რა დონეზე იქნებიან ევროკავშირი და მოლდოვა. თუკი აღმოსავლეთის პარტნიორობა მომავალში ამ ურთიერთობების შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მაშინ საჭირო გახდება დაფიქრება, თუ რა ვუყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობას, გავაკეთოთ, ვთქვათ, "აღმოსავლეთის პარტნიორობა პლუს" ან რამე სხვა. ჯერჯერობით კი კიშინიოვი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა უნდა შენარჩუნდეს და მისგან უნდა მივიღოთ ის, რაც შესაძლებელია.

თუკი მოვა დრო, როდესაც ჩავთვლით, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა ჩვენ გვზღუდავს, პირდაპირ ვეტყვით ამის შესახებ ევროკავშირს. ჯერჯერობით კი ევროკავშირისაკენ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების სხვადასხვა სიჩქარეებით მოძრაობა ჩვენ ხელს არ გვიშლის.

"მ.კ.": მოლდოვას ევროკავშირთან უკვე ერთი წელია, რაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ასევე ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. როგორ შეაფასებდით შედეგებს, როგორი გავლენა მოახდინა ამან გაგაუზიასა და დნესტრისპირეთთან ურთიერთობების დალაგებაზე?

ე.კ.: რაც უვიზო რეჟიმმა მოგვცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ერთი რამ მინდა ვთქვა - ხალხი კარგს მალევე ეჩვევა და მალევე ავიწყდება, თუ რა სამუშაო ჩაატარა სახელმწიფომ უვიზო რეჟიმის მისაღწევად.

ხალხი ახლა შენგენის ზონაში უბრალოდ პასპორტით მოგზაურობს და ამას ისე იღებს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, თითქოს ეს აქამდეც შესაძლებელი იყო. ჩვენი კოლეგები საქართველოდან და უკრაინიდან ამას დიდი ხანია ელიან. ვუსურვებდი, რომ ეს მათთვისაც უახლოეს პერიოდში იყოს ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება მოლოდოვის გამოცდილებას, ვფიქრობ, რომ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ისეთი განცდაა, რომ რაღაც ფარდა გაქრა და მსოფლიო უვიზო რეჟიმით იხსნება. ამან მოლდოვაში დიდი ეფექტი იქონია.

თუმცა, თქვენ ახსენეთ დნესტრისპირეთი და გაგაუზია. რა თქმა უნდა, გაგაუზიის პრობლემასა და დნესტრისპირეთის სიტუაციას ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავთ.

დნესტრისპირეთის კონტექსტში ამას ძალიან დადებითი ეფექტი ჰქონდა, დაახლოებით 75 ათას დნესტრისპირელს ახლა მოლდოვის მოქალაქეობა და მოლდოვური პასპორტი აქვს. დნესტრისპირეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ მოლდოვის დაახლოება ევროკავშირთან მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ გარკვეული პრეფერენციები, რომელიც უკავშირდება უვიზო რეჟიმს. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში შეეხება საყოველთაო ვაჭრობის შეთანხმებასაც.

მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელი სექტემბრიდან მოყოლებული, წლის ბოლომდე ძალიან კარგი ციფრები მივიღეთ - გასული წლის 4 თვის განმავლობაში ევროკავშირში ჩვენი ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, რაც უფრო გავაგრძელებთ იმპლემენტაციას, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონების ჩართვას, ეს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეს ასევე კარგი შესაძლებლობა იქნება დნესტრისპირეთის კომპანიებისათვის, რომ პრეფერენციულ საფუძველზე ივაჭრონ ევროკავშირთან.

ეს კიშინიოვისათვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ახლა დნესტრისპირულ კომპანიებს ევროკავშირში თავისი პროდუქცია ე.წ. "ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციების" რეჟიმში გააქვთ, რაც წლის ბოლოს იწურება. ახლა კიშინიოვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ვაჭრობის შეთანხმება დნესტრისპირეთის ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაახლოებას.

"მ.კ.": ბოლო ხანს რუსეთი, სახელმწიფო მედია სულ უფრო მეტს ძაბავს სიტუაციას დნესტრისპირეთის გარშემო. მოლდოვასა და უკრაინას ადანაშაულებენ "ბლოკადაშიც" კი. რა პესპექტივებს ხედავთ ამ კონფლიქტის მოგვარებაში?

ე.კ.: პირველ რიგში ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების ფორმატს "5 პლუს 2" ჯერ კიდევ არ ამოუწურავს თავისი თავი. სამწუხაროდ, შეხვედრები ამ ფორმატში აღარ იმართება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ განახლდება.

რაც შეეხება პრესას, ჩვენ მშვიდად უნდა ვიმუშაოთ დნესტრისპირეთის პრობლემის დარეგულირებაზე და ნაკლებად დავეყრდნოთ იმას, რაც პრესაში იწერება.

კიშინიოვის პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ ყველა მცირე და დიდი პრობლემის მოგვარებას. ჩვენ ასევე მზად ვართ "ერთი პლუს ერთი" ფორმატში მოლაპარაკებისათვის. ჩვენი პრემიერიც შეხვდა დნესტრისპირეთის ლიდერს. ანუ, მზადყოფნა და დაინტერესება ამისთვის არის და უნდა ვიმუშაოთ მშიდად იმის მიუხედავად, რომ პრესა შესაძლოა პრესინგს გვიწყობდეს.

დნესტრისპირეთის ბლოკადა გამორიცხულია. როგორც გითხარით, ჩვენ გვესმის, რომ რეგიონში ამჟამად არც ისე კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა და დაინტერესებული ვართ, რომ დავეხმაროთ დნესტრისპირულ მხარეს, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ევროკავშრის ბაზარზე, რათა გამოსწორდეს რეგიონში ეკონომიკური სიტუაცია.

ყოველგვარი ბლოკადა გამორიცხულია. ვიღაცა ვიღაცას რომ აპატიმრებს - ეს სულ სხვა საკითხია. მოლდოვაში დგას რუსული კონტინგენტი, რომელიც ასრულებს სამშვიდობო მისიას. არსებობს ორმხრივი მექანიზმი ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს ამ სამხედროთა როტაცია. თუ ეს მექანიზმი არ ირღვევა, ის მუშაობს და რუსი სამხედროები ახორციელებენ როტაციას, თუ ირღვევა - მაშინ ისინი ვერ მოხვდებიან რეგიონში. თუმცა, ეს სულ სხვა საკითხია და პირდაპირი კავშირი არ აქვს არც დნესტრისპირეთთან და არც დარეგულირებასთან.

რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან არის ინტერესი და მზაობა "5 პლუს 2" ფორმატში მუშაობისთვის. ამ ფორმატში შეხვედრები უნდა განახლდეს, რათა მოხდეს სხვადასხვა პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშრებული საკითხების განხილვა.

სამწუხაროდ, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების კალათა ამ ფორმატში განსახილველად ჯერ არ გახსნილა. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმატში ყველა მონაწილე მხარესთან ერთად ვიმუშაოთ, რათა პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რა თქმა უნდა, მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×