სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ესპანეთის პოლიციამ ბინების ჩხრეკისა და სხვა კრიმინალური დანაშაულისთვის 100-მდე ქართველი დააკავა
    სალომე სარიშვილი
    (20.03.2017)

     ესპანეთის პოლიციამ ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. როგორც ესპანურ მედიაში აცხადებენ, დაკავებულები "ქართული მაფიის" წევრები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას "მთელ კვირას" ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში მცხოვრები ქართველებიც უდასტურებენ და ამბობენ, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია მედიის მეშვეობით დაახლოებით სამი კვირის წინ გაიგეს.

    მათივე ინფორმაციით, ძარცვაში მონაწილე ყველა პირი ქართველი იყო, ხოლო დაჯგუფების ლიდერი, რომელიც სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, იტალიაში იძებნება.

    ქართველები იმასაც აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა რეიდები ქალაქ ბარსელონაში 5-6 თვის წინ დაიწყეს, ხოლო დაახლოებით 4 თვის წინ ტელევიზიის მეშვეობით ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ დაკავებულები, რომელთა რიცხვი დაახლოებით 40-ს შეადგენდა, ყველანი ქართველები იყვნენ.

    ბარსელონაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, რეიდების სერია ესპანურმა პოლიციამ 2-3 კვირის წინ ისევ განაახლა და კიდევ 50-მდე ქართველი დააკავა. ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ პოლიცია მათ საკმაოდ მასშტაბურ დაჯგუფებას უწოდებს, რომელსაც "ქართული მაფიის" სახელწოდებით მოიხსენიებენ.

    "თავდაპირველად შემოწმება 5-6 თვის წინ დაიწყო. მაშინ ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ქართული დაჯგუფება ძვირფასი ნივთებისა და სახლების ძარცვისთვის დააკავეს. ისიც თქვეს, რომ დაჯგუფება ძალიან დიდია და ყველა მისი წევრი დაკავებული ჯერ კიდევ არაა. პოლიცია მათ "ქართულ მაფიად" მოიხსენიებს-ხოლმე.

    "როგორც აქაურები ამბობენ, რეიდები 2-3 კვირის წინ ისევ განახლებულა და აღმოჩნდა, რომ კიდევ 40-ამდე ქართველი დააკავეს. იმასაც აღნიშნავენ, რომ "მაფიას" ლიდერიც ჰყავს, რომელიც ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. აქაური მთავრობა აცხადებს, რომ მას იტალიაში ეძებენ.

    "ეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც ესპანური მედიით ვრცელდება, მაგრამ აქაური მეგობრებისგან ვიგებ, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი არის ჩართული, თანაც ყველა ქართველი.

    "სიმართლე გითხრათ, მეტ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, ისინი როგორ მოქმედებენ და არც მინდა, ვინმეს რამე ვკითხო, ყველა აქ მცხოვრები ქართველი შეწუხებულია ამ ამბით," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ბარსელონაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ნინო კოზოლაშვილი.

    "7 წელზე მეტია, აქ ვცხოვრობ, მსგავსი რამ აქამდე იშვიათად თუ მომისმენია, ისიც სხვა ეროვნების ხალხზე. ახლა ვიგებთ, რომ 100-მდე ქართველი მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს. მათ კრიმინალებსა და მაფიოზებს უწოდებენ. ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ ქართველებზე მესმის.

    "როგორც მოვისმინე, დიდი დაჯგუფება მოქმედებს, მათგან კი უმრავლესობა არალეგალი ყოფილა. რომ გითხრათ, ამის შემდეგ აქ მცხოვრებ ქართველებზე კონტროლი გამკაცრდა-მეთქი, ასე ნამდვილად არაა, ვისაც დოკუმენტები წესრიგში აქვს და პატიოსნად ცხოვრობს, არავინ ეხება და არც ამოწმებს.

    "იგივე შემიძლია გითხრათ ყველა აქ მცხოვრებ ქართველზე. ხშირად ვიკრიბებით, არავისგან მომისმენია, რომ პოლიციამ მათზე კონტროლი გაამკაცრა. თუმცა არავინ იცის, რა იქნება მომავალში," - განუცხადა "მთელ კვირას" კიდევ ერთმა ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა თეიმურაზ სიხარულიძემ.

    ცნობისთვის, ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ინფორმაცია ქართულ და რუსულ მედიაში გუშინ გავრცელდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ესპანეთში მცხოვრები ქართველების ცნობით, სამართალდამცველებმა ქართული დაჯგუფება ბარსელობაში დაახლოებით 3-4 კვირის წინ დააკავეს.

    ესპანეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესსა და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.

    ესპანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულებს ბრალი ქვეყნის მასშტაბით ბინებისა და სახლების გატეხვაში, ასევე გაძარცვაში ედებათ.

    "პოლიციის აგენტებმა განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში უამრავი საიუველირო ნაკეთობა, ელექტრონული მოწყობილობები, 13 000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს," - წერს ესპანური "ფის".

    ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნათია   (20.03.2017)
    ასეთები არცხვენენ ქვეყანას!

    giorgi   (20.03.2017)
    asetebistvis katorgha cxonebaa.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter