სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სირიაში ვითარება უკიდურესად იძაბება, რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის "ცხელი ხაზის" მოქმედება შეწვეტილია
    ეკატერინე ბასილაია
    08.04.2017

     7 აპრილს, გამთენიისას აშშ-ის მიერ სირიის სამთავრობო ბაზის მასირებული საჰაერო დაბომბვას დიდი რეაქციები უკვე მოჰყვა - ვაშინგტონს მოკავშირეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, სირიის ხელისუფლება, რუსეთი და ირანი კი აღშფოთებას არ მალავენ. ამ დაბომბვის შემდეგ მთავარი კითხვა კი ასეთია: "ამერიკული სილის გაწვნის" საპასუხოდ რას მოიმოქმედებს რუსეთი?

    კრემლიდან უკვე კეთდება განცხადებები, რომ ეს არის აშშ-ის კიდევ ერთი "უგუნური ნაბიჯი" და "სუვერენულ სახელმწიფოზე აგრესია მოგონილი საბაბით". კრემლში უმალვე მოიწვიეს უშიშროების სხდომა, საიდანაც აღშფოთებული განცხადებები გაკეთდა. მოსკოვმა ასევე გაეროს მოუწოდა, დაინიშნოს უშიშროების სხდომა.

    რუსეთი გამოვიდა უსაფრთხო ცის ხელშეკრულებიდან. გუშინდელი შუაღამიდან გაუქმებულია პენტაგონსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის "ცხელი ხაზის" მოქმედება. შესაბამისი ნოტა მოსკოვში აშშ-ის სამხედრო ატაშეს გუშინვე გადაეცა.

    რა მოხდა ალ-შაირათის ავიაბაზაზე

    ცნობისთვის, 7 აპრილის გამთენიისას, ადგილობრივი დროით 3:45 საათზე აშშ-მა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ავიამზიდიდან სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების კუთვნილ ალ შაირათის ავიაბაზაზე, რომელიც ჰომსის პროვინციაში მდებარეობს. ავიაბაზის მიმართულებით ტომაჰავკის ტიპის, შორი რადიუსის 59 რაკეტა გაუშვეს.

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს იყო პასუხი 4 აპრილს ქიმიური იარაღით პროვინცია იდლიბის დაბომბვაზე. მისი განცხადებით, ასადის რეჟიმმა სწორედ ამ ბაზიდან განხორციელდა ქიმიური თავდასხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 70-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. მოიწამლა ასობით ადამიანი.

    აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სირიის არმიის განცხადებით, აშშ-ის მიერ ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშს მინიმუმ 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვი.

    მათი თქმით, განადგურებულია 9 სამხედრო თვითმფრინავიც. ავიაბაზის აეროდრომის ასაფრენი ბილიკი კი დაზიანებული არ არის.

    ამერიკული მხარის ინფორმაციით კი, იერიშის შედეგად სულ 20 თვითმფრინავი განადგურდა.

    მომხდართან დაკავშირებით მეტად საყურადღებოა ერთი დეტალი - სირიაში ამჟამად რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "ს-300" და "ს-400" აქვს განლაგებული. შარშან ოფიციალურმა მოსკოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ სირიის საჰაერო სივრცე სრულად კონტროლდება. შესაბამისად, ბევრ ანალიტიკოს გაუჩნდა კითხვა - რატომ არ სცადეს რუსებმა ამერიკელთა თავდასხმის მოგერიება.

    ამასთან, ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეტევამდე 2 საათით ადრე გააფრთხილა რუსეთი იერიშის დაწყების თაობაზე.

    ამ კითხვის საპასუხოდ რუსული "ინტერფაქსი" წერს, რომ ამერიკული "ტომოჰავკების" ფრენის მარშრუტი ისე დაიგეგმა, რომ რაკეტები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების არეალში არ მოხვედრილიყო. ხოლო იმ ავიაბაზაზე, სადაც თავდასხმა მოხდა, სირიის არმიას საკმაოდ მოძველებული ანტისარაკეტო სისტემები აქვთ. რუსული ბაზა კი საკმაოდ მოშორებითაა და რეაგირება შეუძლებელი იყო.

    ოფიციალური რეაქციები

    აშშ-ის ქმედებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, თურქეთის, ავსტრალიის, საუდის არაბეთის მთავრობებმა.

    განცხადებები გაკეთდა, რომ შექმნილი ვითარების გამო სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პასუხი უნდა აგოს. მის მიერ ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება და მასობრივი დანაშაული არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

    დასავლეთის ამ განცხადებების ფონზე სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას იდლიბის პროვინციაში და აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას "უგუნურ და უპასუხისმგებლო" ქმედებად აფასებს.

    "რაც აშშ-მ განახორციელა, უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია, რაც მხოლოდ აშშ-ის ახლომხედველობაზე და პოლიტიკურ და სამხედრო სიბრმავეზე მეტყველებს", - ნათქვამია სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

    გუშინ დილიდანვე ვრცელდებოდა აღშფოთებული განცხადებები მოსკოვიდანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ავიათავდასხმა წინასწარ იყო მომზადებული და ის ბევრად უფრო ადრე დაიგეგმა, ვიდრე იდლიბის მოვლენები. ილდიბი კი გამოიყენეს, როგორც საბაბი, "მიზანი კი საკუთარი ძალის დემონსტრაცია იყო".

    "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ ასე უგუნურად იქცევა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას," - წერია განცხადებაში.

    რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა", რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და ვაშინგტონის ეს ნაბიჯი "დიდ ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რომლებიც ისედაც არ არის სახარბიელო".

    აშშ-ის ქმედება დაგმო ირანმა. ქვეყნის საგარეო უწყება განაცხადა, რომ "ეს გააძლიერებს ტერორისტებს".

    "აშშ-ის ნებისმიერი პრეზიდენტი ამას გააკეთებდება..."

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ასადის რეჟიმმა წითელი ხაზი გადალახა და ის უნდა დასჯილიყო. ეს შეტევა კი იყო აშშ-ის მხრიდან სირიის ხელისუფლების გაფრთხილება და რუსეთისთვის სილის გაწვნა.

    "ამ ავიათავდასხმას დაშინების ეფექტი ჰქონდა. აშშ-მა აჩვენა ასადის რეჟიმს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს იქცეს იმ ძალად, რომელიც სერიოზულ დარტყმას განახორციელებს. ეს იყო პუტინისათვის სილის გაწვნა და ირიბად რუსეთის გაფრთხილებაც," - ამბობს მაისაია.

    მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთი აშშ-სთვის ყოველთვის იქნება პრიორიტეტული მიმართულება. მეორეც, აშშ ვერ დაუშვებდა ჰუმანიტარულ კატასტროფას და კრიზისს, კაცობრიობის წინააღმდეგ დიდ დანაშაულს, რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხრიდან განხორციელდა. ვაშინგტონი ადამიანებზე ქიმიურ თავდასხმას ვერ მოითმენდა. ამიტომაც ტრამპმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

    "აშშ-ის ნებისმიერი პრეზიდენტი ამას გააკეთებდება... იგივე რეიგანის დროს 1986 წელს ლიბიაზე განხორციელებული თავდასხმა, იგივე კოსოვოში ეთნიკური წმენდის ფაქტები გამო იუგოსლავიის წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში ჩარევა. ამერიკამ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა," - მიიჩნევს მაისაია.

    მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს მხარი დაუჭირა ყველა ქვეყანამ, რუსეთის და ირანის გარდა და ახლა საინტერესოა რას იზამს ჩინეთი, რომელიც ჯერჯერობით თავს იკავებს მკაფიო პოზიცია დაფიქსირებისაგან.

    როგორი იქნება რუსეთის პასუხი

    ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი, ვაშინგტონსა და მოსკოვს ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი პირდაპირ არასდროს გამოუყენებიათ. ამიტომ რეგიონში სიტუაციის კიდევ უფრი ესკალაციას პროგნოზირებს, თუმცა რუსებსა და ამერიკელებს შორის იარაღით ღია დაპირისპირებას არ ელოდება.

    "ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი ჯერ მზად არ არის აშშ-ს დაუპირისპიროს თავისი შეიარაღება. ვთვლი, რომ იარაღით პასუხი არ იქნება. შემოიფარგლებიან გაეროს ფორმატით, განცხადებებით, რიტორიკით.

    "ვუსმენდი რუს ექსპერტებს და ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ომისთვის არ ვემზადებითო, ჩვენი ბიუჯეტი 42 მილიარდია, აშშ-ის - 500 მილიარდიო.

    "სიტუაცია ესკალაციისკენ წავა. რუსეთს ეგონა, რომ ტრამპი და ერდოღანი ხელისუფლებაში ასადის დატოვებაში დაითანხმა, თუმცა დღეს ეს რეალობა შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შორის კოორდინირებული მოქმედებები აღარ იქნება და ანტიტერორისტული კოალიცია ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აქტიურად იმოქმედებს," - ამბობს სალუქვაძე.

    ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა სირიაში სამხედრო კონტიგენტი გაზარდოს.

    ამირან სალუქვაძის თქმით, ასადის რეჟიმის დამარცხება ნიშნავს, რომ რუსეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზას დაკარგავს, ეს ბაზა კი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუკი რუსეთი აღმოსავლეთში დასუსტდება, დიდი ალბათობით მან შესაძლოა აგრესია ჩვენზე, საქართველოზე გადმოიტანოს.

    "ნებისმიერი დამარცხება, ეს იქნება ახლო აღმოსავლეთში თუ სხვა მიმართულებით, მტკივნეულად იქნება აღქმული რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ და გართულებები სხვა მიმართულებით იქნება მოსალოდნელი. ეს უკრაინა იქნება თუ კავკასია, არ ვიცით. შესაძლოა უკრაინაში მოხდეს მეტი გამწვავება.

    "საქართველოს რაც შეეხება, ფონი არ არის იმისათვის, რუსეთის მხრიდან ჩვენი მისამართით რამე ქმედებებს ჰქონდეს ადგილი, თუ ჩვენ თავად არ შევქმნით. მაგალითად, ბათუმის მსგავსი მოვლენებით," - დასძენს სალუქვაძე.

    ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსები ძალიან გაღიზიანებულები და გააფრთებულები არიან. თუმცა, რას იზამს პუტინი, ამის პროგნოზი რთულია. არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის გასაღიზიანებლად ირიბი თავდასხმები დაიწყოს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოში გააძლიეროს გავლენები და ასევე აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიას დაესხას თავს.

    "ტრამპიც რადიკალია და პუტინიც. პუტინი საკმაოდ აგრესიულია, მას უყვარს შურისძიების აქტების ჩატარება. ჩვენ გვახსოვს თურქეთის მაგალითი, როდესაც თურქეთის მიერ რუსი პილოტების ჩამოგდების გამო ერთი წლის შემდეგ რუსეთი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსაც დაესხა თავს და თუ არ ვცდები 12 ჯარისკაციც მოკლეს.

    "როგორი იქნება პუტინის ქმედება და შურისძიება, ამას დრო აჩვენებს. გამორიცხული არ არის მან თავისი გავლენა უბრალოდ უკრაინასა და საქართველოზე გაზარდოს. შესაძლოა სირიაში დაარტყას პროამერიკულ სირიის თავისუფალ არმიას და ასე ჩაერთოს ამ თამაშში. სიტუაცია სირიაში გართულდება," - ამბობს მაისაია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    jaba-s   (09.04.2017)
    გრიზლების და სხვა დათვის სახეობის რა გითხრა, მაგრამ თუ ამერიკას დაატყავს დამიჯერე საქართვლო-უკრაინის დადესერტებაზე აღარ იქნება საუბარი....

    ზურა ბეჟანიშვილი   (09.04.2017)
    1.რა უნდოა ავია ბაზაზე 4-ბავშვებს?(სირიის არმიის განცხადებით-ალბათ რუსებისაგან გადაიღეს)2.რუსეთს მიზეზი გაუჩნდა საქართველოზე...ასე იყო (კოსოვოს)იუოსლავიაში წარუმატებელი სამხედრო მოქმედებებისას.

    snaiperi   (08.04.2017)
    59 raketidan 23 maigwia mxolod mizans danarcheni s300 chamouyars

    snaiperi   (08.04.2017)
    jabas vetanxmebi

    jaba   (08.04.2017)
    grizli datvs nu etamasebit, torem iset tors dahkravs amerikas samudamot mospobs. birtvuli iaragis gasrolas biujeti ar shirdeba aramed gadawyvetilebis migeba. icodet putini amis gamketebelia, xolo semdeg hven da ukrainas dagvadesertebs.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter