სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ტრამპის მხრიდან გამორიცხულია ისეთი შეხვედრა, სადაც ის უბრალოდ წავა და პუტინს ხელს ჩამოართმევს"
    ნინო ქეთელაური
    14.04.2017

     შედგება თუ არა პუტინისა და ტრამპის შეხვედრა? - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის მზაობაზე, დათანმხდება თუ არა აშშ-ს შეთავაზებებს, რადგან ტრამპის მხრიდან გამორიცხულია ისეთ შეხვედრაზე წასვლა, სადაც "პუტინს უბრალოდ ხელს ჩამოართმევს".

    რაც შეეხება მოსკოვური ვიზიტის შემდეგ, აშშ-რუსეთის ურთიერთობას, პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ესეც რუსეთის მხრიდან რექს ტილერსონის მიერ ჩატანილი მესიჯების გააზრებაზეა დამოკიდებული.

    "ტილერსონის ჩატანილი მესიჯები ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ მის შინაარსს გავიგებთ მას შემდეგ, რაც ვნახავთ, როგორი იქნება ორივე მხარის შემდგომი ნაბიჯები, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

    "ჩემი აზრით, ძირითადად საუბარი იქნებოდა იმ პრინციპებზე, თუ როგორ უყურებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობას, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ საკითხებში, რომ აშშ-ს აქვს გარკვეული წითელი ხაზები."მათ შორის ერთ-ერთი იქნებოდა ასადის რეჟიმის წავსლა და ალბათ, გააცნეს რუსეთთან ურთიეირთობის სხვადასხვა ვარიანტები. მათ შორის, რომ რუსეთი რეალურად დაეხმაროს აშშ-ს და ზოგადად დასავლეთს სირიის კონფიქტის მოწესრიგებაში.

    "იმიტომ, რომ ეს რუსეთის იმიჯისთვისაც ძალიან ცუდია, რასაც თავადაც ხვდებიან. მხარი დაუჭირო სამხედრო და ფინანსური რესურსებით იმ რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს, არამგონია, ეს რუსეთის დიპლომატიას წაადგეს", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

    მისი ვარაუდით, საუბარი იქნებოდა უკრაინის კრიზისზეც, სადაც ტილერსონი აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიზიალურ პოზიციაზე ისაუბრებდა.

    "საუბარი იქნებოდა ორმხრივ ურთიერთობებზე და ძირითად აქცენტებზე. ასევე, უკრაინის კონფლიქტზე და სანქციებზე, თუ როგორ ხედავს აშშ-ს მთავრობა ამ საკითხებში რუსეთთან ურთიერთობას მომავალში", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

    რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გადაწყვეტას, პოლიტოლოგი სირიის ორ ნაწილად გაყოფის ვარიანტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს არცერთ მხარეს არ აწყობს.

    "არამგონია, რომ ეს რეალური იყოს, რადგან სირიის დაშლა, ფაქტობრივად, არავის აწყობს. ეს ძალიან დიდი პრობლემას შექმნის მთლიანად გლობალური მასშტაბით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.

    "სხვა მაგალითი რომ გავიხსენოთ, ერაყის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ჩრდილოეთს, ქურთებით დასახლებულ ნაწილს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აშშ ქურთებთან ახლო ურთიერთობაშია და სიმპატიითაა განწყობილი, მათ წაქეზებაზე არასდროს წასულა.

    "აქედან გამომდინარე, არამგონია, რომ აშშ-ს და მითუმეტეს, რუსეთს, ეს აწყობდეს. ეს გამოიწვევს ძალთა ბალანსის სერიოზულ დარღვევას მთელ ახლო აღმოსავლეთში, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო რთული შედეგები გამოიწვიოს. მე ვერცერთი მხარისგან ვერ ვხედავ ამის სურვილს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

    კითხვაზე, მხარეები არიან თუ არა მზად, რომ პუტინი-ტრამპის შეხვედრა გაიმართოს? - პოლიტოლოგი აბობს, რომ ეს დამოკიდებულია რუსეთის მზაობაზე, თუ რამდენად არის ის მზად, რომ აშშ-ს წინადადებები მიიღოს.

    "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაიაზრებს რუსეთის ხელისუფლება იმ მესიჯებს, რომელიც ტილერსონმა ჩაიტანა. რაც მთავარია, უყურებს თუ არა დადებითად ჩატანილ წინადადებებს. თუ რუსეთიგან ასეთი მონდომება არ იქნება, ბუნებრივია, ეს შეხვედრა არ შედგება.

    "თუმცა, ეს ყველაზე მეტად პუტინს სჭირდება, რადგან სწორედ რუსეთია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლირებული და არა პირიქით. ამიტომ, ეს დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა პუტინი აშშ-ს შეთავაზებებს და ხედვას, სხვადასხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით", - ამბობს კორნელი კაკაჩია, რომელიც აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ტრამპისგანაც გამორიცხულია ისეთ ვიზიტზე დათანხმება, სადაც მხოლოდ ხელის ჩამორთმევისთვის ჩავა.

    "ტრამპის მხრიდანაც გამორიცხულია ისეთი შეხვედრა, სადაც ის უბრალოდ წავა და პუტინს ხელს ჩამოართმევს. მითუმეტეს, რომ მისგან უფრო დიდი მოლოდინია და სირიის ბოლო დაბომბვის ფონზე, მან თავისი შერყეული ავტორიტეტი ცოტა გამოასწორა და ახლა პუტინთან შეხვედრა მხოლოდ გაუგებარი დღის წესრიგით, მისთვის აბსოლუტურად წამგებიანია.

    "სწორედ ამიტომაც იყო, რომ მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდო, რადგან მთავარი მესიჯი ტილერსონმა ჩაიტანა. ეს არის დასავლეთის ერთიანი შეჯერებული პოზიცია და ახლა უკვე დანარჩენი რუსეთზეა", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა დიდი ხანია გაფუჭებულია. იმის მიუხედავად, რომ კრემლის განცხადებით, ობამას დროს უკეთესი ურთიერთობა იყო.

    "ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის 2014 წლიდან ყირიმის მიერთების შემედ დაიძაბა და მთელ ამ პერიოდში ცივი ომის ყველა ელემენტი სახეზე გვაქვს. ესაა ეკონომიკური სანქციები, რაც ეკონომიკურ ომს ნიშნავს, ასევე საინფორმაციო ომი, კიბერომი, დაძაბული დიპლომატიური რიტორიკა და სხვა. ტილერსონის ეს ვიზიტიც ვითარებას ვერ განმუხტავს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    მისი თქმით, საეჭვოა, რომ ეს შეხვედრა ორი პრეზიდენტის შეხვედრის მოსამზადებლად გამოეყენებინათ.

    "იმდენად დაძაბული პრესკონფერენცია ჰქონდათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსკოვი ეხმარება დონალდ ტრამპს განიმტკიცოს პირველ თვეებში რუსეთის ელჩთან კავშირების გამო აგორებული სკანდალებით შერყეული მდგომარეობა. ამ ყველაფერს მხოლოდ პერსპექტივაში გავიგებთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

    "ჯერ-ჯერობით, დაძაბული ფონი, როგორც სირიის, ასევე სხვა საკითხებში შენარჩუნებული იქნება. თუმცა, თვითონ დიალოგის დაწყება დადებითი პროცესია. ამ დროს საფრთხეების ალბათობა ყოველთვის იკლებს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ბატ.ამირან   (14.04.2017)
    ჩინეთმა გაეროში სირიის თაობაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, ტრამპმა ეს დადებით მესიჯად აღიქვა...ხომ ასეა, აქ მთავარია ჩინეთის პოზიცია, არ დაგმოს აშშ-ს ქმედებები ჩრდილოეთ კორეის მიმართ, თუ მხარს არ დაუჭერს ამერიკას, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს... რა მიზნით მოიყვანა ჩინეთმა არმია მზადყოფნაში, ცნობილია თუ არა...

    ამირან სალუქვაძე   (14.04.2017)
    ჩინეთი მხარს არ დაუჭერს. ტრამპმა მას სთხოვე ჩრდ.კორეაზე ზეგავლენის მოხდენა, რაზეც უარი მიიღო. ამერიკამ ავიამზიდის გაგზავნა სი ძინ პინის ვიზიტის დასრულებისთანავე მიიღო. ჩინეთმა კი თავისი არმია მზადყოფნაში მოიყვანა

    მოქ.   (14.04.2017)
    ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთში ვიზიტი რას უნდა ნიშნავდეს დიპლომატიის ენაზე, ხომ არ არის ეს გაფრთხილება, რომ რუსეთს აქვს ამერიკაზე, ევროპაზე, ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტი, საქართველო...

    ...   (14.04.2017)
    თუ ჩრდილოეთ კორეაში ამერიკა ჩაატარებს სამხედრო ოპერაციას და მას მხარს დაუჭერს ჩინეთი, ჩავთვალოთ რომ გლობალური პროცესები მართვადი იქნება და მსოფლიოში წესრიგი დამყარდება, იქნება მშვიდობა და პროგრესი...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter