სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქვეყნის მოსახლეობის 52%-მა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მმართველობის სისტემის შეცვლას დაუჭირა
    ვახტანგ შამუგია
    18.04.2017

     თურქეთის მოსახლეობის 52%-მა, ანუ 24 496 755-მა მოქალაქემ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი, რეჯეფ ტაეფ ერდოღანი სრულ ძალაუფლებას მიიღებს - სახელმწიფო მმართველობის სისტემა საპარლამენტოდან საპრეზიდენტოზე გადავა.

    ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. ამ უკანასკნელს პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებები ექნება.

    ასე მაგალითად, პრეზიდენტს ექნება უფლება, პირდაპირ დანიშნოს საჯარო მოხელეები, მათ შორის - მინისტრები. ის დანიშნავს ერთ ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, ის შეძლებს ჩარევას სასამართლო სისტემაში, რომელიც, ერდოღანის აზრით, ფეტულა გიულენის გავლენის ქვეშაა.

    ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოცხადდეს თუ არა საგანგებო სიტუაცია. საპარლამენტო მანდატების რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება.

    ერზრუმში მყოფმა ერდოღანმა, მომხრეებთან შეხვედრისას სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, თუ პარლამენტი მას მსგავს კანონპროექტს წარუდგენს, ის მას მხარს აუცილებლად დაუჭერს. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე ის რეფერენდუმის დანიშვნას არ გამორიცხავს.

    ერდოღანის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ცვლილებები გამოასწორებს ეკონომიკას და მოიტანს სტაბილურობას. რეფორმის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ შეთავაზებული სისტემა კონსტიტუციური დიქტატურის ფორმირება იქნება.

    ამ უკანასკნელთა რაოდენობა კი საკმაოდ დიდია. მოსახლეობის 48%, ანუ 23 174 375-მა პირმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ისინი რეჯეფ ტაეფ ერდოღანს რეპრესიებში, დიქტატორული რეჟიმის დამყარებაში, ქვეყნის ისლამიზაციასა და ტერორისტული საფრთხის ზრდაში ადანაშაულებენ.

    თურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის მოადგილე ერდალ აქსიუნღერიმ განაცხადა.

    მისივე თქმით, ბიულეტენთა დაახლოებით 5%-ს არ ჰქონდა ცსკო-ს ბეჭედი, რაც კანონის უხეში დარღვევაა და შესაბამისად, ისინი ბათილად უნდა გამოცხადდეს.

    16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმში რეჯეფ ტაეფ ერდოღანის წარმატებას ევროპაში პესიმისტურად შეხვდნენ. ევროპელ პოლიტიკოსებს ის სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შელახვაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ.

    ევროპელი ანალიტიკოსების თქმით, რეფერენდუმის შედეგები ანკარისა და ბრიუსელის ისედაც რთულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს. თავის მხრივ, ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა.

    "პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას. მინდა ვუთხრა ყველას, განურჩევლად იმისა, თუ რას მისცა ხმა, - ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა კამათი და დაპირისპირება უკან ჩამოვიტოვეთ. ყველას მოვუწოდებ ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ", - დასძინა რეჯეფ ტაეფ ერდოღანმა.

    აღსანიშნავია, რომ თურქეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები ქურთების უდიდესმა ნაწილმა ერდოღანის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

    გასული წლის 17 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პუტჩისტების მხარდაჭერის ბრალდებით სხვადასხვა სფეროს ასი ათასზე მეტი წარმომადგენლის, მეტწილად სამხედროებისა და ჟურნალისტების, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

    ტერორიზმის, სახელმწიფოს ღალატის, ექსტრემიზმისა თუ სხვა ბრალდებებით 30 000-მდე ადამიანია დაკავებული. 28 000 პროფესორ-მასწავლებელს საქმიანობა აეკრძალა.

    რეფერენდუმი ევროკავშირსა და თურქეთს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა. ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თურქულ დიასპორასთან შესახვედრად და საკონსტიტუციო ცვლილებების აგიტაციისათვის ჩასულ მაღალჩინოსნებს ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ. გაღიზიანებულმა ერდორანმა კი ამ სახელმწიფოების ლიდერები ფაშისტებს შეადარა.

    მეზობელ თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დიდი ინტერესით ქართული საზოგადოებაც ადევნებს თვალყურს.

    პოლიტიკურ მიმომხილველ გიორგი კასრაძის თქმით, ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის ჩვენი სტრატეგიული მეზობელი და ბიზნესპარტნიორია, შესაბამისად, იქ მომხდარი მოვლენები გარკვეულწილად ასახვას ჩვენს ქვეყანაზეც ჰპოვებს.

    "ის გარემოება, რომ მოსახლეობის 48% წინააღმდეგია, ერდოღანისათვის ძალიან დასაფიქრებელი და სარისკოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ 48%-ში ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის ორი მესამედი შედის. ეს ანგარიშგასაწევი ძალაა.

    "ამასთან, ერდოღანს არც საერთაშორისო არენაზე აქვს საქმე კარგად, დასავლეთთან ურთიერთობა გაფუჭებულია, არც კრემლთან აქვს ურთიერთობა საბოლოოდ აღდგენილი. მან აქცენტი პოპულიზმსა და საზოგადოების უკიდურესად კონსერვატულად განწყობილ მასებზე გააკეთა.

    "ბევრი მხარდამჭერი არც მალავს, რომ ერდოღანში ისინი თურქეთის ძლიერებისა და სიდიადის აღმდგენს ხედავენ. თუმცა, რატომღაც, ისინი არ აქცევენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ბოლო წლებში, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ქვეყანაში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს მის იმიჯსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირპროპორციულად, ნეგატიური კუთხით აისახა.

    "თურქეთიდან სულ უფრო მეტი ინვესტორი ცდილობს კაპიტალის გატანას სხვა, უფრო უსაფრთხო და სტაბილურ სახელმწიფოში. მიღებული ძალაუფლება, სასამართლო სისტემის სრული დაქვემდებარება მას რეპრესიული აპარატის მთელი სიმძლავრით ამოქმედებაში დაეხმარება. ეს თურქეთს შუა საუკუნეებში დააბრუნებს.

    "ამ რეფორმის მხარდამჭერი რიგითი მოქალაქეები ამას სულ მალე იგრძნობენ, ინანებენ, მაგრამ გვიანღა იქნება", - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი კასრაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter