სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თურქეთის პრეზიდენტი უკვე სიკვდილით დასჯის შემოღებაზე რეფერენდუმსაც აანონსებს
    ეკატერინე ბასილაია
    19.04.2017

     თურქეთში რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს ოპოზიცია, რიც გამოც ქვეყანაში 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კი ამ რეფერენდუმზე საკუთარი იდეების გატანის შემდეგ, რაც საპრეზიდენტო მართვაზე გადასვლას გულისხმობს, მეორე რეფერენდუმსაც აანონსებს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე.

    ბრიუსელიდან მილოცვები იგვიანებს, უფრო მეტიც, ევროპა ანკარას აფრთხილებს, არ დაუშვას ეს მეორე რეფერენდუმი. პლუს, ეუთო ასევე აცხადებს, რომ რეფერენდუმი "ევროპული სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ" ჩატარდა, რის საპასუხოდ ერდოღანი დასავლეთს უთვლის: "პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი!"

    "პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი! ჩვენ ყურს არ ვუგდებთ პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომლებსაც თქვენ ამზადებთ," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და აღნიშნა, რომ კვირას ჩატარებული რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იყო.

    ხმის მიცემის პროცესში დარღვევებზე საუბარი ჯერ თურქულმა ოპოზიციამ დაიწყო, რის გამოც საპროტესტო აქციები კვირა ღამესვე დაიწყო ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში. ორშაბათს კი თურქეთის ცესკო-ში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საჩივარიც შევიდა 15 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ოპოზიცია ასევე აანონსებს, რომ შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ, თუ საჭირო გახდება, სტრასბურგშიც გაასაჩივრებს.

    "კენჭისყრის პროცესი და კამპანია ევროპულ სტანდარტებს არ პასუხობდა," - ამბობს ევროკომისიაც და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს ის დარღვევები, რომელთა შესახებაც ოპოზიცია საუბრობს. ბრიუსელში ასევე აცხადებენ, რომ ევროკავშირისთვის რიტორიკა სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებაც მიუღებელია.

    "სიკვდილით დასჯა უარყოფილია ჩვენ მიერ და ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური საყრდენი. ამ საკითხთან დაკავშირებით რიტორიკიდან ქმედებებზე გადასვლა მკაფიო სიგნალი იქნება, რომ თურქეთს არ სურს, იყოს ევროკავშირის ოჯახის წევრი," - განაცხადა ეუთო-სა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრმა ტანა დე ზულუეტამ.

    აღსანიშნავია, რომ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი 15 აპრილს ჩატარდა. 51%-მა მხარი კონსტიტუციაში ცვლილებებს დაუჭირა, რის მიხედვითაც ქვეყნის მართვის საპარლამენტო სისტემა საპრეზიდენტო მმართველობით იცვლება. პრეზიდენტის არჩევის ვადა იზრდება 10 წლით. უქმდება პრემიერის პოსტი. ჯამში კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანაზეა საუბარი.

    რეფერენდუმის შემდეგ ხელისუფლებამ შემდგომი ნაბიჯებიც დააანონსა - პრეზიდენტი ერდოღანი დაბრუნდება საკუთარ პარტიაში და უახლოეს ხანში მეორე რეფერენდუმიც ჩატარდება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინოს.

    ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა ერდოღანის ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბებასა და ავტორიტარიზმს შეუწყობს ხელს. მით უფრო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის 2019 წელს და თუკი ერდოღანმა ისევ შეძლო გამარჯვება, 2029 წლამდე ის პრეზიდენტი იქნება.

    "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ამ რეფერენდუმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დღეს თურქული საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია, ამდენად შესაძლოა, საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ ფონზე ერდოღანი რამდენად შეძლებს 10 წლით პრეზიდენტობის მეორედ განაღდებას, ეს ცოტა რთული სათქმელია.

    მისი განცხადებით, ვნახეთ, რომ ერდოღანმა მხოლოდ მცირე უპირატესობით მოახერხა გამარჯვება, თან ოპოზიციამ და ევროკავშირმა ეჭვქვეშ დააყენეს შედეგები, რაც სიტუაციას ძაბავს. ამდენად, არ გამორიცხავს, რომ პროცესები ისე განვითარდეს, უმართავი სიტუაციაც კი ვიხილოთ.

    "ერდოღანმა ათათურქის მემკვიდრეობას წყალი შეუყენა. ახლა თურქულმა პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა უნდა დაამტკიცოს, რამდენად ძლიერია ეს ინსტიტუტები და ამ წნეხის პირობებში რამდენად შეუძლია, ამ ხელისუფლების დამაბალანსებელი როლი შეასრულოს," - მიიჩნევს კაკაჩია.

    მისი თქმით, წლების წინ თურქეთი რეგიონში ყველაზე ევროპული სახელმწიფო იყო, ახლა კი პირიქით - ავტოკრატიული რეჟიმისკენ მიდის.

    "ერდოღანი სიკვდილით დასჯის აღდგენაზე დიდი ხანია, საუბრობს და თუ ამ რეფერენდუმსაც ჩაატარებს, ეს უფრო მეტად გაამწვავებს დასავლეთთან ურთიერთობებს. შეიძლება, დასავლეთისთვის თანდათანობით თურქეთი დიდი თავის ტკივილი გახდეს ევროპის სამეზობლოში, იმის ნაცვლად, რომ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გამხდარიყო, რომელიც დასავლეთის ინტერესებს ლობირებდა. თუმცა თურქეთის შიდა პოლიტიკის ფონზე ეს ყველაფერი იცვლება," - დასძენს კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი   (26.04.2017)
    რამდენიმე ფრაზის გარდა თქვენი გამოქვეყნებული სტატია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს.თქვენ აქვეყნებთ იმას, რაც ვიღაცები გავალებენ. თქვენ საერთოდ იცით, 2016 წლის 15 ივლის რაც მოხდა თურქეთში?არა მგონია იცოდეთ იმიტომ,რომ მეზობელ ქვეყანაშინ 15 ივლისის მომდევნო პერიოდში არც ერთი ქართული ტელეარხი არ ჩამოსულა და ადგილზე არ გადაუღია. საქართველოს ტელეარხები მხოლოდ და მხოლოდ აქვეყნებდნენ იმას, რასაც ავრცელებდნენ CNN-ი BBC, რომლებიც სისტემატურად ტყვილებას ავრცელებენ და რიც გამოც ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ლანძღავდა.ეს რეფერენდუმი სრულიად კანონიერია და ამის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის მიზეზი არის თურქეთის, ერაყში და სირიაში ტერორისტების განადგურება. 15 აპრილს ჯარისკაცის კოსტუმებით გამოსულმა მოღალატეებმა დახოზეს 248 მოქალაქე და დაჭრეს 2.193 მოქალაქე. აბა ენ რას იზავდით თურქეთის ადგილზე რომ ყოფილიყავით არ შემოიტანდით სიკდილით დასჯას იმ მკვლელ მოღალატეებისთვის. ჩვენ 3 მილიონი ქართველი ვცხოვრობთ თურქეთში და ჩვენ, თურქეთში მაცხოვრებელი ქართველი ამიგრანტები ძალიან კმაყოფილები ვართ თურქეთის ხელისუფლების და პრეზიდენთი ერდოგანის. თქვენ ფაშისტებო, ცხვირს ნუ ჰყოფთ თურქეთის სამეებში თქვენ სამეს მიხედეთ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter