სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მეზობლებსა და სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს
    ეკატერინე ბასილაია
    13.05.2017

     აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თბილისი აზერბაიჯანის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მთავარ თავშესაფრად იქცა, რომლებიც "ალიევის ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას თბილისის იატაკქვეშეთში გეგმავენ", საქართველოს ხელისუფლება კი მათ სასათბურე პირობებს უქმნის და ეს სტრატეგიული მეზობლისთვის "ზურგში დანის ჩარტყმაა".

    თბილისის აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები კი, პირიქით, იმაზე საუბრობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანიდან დევნილების მიმართ პოლიტიკა გაამკაცრა - მათ უარს ეუბნებიან თავშესაფრის მიცემაზე, არ უგრძელებენ ბინადრობის უფლებას და არაოფიციალურად რეკომენდაციას აძლევენ, რომ საქართველოს ტერიტორია დატოვონ.

    აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინ.აზ" ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომელიც თბილისში მყოფი აზერბაიჯანელ ოპოზიციონრებს ეხება. აქ მოყვანილია 30-მდე ადამიანის ვინაობა, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები; აღწერილია მათი საქმიანობა თბილისში, კონტაქტები და გადაადგილების მარშრუტები.

    გარდა ამისა, იგივე ვებგვერდი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პირობა მიიღეს, რომ მათ სტატიაში ნახსენებ ფაქტებს შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ.

    პოლიტიკური ნიშნით აზერბაიჯანიდან საქართველოში გამოქცეული ადამიანები კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურ ბაქოსთან გარიგებასა და ამ გარიგების გამო მათ შევიწროებაზე საუბრობენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი აცხადებს, რომ ამ შევიწროებამ პიკს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია.

    "ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობდით, ეჭვს აჩენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბაქოსგან მიიღო პოლიტიკურად აქტიური ადამიანების გარკვეული სია და მოთხოვნა, რომ საქართველოდან გააძევონ ისინი, ან აზერბაიჯანს გადასცენ. ამ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს ამ საკითხზე.

    "რატომ ექმნებათ მათ პრობლემები, რამაც პიკს 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია?! რაც ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ვერავინ დაასახელებს მათი მხრიდან რაიმე აქტიურობას ან გამონათქვამს, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა. ეს ადამიანები საუბრობენ და წერენ იმ უკმაყოფილებაზე, რაც, მათი აზრით, მათ საკუთარ ქვეყანაშია," - აღნიშნავს ხალილოვი.

    აზერბაიჯანული გამოცემა კი წერს, რომ 2013 წელს, აზერბაიჯანში არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიციის ცენტრმა თბილისში გადაინაცვლა. ანტისამთავრობო კოალიციამ ცნობილი მწერლისა და კინორეჟისორის - რუსტამ ბრაჰიმბეკოვის ხელმძღვანელობით ანტიაზერბაიჯანული გეგმების განხორციელება სწორედ თბილისში დაიწყო, ჩამოაყალიბა ნაციონალური საბჭო, რომელმაც "ფერადი რევოლუციის მოხდენის საოცნებო მიზნები საჯაროდ გამოაცხადა".

    "საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემენ საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო? განა აზერბაიჯანის მთავრობას ოდესმე მიუცია თავშესაფარი ქართული ოპოზიციისთვის ბაქოში? რატომ არ იღებს ზომებს ჩვენი მეზობელი? არადა, აზერბაიჯანი დიდ მსხვერპლს სწირავს საქართველოსთვის, არაფერს ვამბობთ ენერგეტიკულ მეგაპროექტებზე. ამის სანაცვლოდ კი ზურგში დანის დარტყმას ვიღებთ," - წერს გამოცემა.

    ამავე სტატიაში უკმაყოფილებაა გამოთქმული იმის გამოც, რომ 19 აპრილს საქართველოში აზერბაიჯანის მიერ ძებნილი ჟურნალისტი ჯამალ ალი არ გადასცეს ბაქოს და მხოლოდ საქართველოში შესვლა აუკრძალეს.

    ზაურ ხალილოვის თქმით, აზერბაიჯანში უკმაყოფილებაა, მათგან გაქცეულებს რატომ იფარავს საქართველო და რასაც მედია წერს, ეს არის ალიევის ხელისუფლების პოზიცია, რადგან მედიას აზერბაიჯანში ხელისუფლება აკონტროლებს.

    "გვინდა, ოფიციალურად მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას - რატომ შეიცვალა დამოკიდებულება აზერბაიჯანიდან გამოქცეული ადამიანების მიმართ? რამდენადაც ვიცი, ცდილობენ, პირდაპირ რაიმე განცხადებას თავი აარიდონ და თქვან, რომ დამოკიდებულება არ შეცვლილა, მაგრამ ფაქტები სულ სხვაა. ძალიან ბევრი საუბრობს ჩემთან, რომ ავიწროებენ," - აღნიშნავს ხალილოვი.

    ის ამბობს, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა, შემდეგ უკან, საქართველოში აღარ შემოუშვეს. აპრილში იყო შემთხვევა, როდესაც გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჯამალ ალი არ შემოუშვეს საქართველოში და არც განუმარტეს მიზეზი. მიზეზი კი ისაა, რომ ის ბაქოსთვის მიუღებელია კრიტიკული სტატიების გამო.

    არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ, მათი შვილები აქ სწავლობენ და ახლა ბინადრობის უფლება არ გაუგრძელეს, თავშესაფრის მოთხოვნაზე ვისაც შეტანილი ჰქონდა განაცხადი, ზოგს 2 წლის წინ შეტანილი, ახლა უარი უთხრეს.

    "აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ და ახლა რეკომენდაციის სახით ეუბნებიან, დატოვონ საქართველო. კარგად მესმის, რომ თბილისს არ უნდა, ბაქოსთან ურთიერთობა გაიფუჭოს, მაგრამ ერთი რამ არსებობს - ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამონაწილე ხდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ამ ქმედებების," - ამბობს ხალილოვი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (13.05.2017)
    azerbaijan urhevnia saingilo daabrunos.

    lasha argveteli   (13.05.2017)
    რთულია...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter