სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    18.05.2017

     აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის გამხელა, რამაც მისი გასაჯაროება გამოიწვია, ზიანს აყენებს არა მარტო ტრამპს, როგორც პოლიტიკოსს, არამედ თვითონ ამერიკის სახელმწიფო სისტემის მდგრადობას, - აცხადებენ ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ მომხდარის შემდეგ, აშშ უსაფრთხოების საკითხებაში ბევრი ქვეყნისთვის სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება.

    საუბარია "ისლამური სახელმწიფოს" განზრახვაზე, ტერაქტი მოაწყონ თვითმფრინავზე, რომელიც აშშ-ის მიმართულებით ასრულებდა რეისს. აღნიშნულისთვის ტერორისტები ლეპტოპის გამოყენებას გეგმავდნენ, რომელშიც ბომბი იქნებოდა ჩამონტაჟებული. ამგვარი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა რთული იქნებოდა აეროპორტში კონტროლის გავლისას.

    აღნიშნული სადაზვერვო ინფორმაცია თავდაპირველად "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ჩანერგილმა ისრაელის დაზვერვის აგენტმა მოიპოვა და მისი აშშ-სთვის გადაცემისას ისრაელის მხარე დაჟინებით ითხოვდა, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა შენარჩუნებულიყო, რადგან ამით სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო საფრთხის ქვეშ დადგებოდა.

    თუმცა, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას როგორც პრეზიდენტს, სრული უფლება ჰქონდა, რუსეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ, აშშ უსაფრთხოების საკითხებში ბევრისთვის სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება.

    "წარმოიდგინეთ, როგორი რისკია, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იყო აგენტი. ამ დროს, ამერიკის პრეზიდენტს ენა არ უჩერდება, არ იცის, სად რა თქვას და ამხელა საიდუმლოს ამხელს. ამით თვითონ ისრაელს რა დღეში აგდებს?! ბევრისთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკა უკვე აღარ არის სანდო პარტნიორი."ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც მუდმივად ცდილობენ, ტრამპის გაფუჭებული საქმე გამოასწორონ. ტრამპი რაღაც სისულელეს სოციალურ ქსელებში დაწერს და მეორე დღეს მთელი ადმინისტრაცია მუშაობს იმაზე, რომ ეს გამოასწოროს და თქვან, რომ თითქოს ტრამპი სხვა რამეს გულისხმობდა.

    "ეს მისი პოლიტიკური კარიერისთვის დიდი ზიანის მომტანია, თუმცა, არა "სასიკვდილო" დარტყმა. მას იმპიჩმენტი არ ელოდება მანამდე, სანამ კონგრესი მისი პარტიის ხელშია. თუმცა, ტრამპის მიმართ ნდობის ფაქტორი მცირდება მთელ დასავლეთში და მათ შორის, ისრაელში", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ თუკი ინფორმაციის გამხელას ვინმესთვის საფრთხის შექნა მოჰყვება, მისი გასაჯაროებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

     "თქვენს კითხვაზე პასუხს პუტინის რეაქციით დავიწყებ. მან ამ აჟიოტაჟს პოლიტიკური შიზოფრენია უწოდა. პუტინმა იტალიის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას ასე უპასუხა, აუცილებლად დავსჯი ლავროვს, რადგან მან არც მე გამიზიარა სადაზვერვო ინფორმაცია და არც საგარეო დაზვერვასო. რა თქმა უნდა, პუტინი ხალისობს ამ ფაქტით და მის ირგვლივ ატეხილი ხმაურით.

    "თუ რატომ გადასცა აღნიშნული ინფორმაცია ლავროვს ტრამპმა, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. მან მიზეზად ჰუმანურობა და რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.

    "მას, რა თქმა უნდა, ამის უფლება გააჩნდა. თუმცა, თუ ინფორმაციის გასაჯაროებით საფრთხე შეიძლება მის მომწოდებელს შეექმნას ან გაიშიფროს ინფორმაციის მოწოდების წყაროები, არხები, მეთოდები ან სხვა დეტალები, მასაც და მედიასაც თავი უნდა შეეკავებინათ", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    მისი თქმით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი თემის: რუსეთისა და სპეცსამსახურების საკითხების აქტიურად გამოყენება გრძელდება, რაც უახლოეს ხანებში შენარჩუნებული იქნება.

    "ორთავე თემა ტრამპის საწინააღმდეგოდაა მიმართული მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ, მაგრამ, ამავე დროს, ზიანი ადგება თვით ამერიკის სახელმწიფო სისტემის მდგრადობას.

    "ტრამპის საწინააღმდეგოდ სხვა სკანდალიც გრძელდება, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფის დათხოვნას და მასთან შესაძლო საუბარს ეხება. ალბათ, ეს ტენდენცია უახლოეს ხანებში შენარჩუნებული იქნება.

    "დონალდ ტრამპს მეტი წინდახედულობა და სიფრთხილე მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ისეთი შეცდომა დაუშვას, რომელსაც იმპიჩმენტის დაწყება მოჰყვეს. აშშ-ს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა უოტერგეიტსის სკანდალის სახით 70-იან წლებში.

    "იმის მიუხედავად, რომ მაშინდელ სკანდალს სხვა სპეციფიკა ჰქონდა, ისიც სპეცსამსახურების საქმიანობას მოჰყვა", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები წყაროს დადგენას შეეცდებიან.

    "რა თქმა უნდა, თუ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს რიგებიდან მოხდა ისრაელის სპეცსამსახურების მიერ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება, შესაბამისად, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები შეეცდებიან წყაროს დადგენას, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ სხვა ქვეყნების სადაზვერვო ქსელს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    რაც შეეხება ტერორისტული ჯგუფების შესაძლო გააქტიურებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ აღნიშნულს მომხდარ ფაქტთან არ დააკავშირებდა, რადგან თუ ტერორისტულ ორგანიზაციებს რამეს მოწყობა სურთ, ამას ლავროვი-ტრამპის სპეციფიკური საუბრის გარეშეც გააკეთებენ.

    "როგორც ისლამური სახელმწიფო, ასევე სხვა ტერორისტული ორგანიზაციები, მათი რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ისედაც აქტიურად მოქმედებენ. შესაძლოა, რამე საპასუხო აქტი მოაწყონ. თუმცა თუ რამეს გამკეთებლები არიან, ლავროვი-ტრამპის სპეციფიკური საუბრის გარეშეც გააკეთებენ", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (19.05.2017)
    hems komentarebs ratom agar aqveynebt? ar mogwont simartle? dafrtxit?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter