სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა ძლიერი დაბომბვის შემთხვევაშიც კი შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება"
    ნინო ქეთელაური
    22.07.2017

     რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ფინეთის ხელისუფლება მიწისქვეშა ქალაქს აშენებს. ფინეთის თავადაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია ჰელსინკის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა გვირაბის გაყვანა.

    მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიწისქვეშა ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სამოქალაქო დანიშნულებისაა, მაგრამ ომის შემთხვევაში ის შეიძლება თავშესაფრად რამდენიმე დღეში გადაკეთდეს.

    "ჩვენთვის კარგად ცნობილია მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და სწორედ ამის გათვალისწინებით ვაშენებთ მიწისქვეშა არხებს. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა ძლიერი დაბომბვის შემთხვეავშიც კი შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება," - აღნიშნეს ფინეთის თავდაცვის სამინისტროში.

    მიწისქვეშა ქალაქში შესაძლებელია განთავსდეს მთელი ჰელსინკის მოსახლეობა, დაახლოებით 600 000 ადამიანზე მეტი. კომუნიკაციის თანამედროვე სისტემა ევაკუციის დროს უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს და ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ ქვეყანა უსაფრთხო ადგილიდან მართოს.

    როგორც ფინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოების ძირითადმა ნაწილმა გაზაფხულზე ტესტირება უკვე გაიარა.

    ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფინეთის ხელისუფლებას ეს არა რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, არამედ ნატოში გაწევრიანების საკითხის წინ წამოსაწევად სჭირდება.

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, საეჭვოა, რომ ფინეთი ამით რუსეთისგან იცავდეს თავს, რადგან დღეს კრემლს ფინეთზე აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს.

    "რუსეთს ახლა იმის თავი არ აქვს, რომ ფინეთის მიმართ აგრესია განახორციელოს. თუმცა, შესაძლოა, ფინელები გრძნობენ საფრთხეს, ამას ვერ გამოვრიცხავ.

     "ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ფინელები ჯერჯერობით თავს იკავებენ ნატოს წევრობისგან და, შესაძლოა, ფინეთის ხელისუფლებას ეს სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობა შესაბამისად განაწყოს და ნატოში გაწევრიანების თემა პოპულარული გახადოს. უკანასკნელი გამოკითხვებით, ფინეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნატოში გაწევრიანების სურვილს არ გამოხატავდა.

    "ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს იყოს კარგად გააზრებული ღონისძიება, რომ აშენდეს მიწისქვეშა დიდი ობიექტი, რომელიც განკუთვნილი იქნება თავშესაფრისთვის," - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    მისი თქმით, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბალტიისპირეთი ნატოს წევრია, თუ ფინეთიც მისი წევრი გახდება, რკალი შეიკვრება.

    "რუსეთი სანამ ფინეთამდე მივა, ბალტიისპირეთი აქვს გასავლელი, გვერდით კი პოლონეთია. ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან და კრემლის აგრესია ფინეთის მიმართულებით, როცა მეზობლად ამდენი ნატოს წევრია, რთულად წარმოსადგენია," - აცხადებს ცინცაძე.

    რუსეთის მხრიდან ფინეთზე თვადასხმას ეჭვქვეშ აყენებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. მისი თქმით, ნაკლებად რეალურია, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ფინეთს თავს დაესხას, რადგან ცივი ომის დროსაც კი საბჭოთა კავშირს ფინეთზე არ განუხორციელებია აგრესია.

    "1973 წელს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშროლობის შესახებ. ამასთან, ფინეთი არის ნეიტრალური სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    რაც შეეხება იმას, რომ ფინეთი, შესაძლოა, ამით ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის დემონსტრირებას ახდენდეს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა, მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა სწორედ ამ მიზანს ემახურება, რადგან შვედეთშიც ნატოს წევრობის აქტუალიზაცია ხდება.

    "შვედეთიც ნეიტრალური სახელმწიფოა, თუმცა იქაც ხელისუფლება ცდილობს, რომ სიმპათია გამოხატოს ნატოში გაწევრიანების მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას ფინეთზეც. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან თავდასხმა ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია. ამასთან, ფინეთი ფინანსურად ძლიერი ქვეყანაა და შესაძლოა, მიწიქვეშა ქალაქი ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შენდებოდეს.

    "მართალია, საბჭოთა იმპერიის მიზანი იყო ფინეთის სრული დამორჩილება, მაგრამ ვერ შეძლო. ამიტომ, იმედია, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ გამოცდილებას გაითვალისწინებს," - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი საფრთხისგან თავდასაცავად მაინც მისასალმებელი წამოწყებაა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (22.07.2017)
    უცნაური გადაწყვეტილებაა თუ ეს სიმართლეს შეეფერებაა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter