სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სანქციები განსაკუთრებით შეეხება ენერგო და საბანკო სფეროებს"
    ნინო ქეთელაური
    27.07.2017

     "თუ ამ სანქციებმა აშშ-ევროპის დაპირისპირება გამოიწვია, შესაძლოა, ეს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც აისახოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ევროპამაც დაუჭიროს მხარი," - ასეთია ექსპერტთა შეფასება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

    როგორც ცნობილია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობისა, ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს როგორც "დემოკრატებმა", ისე "რესპუბლიკელებმა."

    დოკუმენტში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ოფიციალური მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები, საქართველოზეცაა საუბარი, კერძოდ, მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.

    აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს კანონპროექტზე ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია, თუმცა, კანონპროექტის თანახმად, ამერიკის ლიდერს მოქმედი სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლება აღარ ექნება. მას, ასევე, ეკისრება ვალდებულება, რომ მოსკოვს პირდაპირ მოუწოდოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარის გაყვანისკენ.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ეს სანქციები ყველაზე მასშტაბურია 2014 წლიდან დღემდე და მას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ევროპაში.

    "საშიშია ეს სანქციები - ერთი მხრივ, რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, მეორე მხრივ, ევროპულ კომპანიებსაც ზღუდავს. ადრე ვისაუბრეთ ჩვენ, როცა პუტინი-მაკრონის შეხვედრას განვიხილავდით, რომ 500 ფრანგული კომპანიიდან სანქციების პერიოდში არც ერთ კომპანიას რუსული ბაზარი არ დაუტოვებია.

    "ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ევროპაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ანტირუსული სანქციებისადმი, ცდილობენ, მის გვერდის ავლას.

    "ახალი ამერიკული სანქციები შეეხება არა მხოლოდ რუსულ, არამედ არარუსულ კომპანიებსაც, განსაკუთრებით ენერგო და საბანკო სფეროებს. რუსული ბანკებისთვის საკრედიტო პერიოდის ვადა 30-დან 14 დღემდე მცირდება, რაც მათ სერიოზულად შეზღუდავს. შესაბამისად, ევროპული ბანკები ამ სანქციებს უნდა დაემორჩილონ.

    "იგივე სიტუაციაა ენერგეტიკაში. უცხოურ კომპანიებს ეკრძალებათ წელიწადში 5 მლნ დოლარზე მეტის დაბანდება რუსეთის საექსპორტო ენერგო ტექნოლოგიებში. 5 მლნ მიზერული თანხაა. პირდაპირაა ნახსენები "ჩრდილოეთ ნაკადი-2", რაც დააზარალებს პროექტში მონაწილე დასავლურ კომპანიებს.

    "რუსეთთან ენერგოსფეროში თანამშრომლობენ: "შელი", "ბრითიშ პეტროლიუმი" და სხვები. ევროპაში საპასუხო სანქციებზე ალაპარაკდნენ. ასევე, განიხილავენ ამ სანქციების ევროპის სივრცეში იურისდიქციის საკითხს.

    "ასე რომ, ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა თუ წინააღმდეგობა შეხვდება სანქციებს ევროპაში. თუ სანქციებმა არ იმუშავა, ის აზრს კარგავს, თუმცა ჩვენთვის და უკრაინისთვის ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    რაც შეეხება სანქციების მიმართ ტრამპის უარყოფით დამოკიდებულებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს მსოფლიოში ვითარების დალაგება დიალოგის გზით სურს.

    "მე მას არ მივიჩნევ პრორუს პოლიტიკოსად. მიკვირს, რატომ დაუჭირეს მხარი რესპუბლიკელებმა, როცა პირველი დღიდან მუშაობაში ხელს უშლიან.

    "არ ვგულისხმობ ამ ახალ სანქციებს, ის ჩვენ სასარგებლოდაა და არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუმცა, არა მგონია, არსებითი შედეგები მოიტანოს იმ რეალობაში, რაც ზემოთ აღვნიშნე.

    "თუ ამან აშშ-ევროპის დაპირისპირება გამოიწვია, შესაძლოა, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც აისახოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანქციებს ევროპამაც დაუჭიროს მხარი. როგორ მოგვარდება ეს საქმე, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, როცა ტრამპი მოაწერს ხელს," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    სანქციების მიხედვით, მოწოდებას, რომ საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარი გაიყვანოს, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მოსკოვი არ შეასრულებს.

    "ყირიმის საკითხს რუსეთი დახურულად მიიჩნევს და სანქციები კი არა, მთელმა მსოფლიომ დიპლომატიური ურთიერთობაც რომ გაწყვიტოს, მაინც არ დაიხევს უკან. დანარჩენ საკითხებზე რუსეთთან კიდევ შეიძლება ლაპარაკი.

    "თუმცა, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში ყველა მხარე ე.წ. მინსკი-2-ის შესრულებას ითხოვს. რუსეთიც თანახმაა მის შესრულებაზე და უკრაინას სთხოვს, განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს ორივე რეგიონს, ასევე, შეასრულოს სხვა პუნქტები.

    "ჯარს ყირიმიდან არ გაიყვანს. დონბასში კი, ვინც იქ მსახურობს, ალბათ უკვე ყველას დონბასის ჩაწერა და საბუთები აქვს.

    "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ აშშ-რუსეთის ყველა მოლაპარაკებისას, როცა სანქციების მოხსნის საკითხს დააყენებს რუსეთი, ამერიკის მხარე პირობად 2008 წლის შეთანხმების შესრულებას მოსთხოვს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის იქნება აშშ-რუსეთის დღის წესრიგში," - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ მოლდოვასთან მიმართებით პროცესი განსხვავებულად ვითარდება.

    "რუსეთში შიშობენ, რომ სანქციების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, რუსული ფინანსური აქტივების გაყინვა იყოს. ეს კი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, რადგან მათი რეზერვები ამერიკულ ბანკებშია განთავსებული. ამის მიუხედავად, რუსეთის უკან დახევა მოსალოდნელი არაა.

    "თუ მას ეკონომიკურად გაუჭირდა, ახალი კონფლიქტების გაღვივება უფროა მოსალოდნელი, ვიდრე უკან დახევა. ასეთი სცენარებისთვის საქართველო მზად უნდა იყოს და უკვე დავიღალე როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების გაფრთხილებით," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (11.08.2017)
    რუსეთისთვის ყველაზე დიდი და ეფექტური სანქცია არის ნავთობზე ფასების დავარდნა, მართალია ეს სხვა ქვეყნებსაც ზიანს მიაყენებს, მაგრამ არა ისეთს, როგორსაც რუსეთს, ამიტომ უნდა შემოიჭირონ ქამრები აშშ-მ, საუდის არაბეთმა და უნდა დააგდონ ბენზინზე ფასები, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში, რამაც გამოიწვია სსრკ-ს დაშლა, სხვა სახის სანქციები იქნება დონდლო და შორ პერსპექტივაზე გათვლილი, რაც არაეფექტური იქნება...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter