სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ომის დაწყების რეალური კონტურები გამოჩნდა"
    თიკო ოსმანოვა
    11.08.2017

     აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს - ქვეყნები ერთმანეთს ომით ემუქრებიან, თუმცა ეს მუქარა გადაიზრდება თუ არა რეალურ მოქმედებაში, ჯერჯერობით უცნობია.

    ქართველ ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ომის დაწყების კონტურებს ხედავს, ნაწილი კი ამას მხოლოდ რიტორიკად მიიჩნევს.

    აღსანიშნავია გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას გეგმავს - დიქტატორული რეჟიმი კონკრეტულად კუნძულ გუამს ემუქრება იმ გრძელ მანძილზე გამოცდილი ბალისტიკური რაკეტით, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ ამ ზაფხულს წარმატებით გამოსცადა.

    განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა სავარაუდო თავდასხმას გუამში არსებულ ადნერსენის საჰაერო ძალის ბაზაზე გეგმავს, რითაც "ამერიკას სერიოზულ გამაფრთხილებელ მესიჯს გაუგზავნიან".

    ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანს გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნა, რომ თუ კიდევ ერთხელ დაემუქრებოდნენ აშშ-ს, "მიიღებდნენ ცეცხლსა და მრისხანებას, როგორიც ჯერ მსოფლიოს არ უნახავს".

    "ჩრდილოეთ კორეას ურჩევნია, არ დაემუქროს ამერიკას, თორემ ცეცხლისა და ჩვენი რისხვის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მსოფლიოს არასოდეს უნახავს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

    ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მუქარა. იგი აშშ-ს ფართომასშტაბიანი ბირთვული შეტევით დაემუქრა.

    ცნობისთვის, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის რიტორიკა უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. ექსპერტების აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის ასეთი დაძაბული ვითარება არ ყოფილა.

    აქედან გამომდინარე, ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს მუქარა, შესაძლოა, რეალურ სამხედრო მოქმედებაში გადაიზარდოს, ამის კონტურები უკვე გამოკვეთილია.

    "დაპირისპირებამ სერიოზულ მასშტაბს მიაღწია, რთული ვითარებაა. ომის დაწყების რეალური კონტურები გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეამ პირდაპირ დაასახელა კონკრეტული დარტყმის ობიექტი - ეს არის გუამის კუნძულზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზა.

    "ჩრდილოეთ კორეა არის მცირე და საშუალო რაკეტების მქონე ქვეყანა და მას ყოველთვის შეუძლია მათი გაუმჯობესება. ამიტომ ვითარების ესკალაციის რეალური საფრთხეა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბირთვული ქობინები.

    "ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, არის ძალიან იმპულსური მმართველი, შეუძლია, ნებისმიერ რამეზე წავიდეს, მისი ქმედება არაპროგნოზირებადია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მაისაია.

    მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გასცა ბრძანება, რომ ამერიკაზე დარტყმა განხორციელდეს არამარტო ხმელეთზე, არამედ საზღვაო კორიდორიდანაც, რაც საკმაოდ საშიშია.

    "რუსეთს აქვს ვალდებულება, რომ ჩრდილოეთ კორეას სამხედრო კონფლიქტის დროს დახმარება აღმოუჩინოს. შესაბამისად, ომი თუ დაიწყო, ამაში რუსეთიც ჩაერთვება.

    "ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებიც საკმაოდ მკაცრია. ამიტომ ამ კუთხით ვითარება სერიოზულ დაპირისპირებამდეა მოსული. თანაც კორეის ლიდერმა გასცა ბრძანება, შემუშავდეს გეგმა ამერიკაზე დარტყმისა, რომელიც განხორციელდება არა მარტო ხმელეთზე, არამედ წყლიდანაც, საზღვაო კორიდორიდან და ეს ყველაზე საშიშია", - გვითხრა მაისაიამ.

    მისგან განსხვავებით, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის რიტორიკა შენარჩუნებული იქნება და ეს რეალურ სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება.

    "ვითარება საკმაოდ დაძაბულია, წინასაომარი რიტორიკაა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს საომარ მოქმედებებში არ უნდა გადაიზარდოს, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა. გამოუცნობ დიქტატორთან გვაქვს საქმე, მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ის თვითმკვლელია.

    "არა თუ 4 რაკეტის გაშვება ამერიკის ბაზის მიმართულებით, არამედ 1 რაკეტის გაშვებაც კი გამოიწვევს ამერიკის მყისიერ რეაქციას, რაც ომში გადაიზრდება, კონფლიქტი აღარ იქნება.

    "ასეთი სცენარის შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვერც ერთი ანალიტიკოსი ვერ იტყვის. არსებობს მონაცემები, რომ ჩრდილოეთ კორეას რამდენიმე ათეული ბირთვული ქობული აქვს. საუბარია მზა რაკეტაზე. რა თქმა უნდა, ამ შეიარაღებით ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მის მეზობლად მდებარე ქვეყნებისთვისაც. ვგულისხმობ სამხეთ კორეას და იაპონიას.

    "ასე რომ, ამ სახელმწიფოების ჩარევა საკმარისი იქნება, რომ საკმაოდ სერიოზული და მასშტაბური საომარი ვითარება მივიღოთ. ჩრდილოეთ კორეის მიმართ ინტერესი აქვთ ზესახელმწიფოებს - აშშ, ჩინეთი, იაპონია და რუსეთი. ყველა ამ სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალები ჰყავს და მათი ინტერესები როგორ დაუპირისპირდება ერთმანეთს და როგორ განვითარდება მოვნელები, წინასწარ ამის განჭვრეტა ძალიან რთულია.

    "თუმცა, დიდი ალბათობით, კორეას რუსეთი დაეხმარება. მოსკოვს გეოგრაფიულად აქვს იმის საშუალება, რომ ფარულად ან ღიად დაეხმაროს კორეას. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თვითმკვლელად არ მივიჩნევ, თუმცა ძნელია იმის თქმა, როგორ მოხდება ვითარების განტვირთვა", - უთხრა "რეზონანსს" სალუქვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter