სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჩრდილოეთმა კორეამ, ფაქტობრივად, იმიტაციური ბირთვული დარტყმა განახორციელა იაპონიაზე
    ნინო ქეთელაური
    01.09.2017

     აშშ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე და კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით სამხედრო ვარიანტს არ გამორიცხავს.

    ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი გუამის მიმართულებით განხორციელდება იმიტირებული დარტყმა, ეს იქნება აშშ-ის წინააღმდეგ წითელი ხაზების გადალახვა უკვე მეორედ და სავარაუდოდ, ტრამპი გასცემს ბრძანებას, რომ მოახდინოს პრევენციული დარტყმები ჩრდილოეთ კორეის ობიექტების მიმართულებით.

    როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, სამხედრო გადაწყვეტილება შესაძლებელია და დონალდ ტრამპი ქმედებების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

    აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 29 აგვისტოს ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა განახორციელა. რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

    მიუხედავად მოწოდებებისა, ჩრდილოეთი კორეა კვლავ რაკეტების გაშვებით იმუქრება. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, რაკეტის გამოცდა გუამის შეკავების ოპერაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

    ჩრდილოეთი კორეა ირწმუნება, რომ გამოცდა მიმართული იყო რეგიონში ამერიკელების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო სწავლებების წინააღმდეგ. გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ქმედებებს აღმაშფოთებელი უწოდა და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, კიმ ჩენ ინი ამას კიდევ განახორციელებს, რადგან მან უკვე გადალახა წითელი ხაზი, შესაბამისად, ჩრდილოეთი კორეა და აშშ ახლა უკვე მზად არიან, რომ საომარ ვითარებაში შეერკინონ.

    "ჩრდილოეთმა კორეამ, ფაქტობრივად, იმიტაციური ბირთვული დარტყმა განახორციელა იაპონიაზე. ბალისტიკურმა რაკეტამ გადაუფრინა იაპონიის სუვერენულ საჰაერო სივრცეს და ის წარმატებული აღმოჩნდა.

    "ამით გამოიცადა აშშ-ისა და იაპონიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რამაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. იმიტომ, რომ არც სახმელეთო და არც საზღვაო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა არაფერი გააკეთეს, მათ ვერ მოახდინეს რაკეტის თუნდაც დაზიანება", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    მისი შეფასებით, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეას უკვე შემუშავეული აქვს რეალური დარტყმის გეგმა.

    "ბირთვული რაკეტის გაშვება არ იყო ტესტური, ეს იყო საბრძოლო მდგომარეობაში განხორციელებული გასროლა, რაც წინა 13 შემთხვევისგან განსხვავდება. უბრალოდ, ამან ამჯერად განახორციელა იმიტაციით, რაკეტა დაიშალა 4 ნაწილად, რაც ნიშნავს, რომ გასროლა წარმატებული იყო.

    "სწორედ ამიტომაც იყო, რომ უშიშროების საბჭო შეიკრიბა რიგგარეშე, იაპონიის თავდაცის სამინისტრომ გამოხატა დიდი შეშფოთება და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი მაშინვე პენტაგონში გაემგზავრა", - ამბობს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისთან დაკავშირებით გაერო ფაქტობროვად უმოქმედოა.

    "ეს დამტკიცდა ბოლო რეზოლუციით. ჩრდილოეთ კორეაზე უკვე არ მოქმედებს ის სანქციები, რაც დაწესებულია უშიშროების საბჭოს მიერ. მისი მუდმივი წევრების მხრიდან პოზიციები არ არის ბოლომდე შეთანხმებული. შესაბამისად, ისინი ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოუაროან კიმ ჩენ ინს. ის ამას გრძნობს და კიდევ უფრო მეტად თავხედობს.

    "დაახლოებით, 60%-ანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ დარტყმას სწორედ ანალოგიური პრინციპით განახორციელებს გუამის მიმართულებით. შეიძლება, გუამიდან დაახლოებით, 500-1 000 კილომეტრში მოხდეს რაკეტის ჩამოვარდნა ან საერთოდან მას გადაუფრინოს.

    "ეს უკვე იქნება დარტყმა ამერიკის წინააღმდეგ. კიმ ჩენ ინი იმდენად არ გათავხედდება, რომ პირდაპირ მიაყენოს სარაკეტო დარტყმა გუამს და იქ განლაგებულ სამხედრო ბაზებს, მაგრამ მისი მიმართულებით რომ განხორციელდება დარტყმა, ეს სრულიად მოსალოდნელია", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

    ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ჩრდილეოთ კორეის მხრიდან შემდეგ მოქმედებას აშშ უკვე შესაბამისად უპასუხებს.

    "ტრამპის ადმინისტრაცია გახდა ძალიან მილიტარიზირებული. ეს კარგად გამოჩნდა ავღანეთის, ასევე, ირანის მიმართულებითაც, სადაც ტრამპმა დაიწყო საკმაოდ აგრესიული სამხედრო სტრატეგიის განხორციელება და ამის რეალური წარმოჩენა უკვე ოქტომბერში იქნება.

    "აშშ-ის ყველა საკვანძო თანამდებობას სამხედროები იკავებენ, რადგან მთავარ დასაყრდენ ძალად ტრამპმა სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლები აირჩია. შესაბამისად, სამხედროების პოზიცია იქნება უფრო ხისტი და უკიდურესად აგრესიული, რაც ტრამპისგანაც მომდინარეობს, როგორც ყოფილი სამხედროსგან და ეს მისი სტილია.

    "თუკი გუამის მიმართულებით განხორციელდება იმიტირებული დარტყმა, ეს იქნება წითელი ხაზების გადალახვა უკვე მეორედ აშშ-ის წინააღმდეგ და ალბათ, ტრამპი გასცემს ბრძანებას, რომ მოახდინოს პრევენციული დარტყმები ჩრდილოეთ კორეის ობიექტების მიმართულებით", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    gigi   (02.09.2017)
    unda ganadgurdes avadmyofi diqtatoris rejimi


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter