სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    09.09.2017

     გადალახავს თუ არა უკრაინის საზღვარს მიხეილ სააკაშვილი - ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხსაც 10 სექტემბერს სულმოუთქმელად ელოდება ყველა უკრაინაში და უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ორივე მხარეს დიდი აქტიურობა და სამზადისია.

    უკრაინის ხელისუფლებამ საზღვართან, კრაკოვეცის გამშვები პუნქტი მავთულხლართებით მაქსიმალურად გაამაგრა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი საზღვარზე არ შეუშვას. სააკაშვილი კი აანონსებს, რომ კვირას, დილის 10 საათზე საზღვრისპირა დასახლება პერემიშელში მედიისთვის ბრიფინგსაც გამართავს, ხოლო 14 საათისთვის უკრაინის პასპორტით ხელში საზღვარსაც გადაკვეთავს, სადაც მხარდამჭერები და უკრაინელი ოპოზიციონერები დახვდებიან.

    პარალელურად, საპროტესტო აქციის მზადება მიმდინარეობს კიევშიც.

    10 სექტემბერს, დილით უკრაინის საზღვარზე ყველა მიხეილ სააკაშვილის 3 ათასამდე მომხრესა და 60-ზე მეტ ჟურნალისტს ელოდება.

    უკვე გაცხადებულია, რომ მხარდამჭერთა ნაწილი კრაკოვეცში 9 სექტემბერს ჩავა, ნაწილი კი - 10-ში დილით. სააკაშვილის გვერდით რამდენიმე ევროპარლამენტარიც იქნება. მის გვერდით დგომას ასევე უკრაინის ოპოზიციური პარტიის, "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკოც და თავდაცვის ექსმინისტრი ანატოლი გრიცენკოც აპირებენ. ტიმოშენკო პოლონეთში გუშინ უკვე გაემგზავრა.საქართველოდან ექსპრეზიდენტის გვერდით დასადგომად უკრაინაში "ნაციონალებიდან" ხატია დეკანოიძე მიდის. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის შესაბამისად, პარტიის სხვა წევრებმაც მიიღონ წასვლის გადაწყვეტილება.

    სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური გაერთიანება "სამოპომოჩიც". ვრცელდება ინფორმაცია, რომ 7 სექტემბერს ჟენევაში სააკაშვილი შეხვდა უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, რომელთანაც დიდი დაპირისპირება და მტრობა ჰქონდა. როგორც უკრაინული მედია წერს, "მათი გზები კვლავ გადაიკვეთა".

    არავინ იცის, რა მოხდება კვირას. უკრაინის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, სააკაშვილი არ შეუშვას ქვეყანაში და ამისათვის საზღვრის დაცვაც უმკაცრესად გააძლიერეს.

    უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილი სელატიუკი აცხადებს, რომ სააკაშვილს საზღვარზე პასპორტს ჩამოართმევენ და არ შეუშვებენ. ასევე გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან.

    ამასთან, საზღვრის დაცვის სამსახური მოუწოდებს მოგზაურებს, 9-12 სექტემბერს კრაკოვეცის გამშვები პუნქტით არ ისარგებლონ, მოსალოდნელი მასშტაბური აქციის გამო. ასევე შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის დაშვებაც.

    მიზეზად სახელდება ის, რომ "ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და დეპუტატი კრაკოვეცის გამშვები პუნქტის სიახლოვეს მასობრივი აქციის ჩატარებას აანონსებს და ეს ქმნის კონფლიქტური სიტუაციისა და სხვა პროვოკაციების წარმოქმნის დამატებით რისკებს".

    პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა საკუთარი გეგმები შეცვალოს და 10 სექტემბერს უკრაინაში არ ჩავიდეს.

    "მეც მეეჭვება, რომ ამჟამად იმ ვადაში, რა ვადაც დათქმული აქვს, ჩავიდეს უკრაინაში. არაერთხელ გაუკეთებია ანალოგიური განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით - აი, მოვდივარ, სხვა გზას მოვნახავ და ა.შ., მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები.

    "არც ახლა არის გამორიცხული გეგმების ცვლილება. მაგალითად, დატოვოს ვერსია, რომ ჩავალ სხვა დროს. დაკავება სერიოზული მოვლენაა მისთვის, რადგან თუკი გადმოსცეს საქართველოს, მას, როგორც ჩანს, არ აქვს იმის იმედი, რომ საქართველოში მისი ყოფნა კომფორტული იქნება", - ამბობს საყვარელიძე.

    საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი რუხაძის განცხადებით, სააკაშვილმა ისეთი ფორმით დააანონსა უკრაინაში ჩასვლა, რომ ამაზე უარის თქმა, ნებისმიერი მიზეზის გამო, ძალიან გაუჭირდება. თან, უარი პოლიტიკური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება. ამიტომაც ის უკრაინის საზღვარზე აუცილებლად გამოჩნდება. მით უფრო, რომ, რუხაძის თქმით, სააკაშვილი მარტო არ მოქმედებს, მის გვერდით არიან რიგი ევროპარლამენტარები, პოლონეთის პარლამენტის რამოდენიმე წევრი და უკრაინის ოპოზიციის ნაწილი.

    "პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მოქალაქეობის ჩამორთმევით პოროშენკომ სააკაშვილს სერიოზული საჩუქარი გაუკეთა, რადგან ის ძალიან აქტუალური გახადა არა მარტო უკრაინაში და მისცა შესაძლებლობა, ეს საკუთარი პოლიტიკური ამოცანისთვის გამოეყენებინა, რაც სააკაშვილმა რაღაც დოზით უკვე გამოიყენა კიდეც და უკრაინამაც, როგორც სახელმწიფომ, იზარალა," - ამბობს რუხაძე.

    მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად რომ არ იზარალოს, სააკაშვილი უკრაინაში არ უნდა შეუშვას და საზღვრიდან გააბრუნოს.

    გიორგი რუხაძე: "სააკაშვილის ბოლო ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ის გრძნობს შესაძლებლობას და პოლიტიკურ ქარიშხალს, გრძნობს, რომ ამ ყველაფრის გამოყენება შეუძლია და შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, მან უკან დაიხიოს. ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, თუ ამის შესაძლებლობას უკრაინის ხელისუფლება მისცემს. პოროშენკოს ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი იქნება, ის ან არ შეუშვას ქვეყანაში, ან თუ დააკავეს, მისი მალევე უკან გაბრუნება მოახდინოს იმ ქვეყანაში, საიდანაც შევიდა. ამასაც მოჰყვება დასავლეთიდან რეაგირება, მაგრამ ეს ყველაზე უკეთესი გამოსავალია".

    რუხაძის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი უკრაინაში შევიდა და ის შესაბამისმა ორგანოებმა დააკავეს, სააკაშვილი ეცდება, სასამართლოს გზით დაიბრუნოს მოქალაქეობა და საქმე სასამართლოში წავა. პარალელურად, რადგან მასზე განაცხადი არსებობს, უკრაინას შეუძლია, ის საქართველოს გადმოსცეს, ამას კი სასამართლო გადაწყვეტს.

    "იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი უკრაინაში დარჩება, ეს პოროშენკოსთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იქნება, რადგან არავინ დაიჯერებს იმას, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური სარჩულის გამო არ მოხდა. ხოლო საქართველოსთვის იქნება კიდევ უფრო უარესი, თუ ის ქართულ ციხეში აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში რეპუტაციულად საქართველო იზარალებს იმავე მიზეზით, არავინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილს პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო არ ასამართლებენ," - დასძენს რუხაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (09.09.2017)
    შეუშვებენ უარესი, არ შეუშვებენ უარესი, გადმოგვცემენ უარესი, არ გადმოგვცემენ უარესი, ამიტომ მასთან შარი სახიფათოა... მიშა მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პროცესს თავის სასარგებლოდ იყენებს, მას აქვს ორი პარტია სხვადასხვა ქვეყანაში, ანალოგი ალბათ არც არი, აქვს რეფორმების გატარების უნარი...საქართველოსთვის მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთისადმი პირდაპირ წინააღმდეგობის გაწევა, მას აქედან გაუჭირდება, უკრაინაში კიდევ შესძლებს ამის გაკეთებას და უკრაინა გახდება ევროპაში უძლირესი ქვეყანა, საქართველოსთვის ეს მომგებიანი იქნება...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter