სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    09.09.2017

     2004 წლიდან დღემდე რუსეთი 27 ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერია. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის მარშალის ფონდთან არსებული "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც ამერიკული "იუ-ეს-ეი თუდეი" აქვეყნებს.

    ამ კვლევის თანახმად, უცხო სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩარევა რუსეთმა პროდასავლურად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებით დაიწყო და შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებით გაგრძელდა.

    კვლევის მიხედვით, ჩარევის მეთოდები სხვადასხვანაირია - სამთავრობო საიტებსა და სერვერებზე ჰაკერული შეტევით დაწყებული და დეზინფორმაციის გავრცელებით დამთავრებული.

    "ალიანსს" ის ქვეყნებიც აქვს ჩამოთვლილი, რომლებიც ბოლო 13 წელიწადში რუსების სამიზნე გახდნენ: ბელორუსი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, საქართველო, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო, ჩეხეთი, შვედეთი და ესტონეთი.

    იმას, რომ ევროპის ქვეყნებში რუსულმა პროპაგანდამ მძლავრად მოიკიდა ფეხი, ქართველი პოლიტოლოგებიც ადასტურებენ და არაერთი მაგალითი მოჰყავთ. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, საქართველოში რუსეთის ჩარევის შედეგი მინიმალურია. "ქვეყნის საშინაო ჩარევის უამრავი საშუალება არსებობს. ყველაზე მწვავე ომია, სამხედრო ძალით ჩარევა. მაგრამ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არსებობს უამრავი სხვა მეთოდი, რომელსაც "რბილ ძალას" ეძახიან.

    "სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში ამ ბოლო დროს ამ მხრივ რუსეთი ძალიან გააქტიურდა. მაგალითად, კრემლი ახლა დაიწყებს აქტიურობას გერმიანში, სადაც არჩევნები ახლოვდება.

    "რაც შეეხება საქართველოს, აქ მისი ჩარევის შედეგს ვერ ვხედავ. თუ პოლიტიკაში მთავარი შედეგია, მაშინ გეტყვით, რომ ამას ვერ ვხედავ.

    "რუსეთის ჩარევის შედეგს ვერ ვუწოდებ "პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივას, ვინაიდან შედეგი სულ სხვანაირი უნდა იყოს. ჩვენთან არ არსებობს ძლიერი პრორუსული პოლიტიკური პარტია, არ არსებობს რუსეთის პოტენციური მეხუთე კოლონა, პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსულენოვანი მოსახლეობა. ამიტომ აქ რუსეთი თავის შესაძლებლობებში შეზღუდულია.

    "გარდა ამისა, კრემლი საქართველოსთან მიმართებაში ძალზე ფრთხილობს. აზერბაიჯანსა და სომხეთთან დაკავშირებით, ასე თუ ისე, გარკვეული აქვს თავისი პოზიციები. ჩვენთან უბრალოდ ცოტა ყურადღება აქვს გადატანილი ეკონომიკურ საკითხებზე და ამის უკანასკნელი მაგალითი იყო "გაზპრომთან" შეცვლილი ხელშეკრულება.

    "ასე წვრილ-წვრილ რაღაცებს იყენებს. როგორც ქართული ანდაზა ამბობს - პატარძალი პწკენა-პწკენით დააორსულესო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

    მისივე თქმით, რუსეთის მთელი რესურსი ახლა გერმანიაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, ეს არჩევნების შედეგებზე იქონიებს თუ არა გავლენას, ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგს უჭირს პროგნოზის გაკეთება.

    "შშ-ის საპრეზიდენტო საქმეებში ჩარევა, ჩემი აზრით, არის ნომერი პირველი საქმე. რუსეთი იქ ჩაერია და თანაც - ძალზე ეფექტურად. ამას შესაძლოა, გადამწყვეტი შედეგიც მოჰყვა. მართალია, ტრამპი ამას უარყოფს, თუმცა ბევრი, მათ შორის - დემოკრატები, ფიქრობენ, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე დღეს პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი იქნებოდა.

    "აშშ-ისა და ჰოლანდიის არჩევნების შედეგები ვფიქრობ, გერმანელებისთვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო. გერმანული პრესა წერს, რომ ბერლინმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა. მაგრამ ერთია გათვალისწინება და მეორეა რეალური მიდგომა. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ტრამპმაც აშშ-ში ბოლო ერთ კვირაში გაიმარჯვა", - გვითხრა ცინცაძემ.

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმითაც, რუსეთი ახლა ორინეტირებულია რბილი ძალის გამოყენებაზე და თანაც - ევროპის ქვეყნებში, რადგან, მისი აზრით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მან მაქსიმუმი გააკეთა.

    "ბევრი ცნობილი შემთხვევაა, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ჩარევა განახორციელა, ასევეა კიბერშეტევა ესტონეთში და შერთებული შტატების არჩევნები. გარდა ამისა, რუსეთის "გაზპრომი" ოფიციალურ ზეწოლას ახდენდა დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ენერგოკომპანიებზე, რათა გაეზარდა ბუნებრივი აირის ექსპორტი, რომ ამით გაეზარდა საკუთარი პოლიტიკური ზეწოლა როგორც ევროპის, ასევე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე.

    "აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ მეთოდების გამოყენებას - ე.წ. რბილი ძალის გამოყენებას - რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც პროდასავლურ პოლიტიკას ატარებენ.

    "რუსეთი ახლა ორიენტირებული იქნება "რბილი ძალის" გამოყენებაზე და არა - ხისტზე. ამაში იგულისხმება საინფორმაციო პროპაგანდა, რუსეთის კულტურული დღეების გამართვა და პოლიტიკური ძალების მოსყიდვა.

    "ვფიქრობ, გერმანიაში რუსეთის სამიზნე სოციალ-დემოკრატები იქნებიან, რადგან მისი ერთ-ერთი ლიდერი ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი 20-30 წლის განმავლობაში გახლდათ რუსეთის მოკავშირე", - გვითხრა ჩიტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter