სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    10.09.2017

     ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ რამდენჯერმე სცადა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა. წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის შეცვლითა და უკრაინელ მესაზღვრეთა კორდონის გარღვევის შემდეგ მან ეს შეძლო.

    შეგახსენებთ, რომ საზღვრის გადაკვეთის დრო და ადგილი სააკაშვილს წინასწარ ჰქონდა დაანონსებული. შესაბამისად, მის ამ აქციას რამდენიმე ასეულ მომხრესთან ერთად მედიის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა ადევნებდა თვალს.

    ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით "ფატალური შეცდომა" დაუშვა, სააკაშვილი დიდი პოლიტიკური თამაშის ეპიცენტრში აღმოჩნდა, სადაც თავს როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს.

    შესაბამისად, მოვლენების განვითარების სამივე სცენარი - ქვეყანაში შეშვება, უკან გაბრუნება, დაკავება - მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია.

     შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა, რის შემდეგაც მან უკრაინაში დაბუნება და, პირველ რიგში, მოქალაქეობის აღდგენისთვის სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა.

    იგი იმყოფებოდა ბრიუსელშიც, სადაც ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებები გამართა, შემდეგ კი პოლონეთში დაბრუნდა, რათა უკრაინის საზღვარი იქიდან გადაელახა.

    მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მიმართულებით გადაადგილება ავტობუსით დაიწყო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მათ შორის - უკრაინის ოპოზიციური პარტია "ბატრივშჩინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო და ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკი.

    უკრაინაში გადასვლას ის კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან გეგმავდა, სადაც მომხრეები ელოდნენ, მაგრამ მოგვიანებით გეგმები შეცვალა. სააკაშვილის განმარტებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ საზღვარზე მობილიზებული იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც პროვოკაციას აპირებდნენ, ამიტომ უკრაინაში გამგზავრება "ინტერსითის" მატარებლით გადაწყვიტა.

     თუმცა, მხარდამჭერებთან ერთად ვაგონში ასულს აცნობეს, რომ მატარებელი არ გაემგზავრებოდა, სანამ მას მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებდა.

    სააკაშვილის აზრით, ეს იყო პოროშენკოს პირადი ბრძანება, რომელიც პოლონეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

    "მათ იმდენად ეშინიათ ჩვენი, რომ მატარებელში მყოფი ხალხი აიყვანეს მძევლად. არ შეუძლიათ, მათ გააჩერონ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს ხომ პოლონეთის კანონმდებლობის წინააღმდეგ ხდება?!

    "რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, უკრაინის ტერიტორიაზე გააჩერონ მატარებელი, მაგრამ არა - აქ. ტერორისტი ვარ თუ ვინ ვარ, რა ტიპის საფრთხეს წარმოვადგენ მე ქვეყნის ან თუნდაც ამ მგზავრების წინააღმდეგ?! ცხადია, ისინი იქცევიან როგორც პოლონეთის, ასევე უკრაინისა და მიგრაციის კანონის წინააღმდეგ", - განაცხადა სააკაშვილმა.

    მოგვიანებით საქმეში ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ჩაერთო და პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის მიმართულებით მატარებელი გავიდოდა, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ადგილიდან არ დაძრულა.

     მას შემდეგ, რაც მგზავრებმა ვაგონების დატოვება გადაწყვიტეს, სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს განცხადება, რომ, მოქალაქეებისთვის უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, უარს ამბობდნენ უკრაიანში მატარებლით გამგზავრებაზე. თუმცა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში ნებისმიერი სხვა კანონიერი გზით დაბუნებას მაინც შეეცდება.

    ამის შემდეგ სააკაშვილი თავდაპირველ გეგმას დაუბრუნდა და საზღვრისკენ ისევ ავტობუსით გაემგზავრა, ოღონდ ამჯერად არა წინასწარ დაანონსებული კრაკოვიცეს, არამედ სრულიად სხვა - შეგინის სასასზღვრო-გამშვები პუნქტისაკენ.

    პოლონელმა მესაზღვრეებმა იგი დაუბრკოლებლივ გაატარეს, თუმცა უკრაინის მხრიდან მას საზღვარი დაკეტილი დახვდა. ამის საპასუხოდ უკრაინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ტერიტორია დანაღმული იყო.

    ამის შემდეგ საზღვრის უკრაინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის თანამოაზრეებმა მესაზღვრეთა კორდონი გაარღვიეს. შედეგად, სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ.

    პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მოვლენების განვითარების სამივე სცენარი სააკაშვილის სასარგებლოდ მოქმედებს და ამის საშუალება მას თავად პოროშენკომ მისცა.

     "როდესაც პოროშენკომ სააკაშვილს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩამოართვა მოქალაქეობა, მან მაშინვე დაუშვა ფატალური შეცდომა. აქედანვე გაასაგები იყო, რომ სააკაშვილი, როგორც ნამდვილი "პოლიტიკური ცხოველი", ამას მაქსიმალურად გამოიყენებდა და შეეცდებოდა, პოროშენკოს შეცდომაზე საკუთარი თავის პოლიტიკური აქტუალიზაცია და რეაბილიტაცია მოეხდინა.

    "პირინციპში, პოროშენკოს შეცდომის გამო ჩამოყალიბდა სიტუაცია, როცა მოვლენების განვითარების სამივე სცენარი სააკაშვილის სასარგებლოდ მოქმედებს - როგორც ქვეყანში არშეშვება, ისე შეშვება ან დაკავება და ექსტრადირება. სამივე სცენარში მოგებული რჩება სააკაშვილი.

    "მეტსაც გეტყვით, ბოლო პერიოდში ის პოლიტიკაშიც საკმაოდ მარგინალიზებული იყო და პოროშენკოს ამ ნაბიჯმა მას საშუალება მისცა, რომ თვითრეაბილიტაცია მოეხდინა. ის აღმოჩნდა დიდი პოლიტიკური თამაშის ეპიცენტში, სადაც თავს როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს", - ამბობს ხუხაშვილი.

     რა იქნება სააკაშვილის შემდეგი ნაბიჯები? - პოლიტოლოგი ამბობს, რომ ახლა ის შეეცდება, პოროშენკოს დაშვებული შეცდომების რეალიზება მოახდინოს და თავად უფრო მეტი დივიდენდი მიიღოს.

    "მისი ამოცანაა, რომ რისი შესაძლებლობაც იქნება, იქიდან გამოწუროს მაქსიმუმი. ის, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ მაქსიმალურად მოახდინოს პოროშენკოს შეცდომების რეალიზება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ნერვიულობის ნიადაგზე პოროშენკომ კიდევ ახალი შეცდომა დაუშვას და უფრო მეტი დივიდენდი მიიღოს სააკაშვილმა.

    "მე შემიძლია გავთვალო, რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცევა სააკაშვილი, მაგრამ პოროშენკო კიდევ რამდენ სისულელეს ჩაიდენს, ამას ვერ გავთვლი. ამიტომ კონკრეტული ნაბიჯების პროგნოზირებისგან თავს შევიკავებდი", - ამბობს ხუხაშვილი.

    აღსანიშნავია, რომ საზღვარზე გადასვლის მცდელობის პროცესში, სააკაშვილმა განცხადებები საქართველოზეც გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნება მისი ცხოვრების მთავარი მიზანია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter