სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    27.09.2017

     საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, პირველი მცირე საპროტესტო აქცია გუშინ გამართა. აქციაზე მან უკრაინის სამედიცინო სფერო გააკრიტიკა და დააანონსა, რომ დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციას 17 ოქტომბერს გეგმავს, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინის ეროვნული გმირი ნადია სავჩენკოც შეუერთდება.

    გამეორდება თუ არა მაიდნის ისტორია, უცნობია, თუმცა ფაქტია, სააკაშვილი უკრაინის რეგიონებში მოსახლებასთან შეხვედრებს განაგრძობს და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი "მინისტრებს განზე გაწევს".

    მიხეილ სააკაშვილმა კიევში, მინისტრთა კაბინეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გუშინ გამართა. მიტინგში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის - ქალაქ გლუხოვის მერი მიშელ ტერეშენკო.

    აქციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრებს განზე "გაწევს". ამასთან, აქციაზე სააკაშვილმა უკრაინის სამედიცინო სფერო გააკრიტიკა. კერძოდ, მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოძველებულია. მიტინგის ორგანიზატორებმა კიევის ცენტრში ერთ-ერთი სამედიცინო მანქანაც მიიყვანეს.

    "ჩვენ 17 ოქტომბერს აქ დავბრუნდებით და უკრაინის მოსახლეობა მინისტრებს აქედან განზე გაწევს. ამის მერე ჩვენ გვექნება ნორმალური სასწრაფო დახმარება. ეს მანქანები წარმოდგენილი იქნება მუზეუმში, რომელიც იქნება კორუფციის მუზეუმი," - აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

    ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ არ განაბაჟებინა ნიდერლანდების მიერ ქალაქ გლუხოვისთვის ნაჩუქარი სასწრაფო დახმარების თანამედროვე მანქანა. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, პრემიერ ვლადიმერ გროისმანის გადაწყვეტილების შედეგად, მაქანა უკან, ნიდერლანდებში გაბრუნდა.

    მისივე თქმით, დედაქალაქში იმ ხალხთან ერთად დაბრუნდება, ვინც პოროშენკოს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა. აქციაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერების გვერდით ხალხთან ერთად მოქმედი დეპუტატებიც დადგებიან.

     სააკაშვილის დაანონსებულ აქციაზე უკრაინის ეროვნული გმირი ნადია სავჩენკოც მივა. მას პრეზიდენტ პოროშენკოს ბოლო პოლიტიკური ნაბიჯები არ მოსწონს. სავჩენკოს მიაჩნია, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით პოროშენკომ საკუთარი იმიჯი უფრო დააზიანა, ვიდრე თავად სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი საპასპორტო კონტროლის გვერდით ავლით გადალახა, რაშიც მას მისი მხარდამჭერები დაეხმარნენ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყანაში არშეშვების შესახებ, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის მომხრეებთან ერთად საზღვართან გააპროტესტა.

    ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მოსამართლემ ჯარიმის სახით 3 400 გივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის. მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter