სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვინ არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახალი მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და რა გეგმები აქვს მას კავკასიაში
    ეკატერინე ბასილაია
    09.10.2017

     ვაშინგტონი მოსკოვთან შემრიგებლურ ტონზე საბოლოოდ უარს აცხადებს, "რუსულ საფრთხეებთან" ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს, თანამდებობებზე ნიშნავს "ანტირუს ქორებს" და იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, აქტიურობისთვის ემზადება. კავკასიის რეგიონში კი მისი უპირველესი ინტერესი აზერბაიჯანია - ამგვარი პროგნოზები აშშ-ის ბოლოდროინდელი საკადრო დანიშვნების შემდეგ გაჩნდა.

    ამ პროგნოზებში საქართველოზე არაფერი თქმულა და ქართველი პოლიტოლოგების განცხადებითაც, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, დიდი ალბათობით, დარჩება ისეთივე, როგორიც ახლაა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის ბრძოლა რეგიონში აზერბაიჯანზე უფრო იქნება და ეს აშკარად ჩანს.

    სექტემბრის ბოლოს აშშ-ის სენატმა დაამტკიცა სახელმწიფო მდივნის ახალი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი ვიქტორია ნულანდი ოფიციალური მოსკოვის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის მომხრე უეს მიტჩელით ჩანაცვლდა. 30 წლის მიტჩელი ცნობილია, როგორც ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორი ვაშინგტონში და ის რუსეთს "თანამედროვე კართაგენად", პირქუშ, აგრესიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. არაოფიციალური ცნობით, იგი აქტიურად ლობირებს აშშ-ის მიერ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდების იდეას და რუსეთის საწინააღდეგო სანქციების გამკაცრებას.

    გარდა ამისა საუბარია, რომ ახალი მრჩევლისათვის მნიშვნელოვანი მისია იქნება პრორუსული ძალების დასუსტება იმ ქვეყნებში, სადაც რუსული გავლენა ბოლო პერიოდში გაძლიერდა. მაგალითად, მოლდოვასა და ბულგარეთში, ასევე ყურადღება მიექცევა უნგრეთთან ურთიერთობასაც, სადაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ღია პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და რაც, დასავლელ ანალიტიკოსთა შეფასებით, მთელი ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს.

    მიტჩელს ასევე სპეციალური მისია ექნება სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც მისი მთავარი ამოცანა იქნება აზერბაიჯანის მოწყვეტა რუსეთის გავლენის სფეროდან. ამ მიზნისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება და მთიანი ყარაბაღის პრობლემაში აქტიური მხარდაჭერა.

    30 წლის უეს მიტჩელი ორი წიგნის ავტორია. თავის ნაშრომებში იგი ავითარებს მოსაზრებას, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი და ირანი, იმ იმედით, რომ აშშ-ის დაცემა რეალურია, გამოცდას უტარებენ ვაშინგტონის სიმტკიცეს აშშ-ის მოწყვლადი მოკავშირეების მიზანში ამოღებით და საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიაზეც აქვს საუბარი. თავის წიგნში "მღელვარე საზღვარი" ის ამბობს, რომ აშშ-ს სჭირდება ახალი სტრატეგია საზღვრისპირა ალიანსების გამოყენებით.

    2017 წლის ზაფხულში, თავის სამოტივაციო წერილში, რომლის ადრესატიც სენატი იყო, მიტჩელი წერდა:

    "მე დაჟინებით მოვუწოდებ მოსკოვს, შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და ბალკანეთში, ასევე მტრული რეჟიმების მხარდაჭერა სირიასა და ირანში.

    "მე ასევე მხარს დავუჭერ მოქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების დაუცველობის ხარისხის შემცირებისკენ რუსეთის მხრიდან მათზე გავლენის მოხდენის ისეთი ბოროტგანზრახული ფორმების მიმართ, როგორებიცაა კორუფცია და დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს აქ ქვეყნებში ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას".

    მიტჩელის პარალელურად, საგარეო პოლიტიკის ფლანგზე აშშ-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სვლა განახორციელა. რუსეთში აშშ-ის ახალ ელჩად დანიშნული ჯონ ჰანთსმენი ასევე "ანტირუსი ქორების" რიგებიდანაა. სენატში მისი კანდიდატურის განხილვისას დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის რუსეთის საგარეო პოლიტიკა მთავარი გამოწვევაა და ეჭვი არავის ეპარება, რომ 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების ჩარევა მოხდა.

    პლუს, საგარეო ფლანგზე ასევე "ქორების" ჯგუფიდანაა უკრაინაში დანიშნული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერიც.

    ნიშნავს თუ არა ეს დანიშვნები აშშ-ის მიერ საგარეო ფლანგზე "ანტირუსული" პოლიტიკის გაძლიერება-გააქტიურებას, ამაზე ქართველ პოლიტოლოგებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

    "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ "რუსული საფრთხე" და "როგორ შეაკავონ რუსეთი" - ეს აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არის მიჩნეული, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის მეინსტრიმი ჯერ არ გამხდარა, რადგან ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვინც მოსკოვთან ხისტი პოლიტიკის წინააღმდეგია.

    მისი თქმით, ე.წ. ქორების დანიშვნა მაინც იმის შემდეგ დაიწყო, რაც ატყდა სკანდალი და დაიწყო გამოძიება ტრამპისა და მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირზე. სწორედ ამ სკანდალის შემდეგ ჩრდილში მოექცა რუსეთთან ურთიერთობებში შემრიგებლური პოზიციის მომხრე ჯგუფიც და გამოიკვეთა "ქორების ბანაკი".

    მთავარი კი ისაა, რა როლი და წონა ექნებათ "ქორებს" და ეს, მისივე თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია.

    "თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს არ აქვს ისეთი გავლენა, როგორიც მის წინამორბედებს სხვა ადმინისტრაციის დროს ჰქონდათ და ტილერსონი დაპირისპირებულია ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამიტომაც, მის მოადგილეს რისი გაკეთება შეეძლება, ეს რთული სათქმელია.

    "თუმცა, ამ ახალი მრჩევლის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურირებას დაიწყებს, ალბათ აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე ამ ქვეყნების პრობლემებს უფრო სწორად და რეალისტურად ასახავს," - მიიჩნევს კაკაჩია.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, აშშ და რუსეთი ისედაც ახალი "ცივი ომის" პირობებში არიან და ანტირუსული კადრების დანიშვნა ბუნებრივია, თუმცა ცოტა დაგვიანებულიც და თან, მარტო კადრები საკმარისი არ არის, მთავარი ამოცანაა, აშშ უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდეს "რუსული საფრთხის" წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგანაც "რუსეთი უფრო და უფრო ძლიერდება აშშ-ის შესუსტების ხარჯზე".

    "რუსეთი უფრო დიდ გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს ავლენს და ის გლობალური დონის სუპერსახელმწიფოდ გადაიქცა. ეს სირიის კონფლიქტმა უკვე აჩვენა. ისეთ დონემდე მივიდა საქმე, რომ რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო წვრთნებმა დასავლეთში უდიდესი პანიკა გამოიწვია. პლუს ამას, რუსეთში თავისი ფეხით ჩავიდა საუდის არაბეთის მეფე. აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთი და თურქეთი მოსკოვის წინაშე ფეხქვეშ არიან გაწოლილი. ასეთი ტენდენციების ფონზე დაგვიანებული ნაბიჯიცაა ვაშინგტონის მიერ თანამდებობებზე "ქორების" დანიშვნა," - ამბობს მაისაია.

    "დაგვიანების" მიუხედავად, მაისაიას თქმით, უკვე აშკარაა, რომ აშშ აქტიურ ქმედებებზე გადადის, მაგრამ არც რუსეთი ჩამორჩება, რადგან რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტი 3,5 ტრილიონი რუბლის დონემდე გაზარდა და არჩევნებზე რეგიონებში "ქორების" დასახელებას აპირებს, დღესაც კი რუსეთში რეგიონალური ლიდერების, გუბერნატორების 80% ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია.

    ამბობს, რომ აშშ-ში "ქორების" ამ დანიშვნას ისიც მოჰყვება, რომ ვაშინგტონი გააქტიურდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, კავკასიის რეგიონში კი ბრძოლა წავა აზერბაიჯანზე - რომ აშშ-მა როგორმე ბაქო გადაიბიროს.

    "კავკასიის რეგიონში საქართველოზე მეტად მნიშვნელოვანი აზერბაიჯანი ხდება. ჩვენ სად ვართ, თავად არ ვიცით," - მიიჩნევს მაისაია.

    ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანის გარდა ყურადღება ისევ იქნება უკრაინაზე და ალბათ, მიაწვდიან იარაღს, მაგრამ ეს იქნება თავდაცვითი შეიარაღება. ის საქართველოსთვის რაიმე იარაღის მოწოდებას გამორიცხავს.

    აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერი და ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ქართული. მწარე რეალობაა, რომ ამერიკელები ჩვენთან ნულიდან იწყებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესს და მაგალითად, მომავალი წლიდან 9 ბატალიონის მომზადების პროგრამას იწყებენ.

    "დანარჩენი კიდევ რა იქნება, მომავალში გამოჩნდება. რუსეთსა და აშშ-ს შორის ბრძოლა აზერბაიჯანზე უფრო იქნება, ეს ფაქტია. შემთხვევითი არ იყო, როდესაც აზერბაიჯანში გაიმართა ნატო-რუსეთის მოლაპარაკება," - დასძენს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter