სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    11.10.2017

     კატალონიამ დამოუკიდებლობის გამოცხადება ცოტა ხნით გადადო, ესპანეთის მთავრობასთან დიალოგის გამართვის იმედით. მადრიდი კი იმუქრება, თუ კატალონია ბრძოლას არ შეაჩერებს, კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რაც რეგიონის ავტონომიის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს.

    როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ ისევ ბუნდოვანია. ევროკავშირი აცხადებს, რომ არ დაეთანხმება კატალონიის დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და ბარსელონას მოუწოდა, არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან "ეს იქნება ცუდი კატალონიისთვის, ესპანეთისა და ევროპისთვის". საფრანგეთმა და გერმანიამ ერთიან ესპანეთს გამოუცხადეს მხარდაჭერა. საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში კატალონია ევროკავშირიდან გაირიცხება.

    ქართველი პოლიტოლოგების განცხადებით, ევროკავშირიდან გარიცხვა ბარსელონასთვის დამღუპველი იქნება, ამიტომაც ფრთხილობენ დამოუკიდებლობის მსურველები და ერთგვარი უკან დახევაც უკვე დაიწყეს.

    კატალონიაში ყველა 10 ოქტომბერს ელოდებოდა, რადგან წინასწარ იყო გაცხადებული, რომ პრეზიდენტი კარლეს პუჩემონტი ამ დღეს ადგილობრივ პარლამენტში მივიდოდა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის კენჭისყრა ჩატარდებოდა, რის შემდეგაც 1-ელ ოქტომბრის ე.წ. რეფერენდუმის პრაქტიკაში გატარება უნდა დაწყებულიყო. მთავარ მოედანზე საზეიმოდ შეკრებილი იყო ხალხიც. თუმცა საღამოს პარლამენტში მისულმა პუჩემონტმა დეპუტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადავადება სთხოვა.

    პუჩემონტის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანეთის მთავრობასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ იქნება.

    ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის კი რამდენჯერმე უკვე აქვს გაცხადებული, რომ ის ქვეყნის ერთიანობის თემაზე ვაჭრობას არ აპირებს და მადრიდი "მუქარის ფონზე" მოლაპარაკებებს არ წარმართავს. საუბარი არის იმაზეც, რომ გუშინ კატალონიის პარლამენტს დამოუკიდებლობა რომ გამოეცხადებინა, კარლეს პუჩემონტის დაკავების ბრძანება მადრიდიდან უკვე გაცემული იყო. თუმცა კატალონიამ უკან დაიხია.

    "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ კატალონიას დამოუკიდებლობის განხორციელება ძალიან გაუჭირდება, რადგან ესპანეთის მთავრობა არ დაუშვეს იმ პროცედურების განხორციელებას, რომლებიც კატალონიის მთავრობას ამ დამოუკიდებლობის იმპლემენტაციისთვის დასჭირდება. პლუს, მადრიდი მთელ კატალონიის მთავრობას არალეგიტიმურად გამოაცხადებს და მათ სანქციებს დაუწესებს, რასაც, დიდი ალბათობით, დესტაბილიზაციაც შეიძლება მოჰყვეს.

    "თუ პოლიცია ჩაერევა მასობრივად და დემონსტრაციებს დაშლის, ამას შეიძლება აჯანყებაც მოჰყვეს, მაგრამ იმედია, ასე არ მოხდება. სამოქალაქო ომის რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა კატალონიელები ამდენი წლის განმავლობაში თავისი თვითგამორკვევის მიღწევას ყოველთვის მშვიდობიანი გზებით ცდილობდნენ და აჯანყების გამოცდილება მათ არ აქვთ," - ამბობს გოგოლაშვილი.

    მისი თქმით, მთელი ეს პროცესი მძიმე დარტყმაა ესპანეთისთვის, რადგან ქვეყანა ფინანსური კრიზისიდან ბოლომდე გამოსული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დახმარებით კრიზისი შეჩერდა და ახლა ამ მოვლენებმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკური და სოციალური ფონი ისევ დაამძიმოს.

    ეს პროცესი ასევე მძიმედ აისახება თავად კატალონიისთვისაც, რადგან ევროკავშირი და არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს მათ დამოუკიდებლობას, ხოლო კატალონია ესპანეთში ყველაზე მდიდარი რეგიონია და ამ კეთილდღეობის დათმობა და ასე წყალში გადაგდება მათთვის რთული იქნება.

    პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ კატალონიის ამბებმა რაიმე გავლენა საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოახდინოს.

     "აფხაზებისთვის პროპაგანდის თვალსაზრისით ესპანეთში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება იმიტომ, რომ გამართლება აქვთ, აი, ევროპაშიც ხდება სეპარატიზმი, მსოფლიო ფრაგმენტაციისკენ მიდის, ამიტომ შესაძლებელია, ოდესმე აფხაზეთიც აღიარონ და ა.შ. თუმცა შეუძლებელია, კატალონიის მოვლენებმა აფხაზეთზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ჯერ ერთი, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა ძალიან ეფემერულია, ესპანეთის მთავრობამ რომ ჩაიქნიოს ხელი და თქვას, ვაღიარებო, ესპანეთის მოსახლეობა არ დაუშვებს ამას და ამასაც კი მთელ ესპანეთში მოჰყვება დესტაბილიზაცია. ამიტომაც აფხაზეთისთვის ამ ამბებს რეალური შედეგი არ ექნება. აფხაზეთის აღიარება არ მოხდება," - მიიჩნევს გოგოლაშვილი.

    "დიპლომატიური აკადემიის" რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებსა და ბარსელონაში მიმდინარე პროცესებს შორის არანაირი საერთო არ არსებობს და აფხაზებმა ეთნიკური წმენდის განხორციელების გამო მათი დამოუკიდებლობის როდესმე აღიარების ყველანაირი შანსი დაკარგეს.

    "აფხაზებმა ეთნიკური წმენდით თავად მოიჭრეს ყველა გზა და მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ეთნიკური წმენდა გაუჭრელი კოზირის კარტია. რეფერენდუმს ეთნიკური წმენდის შემდეგ არანაირი ძალა არ აქვს. 200 წელიც რომ გავიდეს, აფხაზებისა და ოსების რეფერენდუმს არც ერთი სერიოზული სახელმწიფო არ ცნობს, თუ ის პირველად თავად საქართველომ არ ცნო," - ამბობს ცინცაძე.

    მისი თქმით, კატალონიელი სეპარატისტები ნელ-ნელა ფხიზლდებიან და ამიტომაც კატალონიის ლიდერმა დამოუკიდებლობის გამოცხადება გადადო.

    "კატალონიამ უკან დაიხია. ევროპის პოზიციამ იქონია დიდი გავლენა. არავითარი დამოუკიდებლობა არ იქნება. თუ რახოი დიალოგს დათანხმდება, ლაპარაკი დაიწყება მხოლოდ ავტონომიის უფლებების გაზრდაზე," - აცხადებს ცინცაძე.

    მისი თქმით, კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ევროპას კარგს არაფერს უქადის. ევროპაში არის რეგიონები, რომლებშიც შესაძლოა, თვითგამორკვევის პროცესები გააქტიურდეს. ამიტომაცაა მთელი ევროპა კატალონიის ამ დამოუკიდებლობის წინააღმდეგი, მაგრამ არც კატალონია აღმოჩნდება კარგ დღეში.

    "თუ დამოუკიდებლობა გამოცხადდება და პუჩემონტი მომავალში პროცედურებს დაიწყებს, ამას კატალონიის ევროკავშირიდან ავტომატურად გარიცხვა მოჰყვება. არც კატალონია, არც შოტლანდია და რაც ვენეცია თავიანთ მომავალს ევროკავშირის მიღმა არ განიხილავენ. კატალონიას მოუწევს ევროკავშირის ყველა წევრთან ვაჭრობაზე დამოუკიდებელი მოლაპარაკების დაწყება. ვაჭრობაა იქ მთავარი პრობლემა და ამ მოლაპარაკებაში ვეტოს უფლება ექნება ესპანეთს. კატალონიის პროდუქცია ევროკავშირში იყიდება და ამ ბაზრის ჩაკეტვა კატალონიისთვის ძალზე რთული იქნება. სწორედ ამიტომ დაიწყეს გამოფხიზლება და პუჩემონტი ამბობს, მადრიდთან დიალოგი უნდა დავიწყოთო," - ამბობს ცინცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter