სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    27.10.2017

     დღევანდელი დღე, შესაძლოა, კატალონიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. დღეს ესპანეთის სენატში საგანგებო კენჭისყრა იმართება, სადაც კატალონიის ავტონომიის დროებით გაუქმება და კატალონიის რეგიონული ჟენერალიტეტისა (მთავრობის) და პარლამენტის დათხოვნა მოხდება, ასევე, 6 თვის განმავლობაში ვადამდელი არჩევნებიც გამოცხადდება. საპასუხოდ კი, კატალონიის მთავრობის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ კატალონიაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. მან ავტონომიის პარლამენტს მოუწოდა, ესპანეთიდან გამოყოფა ოფიციალურად გამოაცხადოს.

    კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გუშინ მთელი დღე მსჯელობდნენ ბარსელონაში, მადრიდის ერთგვარი ულტიმატუმის საპასუხოდ რა ნაბიჯი გადაედგათ - რეგიონის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, თუ მათი უფლებამოსილების გაუქმებამდე ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ თავად და ეს მომხდარიყო რაც შეიძლება მალე - დეკემბერში.

    კატალონიის ლიდერმა გუშინ ორჯერ გააუქმა წინასწარ დაანონსებული ბრიფინგი, სადაც, ადგილობრივ გაზეთ "ლა ვანგარდიას" მტკიცებით, პუჩდემონს ვადამდელი არჩევნების 20 დეკემბერს დანიშვნა უნდა გამოეცხადებინა. საბოლოოდ, საღამოს პუჩდემონმა კატალონიის რეგიონული მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ არჩევნების დანიშვნაში აზრს ვერ ხედავს, რადგან ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან საკმარისი გარანტია ვერ მიიღო იმაზე, რომ ეს ნაბიჯი კატალონიაზე მადრიდის პირდაპირი მმართველობის დამყარებას ხელს შეუშლიდა.

    "მზად ვიყავი, არჩევნები გამომეცხადებინა, თუკი გარანტია იქნებოდა. დღეს არ არსებობს გარანტიები, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაამართლებს," - განაცხადა პუჩდემონმა და კატალონიის პარლამენტს მოუწოდა: "ახლა კატალონიის პარლამენტის ჯერია, რომელსაც შეუძლია, ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღოს და იმ მანდატით იხელმძღვანელოს, რომელიც 1 ოქტომბრის რეფერენდუმზე დადგა."

    გასულ შაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ მადრიდის მთავარი ამოცანაა, კატალონიაში სტაბილურობა და კანონიერება აღდგეს და ამიტომაც კონსტიტუციის 155-ე მუხლი ამოქმედდება, ავტონომიის სტატუსი დროებით შეჩერდება და ის მადრიდის დაქვემდებარებაში გადადის. ეს ნიშნავს, რომ კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი და მისი მთავრობის სხვა წევრები გათავისუფლდებიან. ახალი მთავრობის ასარჩევად კი ესპანეთი კატალონიაში არჩევნების ჩატარებას 6 თვის განმავლობაში აანონსებს. ესპანეთის სენატი ამ ზომებს დღეს, 27 ოქტომბერს, დაამტკიცებს.

     რახოის თქმით, "სიტუაცია საკმაოდ რთული გახდა, ვინაიდან კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ და ჟენერალიტეტმა საკუთარი თავი კანონგარეშედ დააყენეს, საზოგადოებაში განხეთქილება მოხდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სიტუაცია ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება და არჩევნები ამას გამოასწორებს."

    მისი თქმით, 155-ე მუხლის ამოქმედება ასევე მიმართულია იქეთკენ, რომ თავიდან აიცილონ მომავალი ეკონომიკური ზიანი, რაც კატალონიის "დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა" გამოიწვია.

    აღსანიშნავია, რომ 1-ელი ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ბარსელონაში დიდი აქციების გამო ბიზნესში პანიკა დაიწყო და კატალონიის მისამართზე არსებულმა 1000-ზე მეტმა კომპანიამ თავისი იურიდიული მისამართი გააუქმა და ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში გადაეწერა. ასევე, ბარსელონა დატოვეს მსხვილმა ბანკებმა. მიზეზად სახელდება არასტაბილური გარემო და ის, რომ კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში ეს რეგიონი ევროზონის სამართლებრივ სივრცეს დატოვებს, რაც ბიზნესს არ სურს.

    სწორედ მადრიდისთვის პასუხის გასაცემად, ორი დღეა, ბარსელონაში პუჩდემონი მთავრობის წევრებთან და დამოუკიდებლობის მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან ერთად მსჯელობს, რა უნდა გააკეთონ, თუკი მადრიდი ავტონომიის სტატუსს წაიღებს. ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ამ შეკრებაზე ვერა და ვერ მოხერხდა რაიმე კონკრეტული გეგმის შემუშავება.

    პუჩდემონის გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით "ევროპა პრესმა" დაწერა, რომ აზრი ორადაა გაყოფილი - ნაწილი მხარს უჭერს, კატალონიამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადოს, მეორე ნაწილის სურვილია, თავად გამოაცხადონ ვადამდელი არჩევნები და ამით დაასწრონ მადრიდს.

    ამიტომაც იყო, რომ გუშინ ორჯერ დაანონსდა კარლეს პუჩდემონის ბრიფინგი ბარსელონაში და ორივეჯერ გაუქმდა. საღამოს კი კატალონიური პარლამენტი შეიკრიბა ისევ ამ თემაზე სამსჯელოდ.

    შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა და მონაწილეების უმეტესობამ ესპანეთიდან დამოუკიდებლობას მისცა ხმა. რეფერენდუმის შემდეგ კატალონიამ მკვეთრი პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს, აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამავდროულად, ოფიციალური მადრიდი არ აღიარებს ხმის მიცემის შედეგებს და რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს. უფრო მეტიც, მადრიდი ბარსელონას ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევით და თუ საჭიროა, ძალისმიერი ზომებითაც ემუქრება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter