სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "კატალონიის ახალი ხელისუფლება არანაირ კონტაქტს არ დაამყარებს არც აფხაზეთთან და არც ცხინვალთან"
    ნინო ქეთელაური
    07.11.2017

     ბელგიის სასამართლომ ათსაათიანი მსჯელობის შემდეგ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა, თუმცა მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

    პუჩდემონი და მისი თანამოაზრეები თავისუფლები მხოლოდ მანამდე დარჩებიან, სანამ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ამასთან, ხუთივეს ბელგიის ტერიტორიის დატოვება აქვს აკრძალული და მომდევნო 15 დღის განმავლობაში სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ.

    აღნიშნულს "ტვიტერის" პირად გვერდზე გამოეხმაურა კარლეს პუჩდემონი, რომელმაც კატალონიის მთავრობის დაკავებულ წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა.

    "ჩვენი აზრებით ჩვენს მეგობრებთან ვართ, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრა დემოკრატიული პრაქტიკისგან შორს მყოფმა სახელმწიფომ", - დაწერა პუტჩდემონმა.

    შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუჩდემონისა და კატალონიის გენერალიტეტის ოთხი ყოფილი წევრის წინააღმდეგ დაკავების ევროპული ორდენი რამდენიმე დღის წინ გასცა. მათ ბრალი ამბოხსა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედებათ. პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას 2 დღის წინ თავად ჩაბარდნენ.

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, პუტჩდემონს და, ზოგადად, კატალონიის ხელისუფლებას დისტანციურად სიტუაციის მართვა გაუჭირდება.

    "ჩემი აზრით, კატალონიის განმათავისუფლებელ ლიდერებს ძალიან გაუჭირდებათ ვითარების მართვა. რა თქმა უნდა, მათ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე ზემოქმედება ექნებათ, მაგრამ არა მთლიანად საზოგადოებაზე იმიტომ, რომ, საერთო ჯამში, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს კატალონიის დამოუკიდებლობის იდეას. შესაბამისად, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის მხოლოდ 42-%-მა, ანუ რეფერენდუმზე არ გამოცხადდა ის ნაწილი, ვინც აპროტესტებდა კატალონიის დამოუკიდებლობას", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

    როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, კატალონიის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს, რომ მათი დამოუკიდებლობა ვერ შედგება.

    "ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა ვერ შედგება, რადგან ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა მათ ე.წ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამასთან, ესპანეთის ხელისუფლების მოქმედებებმა იმ ადამიანებსაც დაუკარგა კატალონიის დამოუკიდებლობის რწმენა, ვინც რამდენიმე დღის წინ ბარსელონის ქუჩებში ამ მოთხოვნით კატალონიის დროშას აფრიალებდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიას არ ჰყავს არც შეიარაღებული ძალები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    რაც შეეხება კატალონიისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ მთავრობების ურთიერთობას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

    "მე ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ კატალონიას ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კატალონიის ავტონომიის მომხრე იქნება, მაგრამ ამავე დროს ესპანეთის შემადგენლობაში. შესაბამისად, კატალონიის ახალი ხელისუფლება არანაირ კონტაქტს არ დაამყარებს არც აფხაზეთთან და არც ცხინვალთან, რადგან ორივე მათგანი საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმური წარმონაქმნია.

    "მით უმეტეს, რომ ესპანეთის ხელისუფლება ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე იქნება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter