სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    04.12.2017

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მის დაკავებას აანონსებს და მომხრეებს შენობების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამის მიზეზი "სახალხო იმპიჩმენტის" პროცესის დაწყებაა, რის გამოც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას 10 დეკემბრამდე დააპატიმრებს.

    პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესს წინ არაფერი უდგას და ბოლო დროს საქართველო-უკრაინას შორის კონტაქტის გააქტიურება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკავშირდება. ნაწილს კი სააკაშვილის დაპატიმრებაში ეჭვი ეპარება და მისი პოლიტიკური გეგმების განხორციელებას უფრო რეალურად მიიჩნევს. უკრაინულ მედიაში კი ვრცელდება ცნობები, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ახალ წლამდე მოხდება.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის დაპატიმრება და საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. მისი თქმით, ამას წინ არაფერი უდგას, თუმცა მთავარი ის უარყოფითი შედეგია, რასაც საქართველო ამ პროცესით მიიღებს.

    "სააკაშვილის პოლიტიკური მიზნები, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული საქართველოში დაბრუნდეს ან უკრაინაში დიდ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს, დიდი კითხვს ნიშნის ქვეშ დგას. არ გამოვრიცხავ, რომ მისი უკრაინაში დაპატიმრება და საქართველოში ექსტრადირება მოხდეს, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში ძალიან გააქტიურდა კონტაქტი ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის და გარდა სააკაშვილისა, მე მათ საკონტაქტო სხვა მოტივს ვერ ვხედავ.

    "თუმცა მთავარი მისი დაკავება და გადმოგზავნა არ არის, ეს პრობლემა არ იქნება, რადგან სააკაშვილის გამო მსოფლიოში ყურებზე აღარავინ დადგება, ყველას საკუთარი პრობლემები აქვს. მთავარია, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, პროცესი რამდენად დამაჯერებელი მართლმსაჯულებით იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ მხრივ არცთუ იმედისმომცემი მოგონებანი გვაქვს. გავიხსენოთ თუნდაც ბოლო, მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - მე, მაგალითად, ვერ გავიგე. ეტყობა, თარგმანშია პრობლემა?! მოუსმინეთ ნიკა მელიას და მერე თეა წულუკიანს. ეს ყველაფერი უკვე ძალიან არასოლიდურ ხასიათს იღებს და ქართული მართლმსაჯულება ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას ცივილიზებულ მსოფლიოში", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    მისი თქმით, სააკაშვილის სასამართლო სტრასბურგის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა ამ პროცესით საქართველოს მხოლოდ "იმიჯის მშრალი ნარჩენი დარჩება".

    "წინ არაფერი უდგას სააკაშვილის დაპატიმრებას, ის არსენა მარაბდელი არ არის და არც მის უკან არ დგას ფანატიკოსთა არმია. თვითონ სააკაშვილიც უკვე მეფე ლირად არის ქცეული. მაგრამ დაპატიმრების შემდეგ რა მოხდება? როგორი იქნება სასამართლო, იქნება დამაჯერებელი? მე ძალიან მეეჭვება. ალბათ იქნება სტრასბურგი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება და ამ სასამართლო პროცესის შემდეგ ქვეყანას იმიჯის თვალსაზრისით მხოლოდ მშრალი ნარჩენიღა დარჩება. მთელი მსოფლიო იწამებს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობაა? როგორ გეკადრებათ.

    "თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს სასამართლო პროცესი გადაფარავს საქართველოს მოსახლეობის უმძიმეს ეკონომიურ მდგომარეობას, ან იმ საშინელებებს და პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც ბოლო დროს დაგროვდა, ძალიან ცდება. თუ ამ ყველაფრის გადასაფარად უნდათ, კი, ბატონო, მაგრამ რამდენ ხანს გადაფარავენ პროცესებს? ამით მშიერი მოსახლეობა გაძღება? მორალურად დამშვიდდება ვინმე? არ მგონია.

    "მოსახლეობის უმეტესობას აბსოლუტურად არ აინტერესებს, სააკაშვილს გაასამართლებენ თუ არა. ალბათ ამით მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ მოიფხანს გულს", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    სააკაშვილის დაკავებაში ეჭვი ეპარება პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ამის საფუძველი უკრაინაში არ არსებობს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ აქტივობას, პოლიტოლოგის ვარაუდით, მარტო რაიმეს მიღწევა გაუჭირდება, ამიტომ ყველაფერი უკრაინულ საზოგადოებასა და მის პოლიტიკურ გარემოცვაზეა დამოკიდებული.

    "ეჭვი მეპარება, რომ მისი დაკავება მოხდეს. მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე კონკრეტული მიზეზი უნდა არსებობდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისა. ამიტომ არ მგონია, რომ მისი დაპატიმრება მოხერხდეს.

    "რაც შეეხება მის პოლიტიკურ აქტივობას, ალბათ მას მარტოს რაიმეს მიღწევა გაუჭირდება. ვერ იქნება ერთპიროვნულად სახალხო მოძრაობის ლიდერი, თუმცა მოკავშირეებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად შესაძლებელია საპროტესტო მოძრაობის დაწყება. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია იმაზე, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

    კითხვაზე, რამდენად დიდია ალბათობა, რომ უკრაინაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ჩიტაძე პასუხობს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შემოკრებილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ საზოგადოების მობილიზება მოახერხა, ამის შანსი ნამდვილად არსებობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter