სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.12.2017

     დოპინგ-სინჯების გაყალბებების გამო რუსეთის ეროვნული ნაკრები ზამთრის ოლიმპიადიდან მოხსნეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს შეეძლებათ, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ გამოუყენებიათ. თუმცა, ასპარეზობა არა ქვეყნის სახელით, არამედ ნეიტრალური დროშით მოუწევთ.

    გარდა ამისა, რუსეთის სპორტის სამინისტროს ყველა თანამდებობის პირს ოლიმპიური თამაშების აკრედიტაცია გაუუქმდა.

    მანამდე იმავე ბრალდებით სოკ-მა 14 რუს სპორტსმენს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგები გაუბათილა - მედლები ჩამოართვა და ოლიმპიადაში მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალა.

    სოკ-ის ვერდიქტი ეფუძნება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (ვადას) დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშს, რომელსაც რიჩარდ მაკლარენი ხელმძღვანელობს, მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის მიერ წარდგენილ მასალებს, სპორტსმენთა დოპინგ-სინჯების ლაბორატორიულ ანალიზსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებებს.

    ოსვალდის კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ დოპინგ-სქემაში ჩართულ სპორტსმენებს არ შეიძლება არ სცოდნოდათ სინჯების გაყალბების შესახებ, რადგანაც ისინი მთავარი ბენეფიციარები იყვნენ.

    "სპორტსმენები ამ სისტემის ჭანჭიკები არიან, მათი პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო სქემის განხორციელება," - წერია დოკუმენტში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ სპორტსმენთა გარეშე შეუძლებელი იყო შექმნილიყო "სუფთა" შარდის ბანკი შემდგომში სინჯების შესაცვლელად.

    ამ ბრალდებებს უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი.

    "700 სპორტსმენის, მწვრთნელების, რუსეთის ნაკრების მედპერსონალის, რუსეთის სპორტული ფედერაციებისა და რუსეთის ნაკრების სპორტული მომზადების ცენტრის თანამშრომელთა, ასევე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსა და ანტისადოპინგო ცენტრის წარმომადგენელთა დაკითხვის შედეგად, გამოძიებამ უარყო მაკლარენის დასკვნა და როდჩენკოვის უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთში სახელმწიფო დოპინგპროგრამის არსებობის შესახებ, რათა სპორტსმენებს მოეპოვებინათ მედლების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, გამოძიებამ ვერ დაადასტურა დოპინგ-ნიმუშების შეცვლის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები," - ასეთია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა.

    როდჩენკოვის წინააღმდეგ რუსეთში რამდენიმე სს-ის საქმეა აღძრული. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რუსეთის დოპინგ-მაქინაციებსა და დოპინგ-ნიმუშების შეცვლაში დადანაშაულებით, როდჩენკოვი ანტისადოპინგო ცენტრში თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას შეეცადა. როგორც საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, სწორედ როდჩენკოვი იყო დოპინგ-მაქინაციებში ჩართული და დოპინგ-სინჯებიც თავად შეცვალა, რადგან მას მიუწვდებოდა ხელი სინჯების ბანკზე.

    ამის პარალელურად გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე ზეწოლას ცდილობს. აღნიშნულის გამო სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მათი ნებისმიერი მცდელობა, გავლენა მოახდინოს სოკ-ის გადაწყვეტილებაზე, უშედეგოდ დასრულდებოდა.

    საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები არ ერევიან.

    "აბსოლუტურად სცდება ჩვენს კომპეტენციას, რომ ჩავერიოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ანტიდოპინგური ორგანიზაციის ფუნქციებში. ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. აქ ჩვენ ვართ მხოლოდ გვერდიდან მაყურებელი ადამიანები. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი შესაძლოა მოხსნან, როგორც ქვეყანა, მაგრამ ცალკეულ სპორტსმენებს მონაწილეობის მიღება ნეიტრალური დროშის ქვეშ შეუძლიათ, ანუ მათ ოლიმპიური რგოლების ქვეშ მოუწევთ გამოსვლა. ამ შემთხვევაში სპორტსმენები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, რომელშიც ალბათ ქვეყნის ფაქტორიც ერთვება," - აცხადებს მამუკა ხაბარელი.

    აქვე შეგახსნეებთ, რომ ზამთრის ყყ||| ოლიმპიური თამაშები სამხრეთკორეულ პიონჩანგში 2018 წლის 9 თებერვალს გაიხსნება და 25 თებერვალს დასრულდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter