სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    08.12.2017

     საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, როგორც ქვეყანა, ზამთრის ოლიმპიადიდან მოხსნილია და მისი სპორტსმენები მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეძლებენ ასპარეზობას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი ასეთ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთს ბრალად ედება დოპინგსინჯების გაყალბება, რის გამოც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გამარჯვებულ რუს სპორტსმენებს მედლები ჩამოერთვათ, 2018 წლის ოლიმპიადაში მონაწილე ნაკრებს კი ქვეყნის სახელით გამოსვლა აეკრძალა.

    რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინის პოზიციას იზიარებს რუსული საზოგადოების ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ საკითხში ერთსულოვნები უნდა იყვნენ და ზამთრის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები მხოლოდ ქვეყნის სახელით უნდა წარდგნენ.

    რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტის წევრის, დუმის პარლამენტარ იგორ ლებედევის განცხადებით, ოლიმპიური კომიტეტის ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მსგავსი ძლიერი ქვეყნის დამცირებაა და ამისთვის შესაბამისი პასუხის გაცემა მის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებით შეიძლება.

    ამ ფაქტს რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან, რუსეთში ოლიმპიადის შესახებ არანაირი მაუწყებლობა არ შედგება.

    თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სპორტსმენების ბოიკოტი გაუმართლებლად მიაჩნიათ. საუბარია რუს ათლეტებზე, რომელთა მტკიცებით, ისინი დოპინგს არ მოიხმარენ. ეს დადასტურებულიც არის და ოლიმპიური კომიტეტი მონაწილეობის უფლებას აძლევს.

    რუსეთის ვიცე-პრემიერ არკადი დვორკოვიჩის განცხადებით, ნეიტრალური დროშების წარდგენის მიუხედავად, რუს სპორტსმენებს რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ოლიმპიური ფორმები ეცმევათ და ყველას ეცოდინება, რომ ისინი რუსეთიდან არიან, ამიტომ ოლიმპიადაში მონაწილეობა ღირს.

    "მათ ეცმევათ ფორმები, რომლებზეც დატანილი იქნება თეთრი ლურჯი და წითელი ფერები. ჩვენ გვეცოდინება, რომ ისინი რუსეთიდან, რუსი სპორტსმენები არიან. ამიტომ ღირს ოლიმპიადაში მონაწილეობა", - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

    ზამთრის სახეობაში სპორტული კომენტატორი დმიტრი გუბერნევი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ფიონგჩანგში არ ჩავლენ, დიდი ალბათობით, ვერც ტოკიო-2020-ში მიიღებენ მონაწილეობას - "ამ შემთხვევაში კი ქვეყანაში სპორტი მოკვდება."

    ექსპერტი ვიაჩესლავ სმირნოვი ამ ფაქტს მეტად სამწუხაროს უწოდებს. მისივე თქმით, "ოლიმპიურმა კომიტეტმა მსხვილი ლურსმანი დააჭედა მსოფლიო სპორტს კუბოზე. მათი სანქციები, პირველ რიგში, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, სპორტსმენი დაშვებულია და მისი ეროვნული დროშა - აკრძალული. თუ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის დროშით გამოდიან ათლეტები, მაშ, რა საჭიროა ნეიტრალური დროშა. ოლიმპიადამ რუსეთი დაბლოკა"- აცხადებს სმირნოვი და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.

    "ეს მხოლოდ სპორტს კი არა, ცივი ომის ახალ წრეს უკავშირდება, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებს შიგნით მიმდინარე მოძრაობები სარკესავით ირეკლავს," - აცხადებს სმირნოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ სპორტსმენებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, წავლენ თუ არა სამხრეთ კორეაში.

    "ერთხელ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა და მეტჯერ აღარ უნდა გავიმეოროთ. პუტინის განცხადება არ უკრძალავს სპორტსმენებს წასვლა-არწასვლასა და ნეიტრალური დროშით გამოსვლას... არც რუსეთის საზოგადოებამ არ უნდა განსაჯოს ეს სპორტსმენები ასე. თუმცა ვიღაცებისთვის პირადი ინტერესები სახელმწიფოს პრესტიჟზე მაღლა დგას, ასე იყო ყოველთვის..." - წერს სმირნოვი.

    დუმის წევრ სვეტლანა ჟუროვას პროგნოზით, ფიონგჩანგში ის რუსი სპორტსმენები წავლენ, ვინც "სუფთაა" და სოჭის ოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობდნენ. "ოღონდ აუცილებლად რუსეთის დროშით. არადა, განიხილება ვარიანტები, რომლის მიხედვითაც, რუს სპორტსმენებს ოლიმპიური ან თეთრი დროშის დაჭერა მოუწევთ. თითქოს ჩვენები ოლიმპიადის ღირსები არ არიან. ასე აბსურდამდე მივდივართ..." - წერს ჟუროვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter