სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რუსეთს ამოქმედებული აქვს აგენტურული ქსელი ნატოს წევრ სახელმწიფოებში"
    გვანცა ღვედაშვილი
    21.12.2017

     "რუსეთის მიზანი საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება და სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, მათ შორის არჩევნებზე, რათა ხელისუფლების სათავეში რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკური ძალები მოვიდნენ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ რუმინეთიდან სერბი პრორუსი აგენტის გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებული სტრატეგიული სამხედრო რადარისთვის ფოტოების გადაღებას და მისი კოორდინატების გადაცემას ცდილობდა.

    რუმინეთის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ქვეყნიდან პრორუსი სერბი ნაციონალისტი გააძევა და ნატოს წევრ ქვეყანაში შესვლა 15 წლით მას შემდეგ აუკრძალა, რაც დადგინდა, რომ ის სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

    გაძევებული პირი, ბრატისლავ ჟივკოვიჩი, სერბეთის ჩეტნიკის შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურია. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებში ის ყირიმის მოვლენებში მონაწილეობდა პრორუსული ძალების მხარეს.

    როგორც რუმინეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ჟივკოვიჩი დაინტერესებული იყო საიდუმლო დოკუმენტების, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში მდებარე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვებით. იგი შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო რადარისთვის ფოტოების გადაღების მცდელობისას დაიჭირეს. სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, მან ვერ მოახერხა საიდუმლო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვება, თუმცა საფრთხეს უქმნის რუმინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რის გამოც მას "არასასურველის" სტატუსი მიანიჭეს და ქვეყნიდან განდევნეს.

    შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუმინეთის ტერიტორიაზე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსა, მოსკოვმა ის რუსეთისთვის სახიფათოდ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და საკმაოდ ართულებს ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობას მოსკოვსა და ბუქარესტს შორის, რის შესახებაც რუმინეთის ხელისუფლება ინფორმირებული იყო, თანაც სახალხოდ.

    როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიმართულია სხვა ქვეყნების საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებისა და ქვეყნების შიდა საქმიანობაში ჩარევისკენ. აქტიურად ახორციელებს აგენტურის შეგზავნას სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში.

    "ბუნებრივია, რუსეთს ამოქმედებული აქვს აგენტურული ქსელი, მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოებში და, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, კიდევ ვიხილოთ მსგავსი სცენარები. მით უმეტეს, რომ მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ამ მიმართულებით მოღვაწეობაა, თუკი შეგვიძლია, ამას მიმართულება ვუწოდოთ.

    "ამასთან, რუსეთის მიზანი საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება და სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, მათ შორის არჩევნებზე, რათა მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში", - განაცხადა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ შიდა საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებისგან თავდასაცავად ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთიანი კონტრსადაზვერვო საქმიანობა უნდა აამოქმედონ.

    "საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ, რაც კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე უნდა ამოქმედდეს. ამასთან, საჭიროა კოორდინირებული მუშაობა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად", - განაცხადა ჩიტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter