სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    26.12.2017

     აშშ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას იწყებს. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და თავდაცვითი სისტემების შექმნას ემსახურება.

    "ეიბისი"-ს ინფორმაციით, ჯამში სულ საუბარია 47 მილიონ დოლარზე, საიდანაც თანხის დიდი ნაწილი 210 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მოხმარდება. თუმცა, აღნიშნულს აშშ-ის ადმინისტრაცია ჯერ არ ადასტურებს.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ჯაველინების 36 დანადგარი, გამოყოფილი თანხის სოლიდურ ნაწილს, სულ მცირე, 20%-ს წაიღებს. მაგრამ რას მოხმარდება დანარჩენი თანხა, ამ დროისთვის უცნობია.

    "არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ნაწილი დაიხარჯება ამერიკელი სპეციალისტების უზრუნველყოფაზე. ყველა შემთხვევაში ეს საგრძნობი მხარდაჭერა იქნება.

    "რაც შეეხება ჯაველინებს, ნუ გვექნება ისეთი წარმოდგენა, რომ ამას გადამწყვეტი როლი ექნება ამ სამხედრო დაპირისპირებაში. მხოლოდ დონბასში არსებული კონფლიქტის ფრონტის ხაზი 300 კმ-ზე მეტია და ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება. საბრძოლო მოქმედებების არეალის გაზრდის შემთხვევაში კი შეიარაღებისა და ტექნიკის საჭირო რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

    "სხვათა შორის, არანაკლები ეფექტიანობის მქონე საკუთარი წარმოების ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გააჩნია როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ამის პარალელურად უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების გამწვავებას? - ანალიტიკოსი ამბობს, რომ იქ ბოლო პერიოდში მდგომარეობა უკვე საკმაოდ დაძაბულია.

    "საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მინსკის შეთანხმების საფუძველზე იყო შექმნილი, მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის არმიის ოფიცრებმა დატოვეს. რამდენიმე დღეა, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო სისტემებიდან, მათ შორის რეაქტიული დანადგარებიდან, ცეცხლი იხსნება.

    "უკრაინას ამ დაპირისპირების დროს შიდა სტაბილურობა, რეფორმები და ეკონომიკური აღმავლობა სჭირდება. ამავე დროს საჭიროა გონივრული ნაბიჯები საერთაშორისო არენაზე.

    "მოსკოვში იმყოფებოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. მოლაპარაკებათა ჩამონათვალში ერთ-ერთ პრიორიტეტად უკრაინის საკითხიც იყო. შედგა საუბარი პუტინსა და მერკელს შორის, რომლებიც შეთანხმდნენ რუსი ოფიცრების დაბრუნებაზე გერმანიის გარანტიით.

    "მანამდე კი პოროშენკომ განცხადება გააკეთა, რომ რუს ოფიცრებს ფრანგი და გერმანელი ოფიცრებით ჩაანაცვლებდა. გრძელდება საუბრები კონფლიქტის ზონაში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ჩაყენებაზე, რაზეც ასევე განსხვავებული მიდგომები აქვთ. უკრაინა ცდილობს სამშვიდობოების ჩაყენებას როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე რუსეთ-უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე, რასაც კრემლი ეწინააღმდეგება.

    "რუსეთის პოლიტიკური თოქ-შოუების საერთო განწყობით თუ ვიმსჯელებთ, საინფორმაციო მანქანა უკრაინის ფრაგმენტაციის მიმართულებით რამდენიმე თვეა, მუშაობს. 2018 წელს სამხედრო დაძაბულობა შენარჩუნებული იქნება. ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში არ ველოდები, თუმცა მშვიდობა ომის ზღვარზე იქნება.

    "უკრაინის მხრიდან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება. საწინააღმდეგო ვარიანტი კი დაახლოებით აფხაზური (ან ცხინვალის) სცენარი იქნება, რაც უკვე მიმდინარეობს: პასპორტიზაცია დასრულებულია, ადგილობრივი ორგანოები ჩამოყალიბებულია, ე.წ. არმია შეუქმნეს. ხალხის განწყობების შემოტრიალებაზე კი თვითონ კიევიც არაფერს აკეთებს", - აცხადებს სალუქვაძე.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეტევითი ხასიათის იარაღის გადაცემაზეა საუბარი, რადგან აშშ-მა თავდაცვითი იარაღი უკრაინას უკვე გადასცა.

    "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინისთვის და მე ვფიქრობ, აშშ-ს გარკვეული ზომები გაცილებით ადრეც უნდა მიეღო.

    "უკრაინას გარკვეული ტიპის თავდაცვითი შეიარღება აშშ-მა უკვე გადასცა, მაგრამ ახლა, დიდი ალბათობით, საუბარია შეტევითი ან ლეტალური იარაღის გადაცემაზე, რადგან იმისთვის, რომ ებრძოლო სეპარატისტებს, რა თქმა უნდა, აუცილებელია, შესაბამის შეტევითი ხასიათის იარაღს ფლობდეს ქვეყანა.

    "ამასთან, აუციებელია, რომ აშშ-მა დააფიქსიროს თავისი ინტერესი შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლინობას რუსეთისგან საფრთხე ემუქრება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (27.12.2017)
    ამერიკის მოყვარულები მინდა აქვე დავამშვიდო!დიდიხანი არ დააგვიანდება თქვენი საყვარელი გარყვნილი ამერიკის მთლიანად დაქცევას!!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved