სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    28.02.2018

     მარტში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი სანქციებით მორიგი შეტევას ამზადებს, ჯერ 12 მარტს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაფართოება იგეგმება, ხოლო აშშ-დან კეთდება განცხადება, რომ ვაშინგტონი ანტირუსულ ახალ სანქციებს უახლოესი 30 დღის განმავლობაში დააწესებს „კრემლის დოკუმენტში" მოხვედრილ პუტინის გარემოცვაზე, 200 რუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქზე.

    „პოლიტიკის ინსტიტუტის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებულმა წინა წლების სანქციებმა რუსეთს პრობლემები ისედაც შეუქმნა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, როდესაც ძალიან ბევრმა სახელმწიფომ უკვე დადებული კონტრაქტებიც შეაჩერა და რუსეთმა მილიონობით დოლარი იზარალა. ახლა კი, ახალი სანქციების ამოქმედება რუსეთს დამატებით მილიარდებს დააკარგვინებს და ამიტომაც ეს მოსკოვს ძალიან აშფოთებს და გაღიზიანებული რეაქციებიც გაისმის.

    „ეს მილიარდობით ზარალი იძლევა იმ შედეგს, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ ვითარდება. რთული სათქმელია საპასუხოდ რუსეთი რას გააკეთებს. მისი შურისძიების არსენალი ძალიან მწირია. მას არ აქვს შესაძლებლობა რაიმე ეკონომიკური ზარალი მიაყენოს აშშ-ს და ეს მშვენივრად იციან კრემლში"- აღნიშნავს კაკაჩია.

    მისი თქმით, ანტირუსულ სანქციებში ყველაზე მთავარი დინამიკაა, რადგანაც რუსეთს მოლოდინი ჰქონდა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამტკიცების შემდეგ მის წინააღმდეგ ნაბიჯები შერბილდებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა, პირიქით, სანქციები ფართოვდება და ხანგრძლივდება.

    „მოსკოვში მოლოდინი ჰქონდათ, რომ როგორც კი თეთრ სახლში სადავეებს დონალდ ტრამპი ჩაიბარებდა სიტუაცია გამოსწორდებოდა, მათ შორის სანქციები შერბილება მოხდებოდა, მაგრამ ეს არ გამართლდა. პირიქით, ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არა თუ შერბილებაზეა საუბარი, არამედ ახალი სანქციები დაედო და ეს არის მთავარი საფრთხე მოსკოვისთვის. თანაც, მოსკოვისთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ უკვე მოლოდინი აქვთ, რომ ეს არ გაჩერდეს და შავი სია უფრო და უფრო გაფართოვდეს და ბევრად მეტი ადამიანი აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა",- ამბობს კაკაჩია.

    პოლიტოლოგის აზრით, აშშ-ის სანქციებს პრევენციული ხასიათიც აქვს იმ კუთხით, რომ როდესაც ვაშინგტონი „შავ სიას" აფართოებს, ევროპელი მოკავშირებები სანქციების შერბილების საკითხის დაყენებასაც კი ვერ შეძლებენ.

    „ვიცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ რუსეთს მოეხსნას სანქციები, აშშ-ის ამ ახალი სანქციების ფონზე არა თუ მოხსნის, შერბილების საკითხსაც კი ვერ დააყენებენ,"- დასძენს კაკაჩია.

    ცნობისათვის, გუშინ ბრიუსელში „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ დონბასში აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაფართოება 12 მარტს იგეგმება.

    „სანქციები 150 სეპარატისტისა და რუსეთის იურიდიული პირების წინააღმდეგ 12 მარტს გაგრძელდება", - წერს ის.

    მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ სანქციები კიდევ 6 თვის განმავლობაში, 2018 წლის 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

    ერთი დღით ადრე კი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომდევნო 30 დღის განმავლობაში ახალ ანტირუსულ სანქციებს დააწესებს რუსეთის მხრიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

    „შეგიძლიათ იმედი იქონიოთ, რომ სანქციები უახლოესი 30 დღის განმავლობაში განხორციელდება", - განაცხადა მუნჩინმა კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოსვლისას..

    მნუჩინის თქმით ახალი სანქციები დაეფუძნება „კრემლის მოხსენებას", რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 30 იანვარს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტში დასახელებულია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული 200-ზე მეტი პირი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო კორპორაციების ხელმძღვანელები და ოლიგარქები. „შავი სია" რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდების გამო შეიქმნა.

    გარდა ამისა,16 თებერვალს, სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა წარმოადგინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების პირველი შედეგებიც, სადაც საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება წარდგენილი აქვს რუსეთის 13 მოქალაქეს და 3 იურიდიულ პირს. მათ შორის არიან პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი და „ტროლების ფაბრიკის" სახელით ცნობილი ორგანიზაციის, „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს" თანამშრომლები.

    ასე, რომ ახალი ანტირუსული სანქციების სიაში მოხვდებიან ამ გამოძიებით დადანაშაულებული კერძო თუ იურიდიული პირები და „კრემლის მოხსენებაში" შესული 200 რუსი. მაშინ ითქვა, რომ ამ „შავი სიის" გამოქვეყნება ამ პირების წინააღმდეგ სანქციების ავტომატურად დაწესებას არ ნიშნავდა, თუმცა საგულისხმოა ის, რომ მისი გამოქვეყნების დღესვე სიაში მოხვედრილი ბიზნესმენების კუთვნილი კომპანიების აქციების ფასი დაეცა და მათ მილიონობით ზარალი ნახეს.

    აშშ-დან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა მოსკოვიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ახალ ანტირუსულ სანქციებს უპასუხებენ.

    რა ფორმატში იქნება საპასუხო რეაგირება, მას ოფიციალურად არ დაუკონკრეტებია, თუმცა რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ეს "შეიძლება სხვადასხვა ფორმით" მოხდეს. მან ასევე განმარტა, რომ ვაშინგტონი ერთგანზომილებიანი, პრიმიტიული, არაეფექტური მეთოდებით მოქმედებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved