სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აშშ-სგან მწვავე სამხედრო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც რუსეთისთვის სირიაში ყოფნის დასასრული იქნება"
    ეკატერინე ბასილაია
    10.04.2018

     სირიის ომი ახალ ეტაპზე გადადის და რუსეთსა და აშშ-ის შორის დიდი დაპირისპირებისა და გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ცხელი ომის პოლიგონი ხდება. შაბათს სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან მორიგი ქიმიური დაბომბვა მოხდა ამჯერად ქალაქ დოუმაში, რასაც 49 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეეწირა. საპასუხოდ კი გუშინ დაიბომბა ავიაბაზა ჰომსის პროვინციაში, რომელსაც ბაშარ ასადის ძალები აკონტროლებენ.

    პარალელურად ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან "დიდი ფასის გადახდაზე" მუქარაც დაიწყო. დონალდ ტრამპი "არანორმალური ქიმიური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას რუსეთსა და ირანს აკისრებს, რადგან ისინი უჭერენ მხარს "ცხოველ ბაშარ ასადს" და აცხადებს, რომ "პასუხისმგებლები დიდ ფასს გადაიხდიან".

    რუსეთმა კი სირიის ძალების დაბომბვაში - ჯერ აშშ, შემდეგ კი ისრაელი დაადანაშაულა და ამტკიცებს, რომ ქიმიურ შეტევაზე "პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებაც" ამგვარი გარე დაბომბვების გასამართლებლად შემოაგდო დასავლეთმა. თანაც მოსკოვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ თუ დოუმის დაბომბვა სირიაში შეჭრის საბაბი გახდება, სერიოზულ შედეგებს მიიღებს.

    ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, სირია არის ახლო აღმოსავლეთის გასაღები, ამიტომაც აშშ-სა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური "დიდი ბრძოლა იქნება ბოლომდე" და კიდევ ბევრ ავიაიერიშებს უნდა ველოდოთ.

    გუშინ სირიის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათ ღამით ჰომსის პროვინციაში, ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების საჰაერო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, რასაც 14 სამხედრო ემსხვერპლა. სირიის ხელისუფლებამ და რუსეთმა ამ თავდასხმაში თავდაპირველად აშშ-ის ხელისუფლება დაადანაშაულეს, შემდეგ კი - ისრაელი. პენტაგონი სირიის აეროდრომის დაბომბვას კატეგორიულად უარყოფს. ვაშინგტონის შემდეგ იერიშთან კავშირი გამორიცხა საფრანგეთმაც.

    პენტაგონის წარმომადგენელ კრისტოფერ შერვუდის განცხადებით, აშშ კვლავაც ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მხარს უჭერს მისაღებ დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა დასაჯოს 7 აპრილს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში პასუხისმგებელი მხარე.

    სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას საეთოდ მთელი კონფლიქტის დროს, რომელიც 2011 წელს დაიწყო, მათ შორის შაბათს სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას დოუმაში, მეამბოხეთა კონტროლირებად გარეუბანში, სადაც 49 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა.

    ქიმიური თავდასხმის თემა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე შეხვედრაზე გუშინ 9 ქვეყნის მოთხოვნით. ასევე ევროკავშირმა განაცხადა, რომ "ხელმისაწვდომი მტკიცებულება მიუთითებს მორიგ ქიმიური თავდასხმაზე" სირიის რეჟიმის მხრიდან.

    ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა, რომლებიც სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ქიმიურ შეტევაზე მათი რეაგირება კოორდინირებული და ძლიერი იქნება და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

    "ისინი შეთანხმდნენ, რომ გაცვალონ ინფორმაციები ამ თავდასხმის შესახებ და კოორდინირებული ძლიერი პასუხი გასცენ მას", - ნათქვამია ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მანამდე კი დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ "არანორმალური ქიმიური თავდასხმის გამო პასუხისმგებლები დიდ ფასს გადაიხდიან. ტრამპი პირდაპირ აკრიტიკებს რუსეთის ლიდერს და აცხადებს, რომ "პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი არიან პასუხისმგებლები", "ცხოველი ასადის" მხარდაჭერის გამო.

    ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ მისმა წინამორბედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "გადაკვეთა წითელი ხაზი", როდესაც მან პირობა დადო, რომ ასადი პასუხს აგებდა ქიმიური შეტევების გამო და ეს არ შეასრულა.

    "სირიის კატასტროფა, შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულიყო. ცხოველი ასადი უკვე ისტორიას იქნებოდა ჩაბარებული", - აცხადებს ტრამპი.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ უარყოფს, რომ ქიმიური თავდასხმა მოხდა და გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "გრძელდება ინფორმაციის შემოგდება სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქლორისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების შესახებ." ასეთი საშიში პროვოკაციების შესახებ მათ ბოლო დროს არაერთხელ გააფრთხილეს.

    უწყება ამტკიცებს, რომ "ასეთ ცრუ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ამით ცდილობენ, გაამართლონ შესაძლო სამხედრო იერიში გარედან".

    ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის განცხადება თავდასხმის შესახებ მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედროების ახალი ქმედებების გამართლებას.

    მოლოდინია, რომ აშშ ახალ თავდასხმებს გეგმავს, რადგან ერთი წლის წინ სირიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შემდეგ ტრამპმა "ტომოჰავკების" ტიპის 59 რაკეტა გაუშვა და დაბომბა სირიის ის სამხედრო ბაზა, სადაც თავდასხმაში მონაწილე სამხედრო თვითმფრინავები იყო განლაგებული.

    ამჯერად ტრამპს ჯერ არ უთქვამს, როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის პასუხი, მაგრამ უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ბრძოლების საკითხში მრჩეველი ტომას ბოსერტი აცხადებს, რომ "მოვლენების განვითარების ვერანაირ ვარიანტს ვერ გამორიცხავს".

    ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სირიის ომი ახალ ეტაპზე გადადის და კონფლიქტის ძირითადი აქტორები - ერთი მხრივ აშშ, დასავლეთი და მეორე მხრივ რეგიონის ქვეყნები, მათ შორის რუსეთი სირიის მიწაზე ერთმანეთს უპირისპირდებიან, რაც უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს და უახლოეს პერიოდში ვითარების კიდევ უფრო გამძაფრებაა მოსალოდნელი, მათ შორის დიდი ავიათავდასხმებით.

    "ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ აშშ-მა მიზანმიმართულად გაანადგურა რუსული დაქირავებული ქვედანაყოფები, ე.წ. ვაგნერის დაჯგუფება და საუბარი საკმაოდ დიდ მსხვერპლზე იყო. თავიდან რუსეთმა მხოლოდ 15-მდე ადამიანის დაღუპვა აღიარა, მაგრამ როგორც ამბობენ, 120 ადამიანია დაღუპული. მსგავსი ქმედებები ისევ მოსალოდნელია.

    "აშშ და რუსეთი უშუალო დაპირისპირებაში, დიდი ალბათობით, არ შეიჭრებიან, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ მწვავე ხასიათს მიიღებს. თუ წლების წინ "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძოდა ყველა, ახლა ომი იქნება ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

    "ახლო აღმოსავლეთის დათმობას არ აპირებს როგორც აშშ, სხვა მოკავშირეებთან ერთად, ასევე რუსეთისთვის სირიიდან გამოსვლა იქნება, ფაქტობრივად, მთლიანი რეგიონის დაკარგვა, რადგან რუსებს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ბაზა მხოლოდ სირიაში აქვთ.

    "თუმცა ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსები ახალი ბაზის მშენებლობას სომალიში იწყებენ. ანუ, ახლომახლო რეგიონებში ეძებენ საზღვაო ფლოტისთვის ბაზირების პუნქტების შექმნას. ეტყობა, მოლოდინია, რომ სირიის დატოვება მოუწიოთ.

    "ფაქტია, რომ ტრამპის მწვავე განცხადების თანახმად, აშშ ასადის რეჟიმთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს და მეტ მწვავე სამხედრო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც რუსეთისთვის სირიაში ყოფნის დასასრული იქნება", - ამბობს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved