სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    11.04.2018

     აშშ-ის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს მიაღწია - ამის შესახებ "ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის" რეიტინგი მეტყველებს.

    როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ბოლო 14 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე აგრესიული, სერიოზული და ეფექტური დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე, რასაც მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს და შურისძიების შესაძლებლობის ძიებას სხვა მიმართულებით დაიწყებს.

    ამასთან, აღნიშნავენ, რომ ახლა რუსეთის ერთადერთი გამოსავალი ჩინეთია, რომელთან ურთიერთობაც, მისი ტერიტორიული პრეტენზიებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაცილებით ძვირი დაუჯდეს.

    შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის 24 მოქალაქესა და 14 კომპანიას. მათ შორის: "გაზპრომისა" და "ვნეშტორგბანკის" ხელმძღვანელებს, ალექსეი მილერსა და ალექსეი კოსტინს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს, დუმის დეპუტატ კონსტანტინ კოსაჩოვსა და მილიარდერებს: ოლეგ დერიპასკას, სულეიმან კერიმოვსა და ვიქტორ ვექსელბერგს.

    კომპანიებს შორის მოხვდნენ: "გაზპრომ ბურენიე", "როსობორონექსპორტი" და "რენოვა". სანქციების გამო გაიყინა ამ ფიზიკური და იურიდიული პირების ამერიკული საბანკო ანგარიშები და შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალათ მათთან საქმიანი კონტაქტები.

    6 აპრილსვე, როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რუსეთის მთავრობა მტრულ მოქმედებებში მონაწილეობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის აგრძელებს ყირიმის ოკუპაციასა და სირიის პრეზიდენტ ასადის მხარდაჭერას, ცდილობს დასავლური დემოკრატიების ხელყოფასა და მტრულ კიბერაქტივობას აწარმოებს.

    შესაბამისად, რუსი ოლიგარქები და ელიტა, რომლებიც სარგებელს იღებენ კორუმპირებული სისტემისგან, აღარ განიხილებიან მათი მთავრობის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის შედეგებისგან დამოუკიდებლად.

    როგორც ცნობილია, სანქციების შედეგად, ყველაზე დიდი ზარალი "ნორნიკელის" პრეზიდენტ ვლადიმერ პოტანინს მიადგა, რომლის ქონებაც 2,28 მილიარდი დოლარით შემცირდა.

    "რენოვას" კომპანიათა ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი დოლარი, ხოლო "ლუკოილის" ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტ ალეკპეროვმა 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა, 1,28 მილიარდი კი კომპანია "რენოვას" მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა იზარალა.

    ზარალს განიცდის კომპანია "რუსალის" პრეზიდენტი, მილიარდერი ოლეგ დერიპასკაც, რომელმაც "ბლუმბერგის" შეფასებით უკვე დაკარგა 905 მილიონი დოლარი, ხოლო "ფორბსის" მონაცემებით, 1,3 მილიარდი. ამასთან, ამერიკული სანქციების შემდეგ, "რუსალის" აქციების ფასი განახევრდა.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ სანქციებს საკმაოდ დიდი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, რადგან ის კრემლთან დაახლოებულ მილიარდერებს შეეხოთ, რუსეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათ ზარალს ბიუჯეტიდან აუნაზღაურებს, რაც მოსახლეობის ხარჯზე გადაივლის.

    "ძირითადად დაზარალდნენ კრემლის ახლო წრე და მთავარი ფიგურანტები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დარტყმები წერტილოვანი იყო. კრემლმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ყველაფერს იღონებს, რათა მათ ეს ზარალი აუნაზღაუროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ბიუჯეტიდან გააკეთებს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის ხაჯზე.

    "ამიტომ, რასაკვირველია, რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს გავლენას იქონიებს. თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია, ვინაიდან ჯერჯერობით, მეთვალყურის პოზიცია უკავია ევროპას.

    "ვნახოთ, როგორ მოიქცევიან დასავლეთის ბანკები. თუ ისინიც შეუწყვეტენ ფინანსირებას ამ სანქციებში მოხვედრილ რუსულ კომპანიებს, მაშინ ამის ხანგრძლივი ეფექტი გაცილებით მწვავე იქნება.

    "მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 14 წლის განმავლოაბში ეს არის ყველაზე აგრესიული, სერიოზული და ეფექტური დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე", - აცხადებს სოსო ცინცაძე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

    "პუტინი არ არის მიჩვეული დარტყმის უპასუხოდ დატოვებას. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის ფინანსური შესაძლებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადეკვატური იყოს.

    "ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამერიკული კომპანიები ფულს რუსეთში არ ინახავენ და მეორე, სად რუსეთის და სად აშშ-ის ეკონომიკა, სრულიად განსხვავებული განტოლებებია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა სხვა სფეროებში დაიწყოს შურისძიების შესაძლებლობის ძიება, მაგალითად, სირიაში ან სხვაგან, უფრო პოლიტიკური და სამხედრო თავალსაზრისით", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    მისი თქმით, დღეს მსოფლიო დაკავებულია ანალიზით, რამდენად დაზარალდება რუსეთი და თუკი აშშ-იც ჩათვლის, რომ ეს საკმარისი არ არის, კიდევ გააფართოვებს სანქციების წრეს.

    "რუსეთს ნაწილობრივ მაინც გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს კერძო კომპანიების ზარალი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან მწარე გაკევთილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ სიაში ჯერ არ მოხვედრილან. წარმოიდგინეთ, ახლა ისინი რა დღეში არიან, როცა ამ სანქციებისგან არავინაა დაზღვეული.

    "ერთი სიტყვით, აშშ-სა და დასავლეთს ისედაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა რუსეთთან და გასული პარსკევის შემდეგ კიდევ ათმაგად გაუარესდა", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    პოლიტოლოგის თქმით, ახლა რუსეთის ერთადერთი გამოსავალი ჩინეთია, თუმცა ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იმაზე დიდი რისკების შემცველი აღმოჩნდეს, ვიდრე დასავლეთის სანქციებია.

    "ეს ყველაფერი რუსეთს სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ აყენებს. ახლა უკვე მოსკოვის ერთადერთი გამოსავალი ჩინეთია, მაგრამ მასაც სუფთა, უანგარო და მეგობრული გრძნობები დიდ პოლიტიკაში არ აქვს.

    "ჩინელები კარგად სარგებლობენ რუსეთის გასაჭირით და თუკი მანამდე 10 წელი ყველანაირად გაურბოდნენ ხელშეკრულების დადებას მილსადენთან დაკავშირებით, ახლა ხელი მოაწერეს მას შემდეგ, რაც სანქციებისა და იზოლაციის წრეში მოხვედრილი რუსეთი იძულებული გახდა, ჩინელების პირობებს დათანხმებოდა.

    "ჩინეთის პრესა უკვე წერს კიდეც, ის დრო ისტორიას ჩაბარდა, როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის მოწაფეები, ახლა რუსეთი ხდება ჩინეთის მოწაფეო.

    "ე.ი. გამოდის, რუსეთმა დასავლეთის ვექტორი შეცვალა აღმოსავლეთით, მაგრამ ახლა უკვე, საუკეთესო შემთხვევაში, ჩინეთის უმცროსი პარტნიორის როლი ელის, ამასთან, უფრო საშიში რისკებით, ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზებიდან გამომდინარე", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved