სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მსოფლიო სახიფათო სისწრაფით ეშვება არასასურველისკენ
    ნინო ქეთელაური
    12.04.2018

     "აქ უკვე ნერვების თამაშზე მიდის საქმე. ორივე ამაყი, თავდაჯერებული, ყოყლოჩინა ლიდერია, არც ერთი მათგანი არ არის მიჩვეული საჯაროდ უკან დახევას, ამიტომ თოკის აქეთ-იქით გადაწევა შეიძლება კაცობრიობას ძვირად დაუჯდეს", ასე აფასებს სირიაში რუსეთ-ამერიკის მოქმედებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

    სოსო ცინცაძე: ტრამპი არ არის პატარა, სამმილიონიანი ღატაკი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი. ის არის მსოფლიოს ნომერ პირველი გიგანტი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახის შენარჩუნება. იგი ადრე დაიმუქრა, სირიას, ირანსა და რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდებათ ქიმიური იარაღის გამოყენებაო. შემდეგ კიდევ დაიმუქრა, ახლა მესამედაც დაიმუქრა და ამით უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრა.

    როგორც ჩანს, აშშ-ის მხრიდან რაკეტების გაშვება უახლოეს საათებში მოხდება, დარტყმა ყოველ წუთს მოსალოდნელია. როგორც თავად ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, ეს დარტყმა გაცილებით სერიოზული იქნება, ვიდრე შარშანდელი.

    "რ": რა პასუხს ელოდებით რუსეთისგან? მუქარა იქიდანაც მოვისმინეთ.

    ს.ც: რუსეთს რა შეუძლია? ადგება და ამერიკას დაბომბავს? ამას ვერ გააკეთებს. ტრამპს სირიაში არ ჰყავს მნიშვნელოვანი მოკავშირე, გარდა ერთი პატარა ქალაქ დუმასი, სადაც ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. არა მგონია, რუსეთმა დღისით, მზისით, იმ ერთ ციცქნა ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები ამოჟლიტოს. თუმცა ვერ გეტყვით, პუტინს თავში რა აზრები უტრიალებს, ალბათ ისიც შეეცდება სახის შენარჩუნებას.

    "რ": ფიქრობთ, რომ ორივე სახელმწიფოს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს?

    ს.ც: დიახ, ორივე მხარე კუთხეშია მიმწყვდეული. ტრამპს არ შეუძლია, უპასუხოდ დატოვოს ის, რასაც რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადი აკეთებს და პუტინსაც არ შეუძლია, გადაყლაპოს ის, რასაც მის მთავარ მოკავშირეს უპირებს ტრამპი. სწორედ ეს ვითარებაა საშიში. აქ უკვე ნერვების თამაშზე მიდის საქმე. ორივე ამაყი, თავდაჯერებული, ყოყლოჩინა ლიდერია, არც ერთი მათგანი არ არის მიჩვეული საჯაროდ უკან დახევას, ამიტომ თოკის აქეთ-იქით გადაწევა შეიძლება კაცობრიობას ძვირად დაუჯდეს. თუმცა მე მხედველობაში არ მაქვს ბირთვული მესამე მსოფლიო ომი.

    "რ": მაშინ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს "ნერვების თამაში"?

    ს.ც: მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება. საბოლოო ჯამში, ისევ ცივი ომი იქნება, გამალებული შეიარაღებით. მართალია, პუტინი საჯაროდ აცხადებს, მე სულელი არ ვარ, რომ გამალებულ შეიარღებაში ჩავებაო, რადგან მან იცის, ეს რითიც დასრულდება, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ დარჩა, პუტინიც წავა ამაზე, მით უმეტეს, როდესაც მის ირგვლივ სულ უფრო და უფრო იკვრება წრე და იზოლაცია კიდევ უფრო მტკივნეული ხდება რუსეთისთვის.

    გარდა სანქციებისა, ახლა ცუკერბერგიც გამოვიდა საკმაოდ სკანდალური განცხადებით. მან თქვა, რუსეთთან ურთიერთობაში ცივი ომის რეჟიმში ვართო, ანუ "ფეისბუკიც" კი ცივი ომის რეჟიმშია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სოციალური ქსელების როლი კარგად მოგეხსენებათ.

    ამიტომ ყოველი მხრიდან ასეთ პრობლემებში ჩაფლული პუტინი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რთულად პროგნოზირებადია, რადგან, პრაქტიკულად, მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას. ერთი რამ კი ცხადია, საერთაშორისო ურთიერთობა ძალიან სახიფათო სისწრაფით ეშვება არასასურველი შედეგებისაკენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved